Facebook Twitter

¹ბს-310-307(კ-11) 21 ივნისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. კ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-შვილმა 19.02.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც საბოლოოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების: 05.09.09წ. ¹ბგ 0041760 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის), საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 25.09.09წ. ¹20/26-6-9-10591 გადაწყვეტილების, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 04.11.09წ. ¹20/7-12946 გადაწყვეტილებისა და საქართველოს შსს მინისტრის მოადგილის 04.01.10წ. ¹1 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.10წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10წ. განჩინებით ა. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.10წ. გადაწყვეტილება.

ა. კ-შვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოწინააღმდეგე მხარეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10წ. განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო პალატის 06.04.11წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ოქმში მოცემული ფორმულირება არსებითად არ განსხვავდება 117-ე მუხლის პირველი ნაწილში მოცემული ფორმულირებისაგან, სახეზეა ალკოჰოლური ტესტის ჩაბარებაზე მოთხოვნის უარყოფა, შემოწმებისათვის თავის არიდება. საქმის მასალებით ნათლად დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას, რაც მოცემული სამართალდარღვევის ფორმალური ხასიათიდან გამომდინარე, თავისთავად წარმოადგენს 117-ე მუხლით გათვალისწინებულ დასრულებულ ადმინისტრაციულ გადაცდომას. აღნიშნულს არ გამორიცხავს მოგვიანებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევას შეადგენს არა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის არსებობა, არამედ ასეთის დასადგენად სატრანსპორტო საშუალების მართვისას შემოწმებისათვის თავის არიდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლი, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 13.06.06წ. ¹768-161/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის” 1.4, 2.3 მუხლები ითვალისწინებენ უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენას ადგილზე შემოწმებით, შემოწმება ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით (ალკოტესტის აპარატით). უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ხდება ადგილზე შემოწმებით, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების მიზნით სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვის შესაძლებლობა არის მძღოლის უფლება და არა ვალდებულება, მას მნიშვნელიბა აქვს ალკოჰოლური სიმთვრალის დადგენილი ფაქტის გადამოწმებისათვის და არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდების უარყოფისათვის. საკანონმდებლო საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე კასატორის მოსაზრებები მართვის მოწმობის არარსებობის გამო მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება საქმეზე დადგენილ გარემოებებს და თვლის რომ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. შესაბამისად, ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ვინაიდან არარსებობს სასკ-ის 34-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 302-ე მუხლის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე, მით უფრო რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10წ განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ა. კ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 04.04.11წ. ¹65 საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 135 (ასოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.