¹ბს-764-758 (კ-11) 22 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 23 მარტს ბ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 2 მარტის ¹96 პ/შ ბრძანებისა და 2009 წლის 24 თებერვლის ¹317 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველოს ... თანამდებობაზე აღდგენა და 2009 წლის 24 თებერვლიდან იძულებითი განაცდურის – 1 092 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით, ბ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე - ბ. გ-ძის მიმართ. ბ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა - იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ბ. გ-ძისათვის აენაზღაურებინა იძულებითი განაცდური ხელფასი განთავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. მოსარჩელე ბ. გ-ძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის - სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილებაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ-ძემ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ-ძემ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და ბ. გ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 08 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 2 მარტის ¹96 პ/შ ბრძანებისა და 2009 წლის 24 თებერვლის ¹317 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და ამ ნაწილში საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. ზემოაღნიშნულ ნაწილში მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ ნაწილში აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რომ ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 2 მარტის ¹96 პ/შ ბრძანებისა და 2009 წლის 24 თებერვლის ¹317 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მისთვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 2 მარტის ¹96 პ/შ ბრძანებისა და 2009 წლის 24 თებერვლის ¹317 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ბ. გ-ძისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
3. ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.