Facebook Twitter

¹ბს-1096-1054(კს-06) 28 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ......... ასოციაცია

'

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 23 მაისს საქართველოს ........ ასოციაციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ......... ასოციაციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადასცეს გასაცნობად საქართველოს .......... ასოციაციას, საჯარო ინფორმაციის სახით ყველა იმ დოკუმენტების ასლი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას: 1. თუ რა ღონისძიებებს მოხმარდა ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის გადასახდელებისა და ხარჯების ღონისძიებების კლასიფიკაციის მიხედვით 18 02 07 პუნქტებით გათვალისწინებული თანხები; 2) გადასცეს 18 02 07 და 18 02 12 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაციის ასლები.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად: “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად".

საქმეში დაცულია საფოსტო გზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2006 წლის 8 ნოემბერს (ს.ფ. 24). ამავე საფოსტო გზავნილიდან დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 20 ნოემბერს (ს.ფ.24), რაც დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს ბეჭდით და შესაბამისი ხელმოწერით (ს.ფ. 24). შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 5 დეკემბერს (ს.ფ.25), ე.ი. გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

აღნიშნული მუხლისა და საქმეში დაცული გზავნილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, კერძოდ, 2006 წლის 20 ნოემბრიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2006 წლის 4 დეკემბრის 24 საათამდე, მან კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 5 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად. მითითებული მუხლის დებულებები და გადაწყვეტილების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალიწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მე-2 ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

როგორც აღინიშნა, საქმეში დაცულია უწყება, რომელიც დამოწმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს ბეჭდით და შესაბამისი ხელმოწერით, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გადაწყვეტილების ასლი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაჰბარდა 2006 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, რაც შეეხება კერძო საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებს, აღნიშნული ვერ გახდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებს შორის საქმის გადანაწილება არ ცვლის დაწესებულებისათვის გზავნილის ჩაბარების ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.