Facebook Twitter
¹ბს-164-160(კ-08) 30 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ შპს ,,...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსდ ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია (მთავარი “არქმშენინსპექციის” უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ საჯარიმო თანხის დაკისრება; უნებართვოდ აშენებული ნაგებობის დანგრევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 20 მაისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – მთავარმა არქმშენინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ შპს ,,...” მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე შპს ,,...” დაიწყო მშენებლობა _ მშენებლობის სათანადო ნებართვისა და პროექტის გარეშე.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...” დაარღვია ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” პუნქტის ,,კ.ა” და ,,კ.ბ” ქვეპუნქტების მოთხოვნები. აღნიშნულის თაობაზე, 2004 წლის 7 აპრილს ქ. თბილისის მთავარი არქმშენინსპექციის მიერ მოპასუხის მიმართ შედგა ოქმი და 2004 წლის 1 ნოემბერს დამკვეთს ჩაბარდა ¹მი-458/11 მიწერილობა დარღვევის გამოსწორებისა და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. შპს ,,...” მიერ დარღვევა არ გამოსწორებულა, რის გამოც მთავარმა არქმშენინსპექციამ 2005 წლის 4 მარტის ¹მი-03/10 დადგენილებით მოპასუხე დააჯარიმა 3000 ლარით და 2005 წლის 13 აპრილის ¹მი-06/10 დადგენილებით დაავალა უნებართვო ნაგებობის დანგრევა, რაც შპს ,,...” მხრიდან არ შესრულებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შპს ,,...” ქ. თბილისში, აეროპორტის ტერიტორიაზე კანონმდებლობის დარღვევით აშენებული ნაგებობის საკუთარი ხარჯებით დანგრევის დავალდებულება და საჯარიმო თანხის – 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს შპს ,,...” საჯარიმო თანხის – 3000 ლარის ანაზღაურება და ქ. თბილისში, აეროპორტის ტერიტორიაზე კანონმდებლობის დარღვევით აშენებული ნაგებობის საკუთარი ხარჯებით დანგრევა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...” აეროპორტის ტერიტორიაზე სათანადო ნებართვისა და პროექტის გარეშე აწარმოებდა სამშენებლო საქმიანობას, რითაც დაირღვა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” პუნქტის ,,კ.ა” და ,,კ.ბ” ქვეპუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევად მიჩნეული იყო ობიექტის მშენებლობის დაწყება სათანადო ნებართვის გარეშე და მისი განხორციელება უპროექტოდ ან პროექტით, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი ექსპერტიზა დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არქმშენინსპექცია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების საკითხებს განიხილავდა მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებდა გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების თაობაზე. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, მას უფლება ჰქონდა გაფრთხილების შემდეგ, დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიების გაუტარებლობის შემთხვევაში მიეღო დადგენილება და სასამართლოში შეეტანა სარჩელი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ანდა დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილი იყო, რომ შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ არქმშენინსპექციის მიერ მიღებული დადგენილება უნდა აღესრულებინა დამრღვევს საკუთარი ხარჯებით. თუ დამრღვევი დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ აღასრულებდა არქმშენინსპექციის დადგენილებას, იგი აღსრულდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებითი წესით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მიწერილობის თანახმად, მოპასუხეს მიეცა 10 დღის ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა. თბილისის მთავარი არქმშენინსპექციის 2005 წლის 4 მარტის ¹მი-03/10 დადგენილებით მოპასუხე დაჯარიმდა 3000 ლარით და 2005 წლის 13 აპრილის ¹მი-06/10 დადგენილებით დაევალა უნებართვო ნაგებობის დანგრევა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ 2004 წლის 7 ოქტომბრის ოქმი და არც 2005 წლის 4 მარტის ¹მი-03/10 და 2005 წლის 13 აპრილის ¹მი-06/10 დადგენილებები მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა, თუმცა მას არც ნებაყოფლობით აღუსრულებია დადგენილებები.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დამრღვევი არ გადაიხდიდა ჯარიმას, არქმშენინსპექცია მიმართავდა სასამართლოს საჯარიმო თანხის ამოღების მოთხოვნით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის საჯარიმო თანხის _ 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრებისა და უნებართვო მშენებლობის დანგრევის დავალდებულების შესახებ იყო კანონიერი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მთავარი არქმშენინსპექციის დადგენილება და სამართალდაღვევის ოქმი არ გამოცემულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი როგორც ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება. ამასთან, შპს ,,...” სათანადო წესით არ ჩაბარებია სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად, არც გასაჩივრების საშუალება ჰქონია.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სამართლდარვევის ოქმის შედგენისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...” საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 26 ივნისს, 12.00 საათზე.
