Facebook Twitter

¹ბს-670-664(2კ-11) 28 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. გ-შვილის სარჩელის გამო ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 12 ოქტომბერს ლ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი 2010 წლის 14 ივნისის ¹დ176-10 დადგენილების, ლ. გ-შვილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის 2010 წლის 30 აგვისტოს განკარგულების ¹3741 ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-13).

სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 101-109; 114-122).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 169-177).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 188-204).

ლ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეებმა – ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გდაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 14 ივნისის ¹00001186 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში; ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2010 წლის აგვისტოს ¹3741 განკარგულება (იხ. ს.ფ. 263-276).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მერიამ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 281-288; 308-316).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 317-318).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ _ ლ. გ-შვილმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის წინაპირობები.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, კასატორი _ ქ. თბილისის მერია რაში გამოიხატა სასამართლოს მიერ სსსკ-ის 393-ე მუხლის დარღვევა, კასატორის არ იზიარებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, ვერ უთითებს მათ არასწორობაზე.

კასატორი საერთოდ სამართლებრივად და ფაქტობრივად არასწორ შეფასებას ახდენს იმისა, რომ მიწერილობის საფუძველზე გამოცემული დადგენილება არ შეესაბამებოდა რეალურ ფაქტობრივ გარემოებას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს არ იქნა გამოკვლეული გ-შვილის მიერ არაერთგზის მითითებული გარემოება, რომ მას არ მოურღვევია კიბის უჯრედი და არასწორად ხდებოდა მის მიმართ, ნაცვლად კ-ისა, ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება.

ასევე არასწორედ და ფაქტობრივად საკითხის შეუსწავლელად იქნა მიჩნეული, რომ გ-შვილის მიერ შეტანილი განცხადება ლეგალიზაციის შესახებ პირდაპირ ადასტურებდა გაცემული მიწერილობის რეალობას.

მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, გაუგებარია რომელი მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნევენ კასატორები, რომ მიწერილობაში მითითებული სამართალდარღვევა ჩაიდინა არა ნ. კ-ნმა, არამედ ლ. გ-შვილმა.

ამდენად, მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველი, რამდენადაც დავა არ განეკუთვნება იმ კატეგორიის საქმეებს, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დავის წარმოშობის ძირითადი მიზეზი გახდა ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა საფუძვლიანად ფაქტობრივი გარემოება, რომ მიწერილობაში აღნიშნული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია ლ. გ-შვილს.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ს.ფ. 324-328).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.