Facebook Twitter

ბს-778-753(2კ-კს-10) 27 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი/მ “..”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი

დავის საგანი _ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ “...” სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა(იხ. ს.ფ. 2-11).

2009 წლის 23 სექტემბრის განცხადებით ი/მ “..” დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ასევე ამავე სამსახურის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 მაისის შეტყობინებისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 31 ოქტომბრის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა და უკანონოდ დარიცხული გადასახადის გაუქმება (იხ.ს.ფ. 63-65).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ “..” სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 63-65).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “...”, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ.ს.ფ. 143-154).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ლ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 მაისის შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 22 აპრილის გაადწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ლ-ავას საჩივარი თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 მაისის შეტყობინების _ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება; ამასთან, რ. ლ-ავას სარჩელზე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 31 ოქტომბრის აქტის ბათილად ცნობის შესახებ შეწყდა საქმის წარმოება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 მაისის შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ლ-ავას საჩივარი თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 მაისის შეტყობინების _ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გამორიცხავს თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინპექციის 2000 წლის 31 ოქტომბრის აქტის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლებას _ დაარიცხოს ი/მ “...” გადასახადი. შესაბამისად, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან მიმართებაში, სახეზე იყო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი, კერძოდ, სახეზე არ იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობა _ პირდაპირი და უშუალო ზიანის ფაქტი (იხ.ს.ფ. 71-80, ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ “...” და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უკანონო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ 2000 წლის 31 ოქტომბერს საგანგებო ლეგიონის 2000 წლის 17 ოქტომბრის დავალებით ჩატარდა ი/მ ,,...” გასვლითი საგადასახადო შემოწმება და შესაბამისად, შედგა 2000 წლის 31 ოქტომბრის შემოწმების აქტი, რომლითაც მოსარჩელეს დაერიცხა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე ეკონომიკური საქმიანობისათვის გათვალისწინებული გადასახადი _ 5092 ლარი და ფინანსური სანქციის 100% - 5092 ლარი, დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობაზე _ 122.2 ლარი და სხვა გადასახადები, სულ _ 11954 ლარი. მოგვიანებით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი 6-წლიანი ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 მაისის ¹0001-739 შეტყობინებით განხორციელდა ი/მ ,,...” სახელზე რიცხული უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც საფუძვლად დაედო ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საქალაქო ინსპექციის 2000 წლის 3 ოქტომბრის შემოწმების აქტი. სწორედ ეს ადმინისტრაციული აქტი დაედო საფუძვლად გადამხდელის მიმართ გადასახადების დარიცხვასა და დარიცხული გადასახადების შესაბამისად გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/ოპითეკის უფლების რეგისტრაციას. Aამდენად, აღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მხარეს. სასამართლოს მტკიცებით, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერ მოხდება გადამხდელის ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ი/მ ,,...” საგადასახადო ბარათზე (პირად ბარათზე) კვლავ იქნება დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანება შემოწმების აქტით დარიცხული ან/და დარიცხული საურავის საფუძველზე გაზრდილი თანხის ოდენობით, რაც ხელს შეუშლის გადამხდელს აწარმოოს ნებისმიერი სახის სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის აიღოს სესხი და ა.შ, თუ არ მოახდენს დარიცხული თანხის გადახდას. ეს კი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს გადამხდელს და უსაფუძვლოდ ხელყოფს მის კანონიერ უფლებას, რაც, თავის მხრივ, 31.10.2000 წლის შემოწმების აქტის ბათილად ცნობაზე წარდგენილი სარჩელის დასაშვებად ცნობის უდავო საფუძველია (იხ.ს.ფ. 91-93).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი/მ “...” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე ამ ნაწილში არასწორი განჩინება დაადგინა, კერძოდ, საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევები სახეზეა, რის გამოც სსსკ-ის 393-ე მუხლის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 მაისის შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 22 აპრილის გაადწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 13 ივლისის ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რომან ლაგვილავას საჩივარი თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 მაისის შეტყობინების _ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება. სწორედ იმ საფუძვლით, რომ ზემომითითებული აქტები ბათილად იქნა ცნობილი, სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული გამორიცხავდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 31 ოქტომბრის აქტის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლებას, განახორციელონ ი/მ “...” მიმართ გადასახადის დარიცხვა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ დასაშვებია, თუ აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სადავო აქტით მოწესრიგებული საკითხი (ფაქტობრივი შემადგენლობა) აყენებს თუ არა პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელეს, რა დროსაც უნდა შემოწმდეს, აქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების გავლენის ხარისხი მოსარჩელის სუბიექტური უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში, ცხადია, რომ სადავო აქტით დაფიქსირებული მონაცემები უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენს მეწარმე სუბიექტის უფლება-მოვალეობებზე, შესაბამისად, მას უნდა მიეცეს უფლების დაცვის ადეკვატური პროცესუალური საშუალების _ სარჩელის მეშვეობით მისი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის რეალიზაციის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 31 ოქტომბრის აქტის საფუძველზე მოხდა ი/მ “...” გადასახადის დარიცხვა და შესაბამისად, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 მაისის ¹0001-739 შეტყობინების (ი/მ ,,...” სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ) გამოცემა, ამდენად, სწორედ სადავო შემოწმების აქტია მოსარჩელისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების საფუძველი. ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ი/მ “..” სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო აქტები მის მიმართ დარიცხული გადასახადის ამოღების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს, რომ გადასახადის გადამხდელის ბარათზე არსებული დავალიანების არსებობის გამო, მეწარმეს ხელი არ შეეშლება სამეწარმეო/ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივაციას, რომ ირღვევა მისი სუბიექტური უფლება რამდენადაც ი/მ ,,...” საგადასახადო ბარათზე (პირად ბარათზე) კვლავ იქნება დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანება შემოწმების აქტით დარიცხული ან/და დარიცხული საურავის საფუძველზე გაზრდილი თანხის ოდენობით, რაც ხელს შეუშლის გადამხდელს აწარმოოს ნებისმიერი სახის სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობა, აიღოს სესხი და ა.შ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი საფუძვლიანია და გაზიარებულ უნდა იქნეს, რადგან მართალია, სააპელაციო სასამართლოს მიჩნევით ხანდაზმული საგადასახადო შემოწმების აქტი გამორიცხავს მოსარჩელის მიმართ საგადასახადო დარიცხვების წარმოებას, თუმცა მეწარმის საგადასახადო ბარათზე (პირად ბარათზე) საგადასახდო დავალიანების ფიქსირება, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელს და ეს შესაძლებელია გახდეს მის მიერ, როგორც სამოქალაქო, ასევე საჯარო უფლება-მოვალეობების გამოყენების შეზღუდვის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ “...” მიერ კანონიერი ინტერესის არსებობა დასაბუთებულია, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.5 მუხლით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში არასწორად იმსჯელა ამ ნაწილში სარჩელის დასაშვებობაზე, უსაფუძვლოდ შეწყვიტა მასზე საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დასაშვებობის წინაპირობის არარსებობის გამო.

ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოტივები დასაბუთებულია, შეიცავს არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სახეზეა მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ “...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და სარჩელი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.