2008 წლის 9 ოქტომბერს შპს ,,...” შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მის საკასაციო საჩივარზე მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა, იმ მოტივით, რომ მან ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში შეიტანა განცხადება ქ. თბილისში, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენის განსათავსებლად ანგარის მშენებლობისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,...” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს ,,...” საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საკასაციო წარმოება (საქმე ¹164-160(კ-08) შპს ,,...” საკასაციო საჩივრისა გამო, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე), მოცემულ საქმეთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ საქმის დასრულებამდე.
2011 წლის 29 აპრილს შპს ,,...” განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განცხადებას დაურთო სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს” 2007 წლის 1 აგვისტოს ¹1-3/530 ბრძანება, რომლითაც შპს ,,...” საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენის ანგარის დაუმთავრებელი მშენებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი მისთვის საჯარიმო თანხის _ 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო კანონმდებლობის დარღვევით აშენებული ნაგებობის დანგრევის დავალდებულების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2004 წლის 7 აპრილს შპს ,,...” მიერ აეროპორტის ტერიტორიაზე სათანადო ნებართვისა და პროექტის გარეშე წარმოებული ვერტმფრენის დასაჯდომი ანგარის მშენებლობის გამო, ქ. თბილისის მთავარი არქმშენინსპექციის მიერ მოპასუხის მიმართ შედგა არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ 2004 წლის 7 ოქტომბრის სამართალდარღვევის ოქმი და 2004 წლის 1 ნოემბერს დამკვეთს ჩაბარდა ¹მი-458/11 მიწერილობა დარღვევის გამოსწორებისა და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. შპს ,,...” მიერ დარღვევა არ გამოსწორებულა, რის გამოც მთავარი არქმშენინსპექციის 2005 წლის 4 მარტის ¹მი-03/10 დადგენილებით მოპასუხე დაჯარიმდა 3000 ლარით და 2005 წლის 13 აპრილის ¹მი-06/10 დადგენილებით მოპასუხეს დაევალა აეროპორტის ტერიტორიაზე უნებართვოდ აშენებული ვერტმფრენის ანგარის დაუმთავრებელი ნაგებობის დანგრევა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არქმშენინსპექცია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის საკითხებს განიხილავდა მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებდა გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების თაობაზე. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, მას უფლება ჰქონდა გაფრთხილების შემდეგ, დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიების გაუტარებლობის შემთხვევაში მიეღო დადგენილება და სასამართლოში შეეტანა სარჩელი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ანდა დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილი იყო, რომ შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ არქმშენინსპექციის მიერ მიღებული დადგენილება უნდა აღესრულებინა დამრღვევს საკუთარი ხარჯებით. თუ დამრღვევი დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ აღასრულებდა არქმშენინსპექციის დადგენილებას, იგი აღსრულდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებითი წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დამრღვევი არ გადაიხდიდა ჯარიმას, არქმშენინსპექცია მიმართავდა სასამართლოს საჯარიმო თანხის ამოღების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ 2004 წლის 7 ოქტომბრის ოქმი და 2005 წლის 4 მარტის ¹მი-03/10 და 2005 წლის 13 აპრილის ¹მი-06/10 დადგენილებები მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა და არც ნებაყოფლობით აღსრულებულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,...” საჯარიმო თანხის _ 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არის საფუძვლიანი, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის აეროპორტის ტერიტორიაზე უნებართვოდ აშენებული ვერტმფრენის დასაჯდომი ანგარის დაუმთავრებელი ნაგებობის დანგრევის დავალდებულების ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 1 აგვისტოს ¹1-3/530 ბრძანების თანახმად, შპს ,,...” საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენის ანგარის დაუმთავრებელი მშენებლობა, რის გამოც შპს ,,...” მის საწესდებო კაპიტალში არ არსებული შენობის დანგრევის დავალდებულება საფუძველს მოკლებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი მისთვის საჯარიმო თანხის _ 3000 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინება, ხოლო უნებართვოდ აშენებული ნაგებობის დანგრევის დავალდებულების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, აღნიშნულ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის (ქ. თბილისის მთავარი არქმშენინპექციის უფლებამონაცვლე) სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი მისთვის საჯარიმო თანხის _ 3000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინება შპს ,,...” საჯარიმო თანხის _ 3000 ლარის დაკისრების ნაწილში;
3. შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი მისთვის უნებართვოდ აშენებული ნაგებობის დანგრევის დავალდებულების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინება შპს ,,...” უნებართვოდ აშენებული ნაგებობის დანგრევის დავალდებულების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის (ქ. თბილისის მთავარი არქმშენინპექციის უფლებამონაცვლე) სარჩელი შპს ,,...” უნებართვოდ აშენებული ნაგებობის დანგრევის დავალდებულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.