Facebook Twitter

¹ბს-504-499(კ-11) 28 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. თ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. თ-შვილის სარჩელისა გამო ო. ჟ-შვილისა და ქ. ქუთაისის მერიის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. თ-შვილმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – ო. ჟ-შვილისა და ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვეს ქუთაისის მერიის 2008 წლის 22 მაისის ¹1145 ბრძანების, რომლითაც მოხდა რეკონსტრუქციაქმნილი შენობის ლეგალიზება სასარგებლო ფართი 78,35 მ.კვ-ზე(იხ. ს.ფ. 1-9).

ო. ჟ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 32-39).

ქ. ქუთაისის მერიამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მ. თ-შვილის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 31).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 52-59).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 77-83).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-შვილმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 91-99).

მოწინააღმდგე მხარემ – ო. ჟ-შვილმა შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 116-122).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით მ. თ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 141-149).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-შვილმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 155-161).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით მ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 238-239).

ო. ჟ-შვილმა შესაგებლით მოთხოვა მ. თ-შვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. )

მოწინააღმდეგე მხარემ – ქ. ქუთაისის მერიამ მოსაზრებით მოითხოვა მ. თ-შვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან, იგი არ აკმაყოფილებდა ასკ-ის 34.3. მუხლის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ მ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ მ. თ-შვილის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. თ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ მ. თ-შვილს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ მ. თ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.