Facebook Twitter

¹ბს-629-624(2კ-11) 28 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. კ-შვილის სარჩელის გამო თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 24 სექტემბერს მ. კ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა თბილისის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 18 მარტის ¹039797 საგადასახადო მოთხოვნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-8; ტ.I).

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა თბილისის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 18 მარტის ¹039797 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივნისის ¹887 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1053/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეებად დაასახელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (იხ. ს.ფ. 38-39; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ბ. გ-ია (იხ. ს.ფ. 38-40; ტ.I).

მ. კ-შვილის სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 50-57; 107-114; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ “მ. კ-შვილის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 18 მარტის ¹039797 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 29 ივნისის ¹887 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 6 სექტემბრის ¹1053/2/10 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 161-167; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 178-187; 189-198; ტ.I).

სააპელაციო საჩივრები არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ მ. კ-შვილმა და მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 17-24; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 32-45; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 58-65; 67-74; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 და 28 აპრილის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 81-82; 101-102; ტ.II).

საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ მოცემული საქმე მნიშვნეოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან, მსგავსი ტიპის დავებზე ფაქტობრივად არ არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლი. კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა და მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 143.1 მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას შესაბამისას სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულებით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. თბილისის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 4 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის ¹039797 ოქმში დაფიქსირებულია, რომ ი/მ “მ. კ-შვილის” წარმომადგენელმა ბ. გ-იამ (დისტრიბუტორმა) ი/მ “ს. ა-იას” კუთვნილ ობიექტს გადასცა 2,25 ლარის ღირებულების პური და მოთხოვნის მიუხედავად არ გასცა შესაბამისი სასაქონლო ზედნადები. აღნიშნული სამართალდარღვევა და ი/მ “მ. კ-შვილის” წარმოამდგენლობა ოქმზე ხელის მოწერით დაადასტურა ბ. გ-იამ, ასევე სამართალდარღვევა დაადასტურა ოქმზე ხელის მოწერით მოწმემ მაღაზიის გამყიდველმა მ. თ-მა (იხ. ს.ფ. 103-105; ტ.II).

სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდგი მოტივით:

კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს დასკვნა, რომ მ. კ-შვილსა და ბ. გ-იას შორის წარმომადგენლობითი ურთიერთობა არ დასტურდება მათ შორის “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტის გაუფორმებლობის გამო. კასატორის მითითებით, აღნიშნული ნორმებით რეგულირდება საწარმოს/ინდივიდუალური მეწარმის მიერ გენერალური სავაჭრო მინდობილობის (პროკურა) და იურიდიულ მოქმედებათა განხორციელების უფლებამოსილების გაცემის საკითხი, რის გამოც აღნიშნული ვალდებულება ეკისრებათ სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მეწარმის მიერ წარმომადგენლობა არ იქნა გაფორმებული წერილობით, არ გამორიცხავს ფაქტობრივად წარმომადგენლობის არსებობას (იხ. ს.ფ. 115-17; ტ.II).

მოწინააღმდეგე მხარემ _ მ. კ-შვილმა მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (იხ. ს.ფ. 95-100; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.