Facebook Twitter

¹ბს-559-554(კ-11) 28 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ც-ძისა და თ. ს-ძის სარჩელისა გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და მესამე პირების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ც-ძემ და თ. ს-ძემ სარჩელი აღძრეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეს მ. ც-ძის სასარგებლოდ დაკისრებოდა – 5140 ლარის, ხოლო თ. ს-აძის სასარგებლოდ – 5140 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 2-11).

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 39-46).

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქმეში ასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირებად ჩაებნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (იხ. ს.ფ. 57-58).

მესამე პირებმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 68-75; 80-87)

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ძისა და მ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამეგობას მ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა – 4998,90 ლარის, ხოლო თ. ს-ძის სასარგებლოდ – 5998,65 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 135-138).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტმა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 150-158).

მოწინააღმდგე მხარეებმა – მ. ც-ძემ და თ. ს-ძემ შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 177-183).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 192-201).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 217-223; 241-242).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 244-245).

მ. ც-ძემ და თ. ს-ძემ მოსაზრებით მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ასკ-ის 34.3. მუხლის მოთხოვნებს (იხ. 259).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.