ბს-848-822(კ-კს-10) 29 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. თ-ურის კერძო საჩივარი თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.10წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თავდაცვის სამინისტრომ 04.12.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ რ. თ-ურის მიმართ, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მოპასუხისათვის 23101.98 ლარის ჯარიმის, ზიანის სახით _ 5813.68 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 6930.59 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება მოითხოვა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.12.09წ. გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ. თ-ურს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 23101.98 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს სახით _ 6930.59 ლარი; მოსარჩელეს უარი ეთქვა რ. თ-ურზე ზიანის სახით 5813.68 ლარის დაკისრებაზე.
მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.12.09წ. გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში 26.02.10წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, რაც რ. თ-ურს 26.03.10წ. გაეგზავნა და 01.04.10წ. ჩაბარდა მის ძმას _ ა. თ-ურს.
რ. თ-ურის წარმომადგენელმა ე. თ-ურმა 12.04.10წ. შეგებებული სააპელაციო საჩვრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.12.09წ. გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.10წ. განჩინებით რ. თ-ურის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.12.09წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.12.09წ. გადაწყვეტილების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე 18.02.10წ. ჩაბარდა რ. თ-ურის რძალს _ თ. ქ-შვილს, რაც დასტურდებოდა ... ფოსტის გზავნილით (ს.ფ. 53), ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.04.10წ. იქნა წარდგენილი, ე.ი. კანონით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. თ-ურმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი შეგებებული სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორად გაავრცელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის მოთხოვნები და არასწორად უთხრა უარი საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ გაშვებული ჰქონდათ სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა. აღნიშნულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. ამ მუხლზე დაყრდნობით, შეგებებული სააპელაციო საჩივრით რ. თ-ურის წარმომადგენელი ე. თ-ური მოითხოვდა არა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის უარყოფას, არამედ მთლიანად 18.12.09წ. გადაწყვეტილების რ. თ-ურის სასარგებლოდ შეცვლას, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ 19.04.10წ. განჩინებით უარი უთხრა შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 369.1 მუხლი და ხანდაზმულობის გამო უთხრა უარი შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიღებაზე, მაშინ, როდესაც მის განხილვას რ. თ-ური ითხოვდა ამავე კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაშვებული ჰქონდათ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, რომელიც აითვლებოდა 18 თებერვლიდან, სსკ-ის 379-ე მუხლი აძლევდათ შესაძლებლობას სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 10 დღეში შეეტანათ შეგებებული სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი სააპელაციო საჩივარი რ. თ-ურს 01.04.10წ. ჩაბარდა. 9-11 აპრილი იყო დასვენების დღეები, ამიტომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანეს 12 აპრილს, რაც ადასტურებს კანონით განსაზღვრული ვადის დაცულობას. აპელანტს ძირითად სააპელაციო საჩივარზე უარი არ განუცხადებია და სააპელაციო სასამართლოს მიერ იგი წარმოებაში იქნა მიღებული, რაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. თ-ურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.12.09წ. გადაწყვეტილება 26.02.10წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად, საჩივარი რ. თ-ურს 26.03.10წ. გაეგზავნა და 01.04.10წ. ჩაბარდა მის ძმას _ ა. თ-ურს. რ. თ-ურის წარმომადგენელმა _ ე. თ-ურმა 12.04.10წ. შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.10წ. განჩინებით დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსარებას რ. თ-ურის მიერ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.09წ. გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ იქნა სსკ-ის 379-ე მუხლის საფუძველზე და მხარე სწორედ აღნიშნული მუხლით ითხოვდა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას (ს.ფ. 81). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, გაცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილი არის უქმე (შკ-ის მე-20 მუხ.), ხოლო 10 და 11 აპრილი – დასვენების დღეები, სსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად არ დასტურდება შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული _ 10-დღიანი ვადის დაუცველობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაცულობის და შესაბამისად საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო არა სსკ-ის 369-ე, არამედ სსკ-ის 379-ე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე. აპელანტს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი სააპელაციო საჩივარზე არ უთქვამს, სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ დატოვებულა, შესაბამისად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ვადის გაცდენის მოტივით რ. თ-ურის შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.10წ. განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით, რ. თ-ურის შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად, უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. თ-ურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.10წ. განჩინება;
3. საქმე რ. თ-ურის შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.