Facebook Twitter

¹ბს-956-949(გ-11) 28 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გარდაბნის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ფ-შვილმა, დ. ა-რმა და გ. ა-რმა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ¹... და ¹... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-10).

დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა მოპასუხედ მიუთითეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური (იხ. ს.ფ. 19-32).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით მ. ფ-შვილის, დ. ა-რისა და გ. ა-რის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტარციო სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

საქალაქო სასამართლომ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლით, რომლის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ მითითებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, რომლის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. ¹73 (იხ. ს.ფ. 83-84).

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით მ. ფ-შვილის, დ. ა-რისა და გ. ა-რის სასარჩელო განცხადებას დაუდგინა ხარვეზი (იხ. ს.ფ. 92).

ხარვეზის გამოსწორების მიზნით მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეებად მიუთითეს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის ¹... და ¹... გადაწყვეტილებების, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 28 იანვრის ¹06-8/514 მიმართვის, ქ. თბილისის მერიის ¹81.21.04.487 და ¹81.21.04.588 გადაწყვეტილებებისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 9 მარტის ოქმის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 98-113).

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განჩინებით მ. ფ-შვილის, დ. ა-რისა და გ. ა-რის სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს, შემდეგი მოტივაციით:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.

ამავე კოდექსის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 18 დეკემბრის ¹23 განკარგულების შესაბამისად, მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზღვრების გამიჯვნა და სარჩელში მითითებული მიწის ნაკვეთები, რომელთა რეგისტრაციის გაუქმებასაც ითხოვენ მოსარჩელეები, კერძოდ, ... მიმდებარედ ხეხილსანერგე მეურნეობის მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით ... და ... შევიდა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. (2006 წლის 27 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის ¹4173-რს დადგენილებით ,,ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრების შეცვლის შესახებ” აღნიშნული ტერიტორია მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში) (იხ. ს.ფ. 192).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიამ 2011 წლის 20 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება, რომლითაც საქმე გარდაბნის რაიონული სასამართლოს განსჯადია და გარდაბნის რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლითაც მიჩნეულია, რომ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი კი არა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია, რაც წარმოადგენს სასამართლოთა შორის დავას განსჯადობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 198-199).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მ. ფ-შვილის, დ. ა-რისა და გ. ა-რის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსაჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მითითებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება განსახილველ დავაში თავადაპირველი სარჩელით მოპასუხეს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (იხ. ს.ფ. 1-10), შემდეგ დაზუსტებული სარჩელით მოპასუხედ მითითებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური (იხ. ს.ფ. 19-32), რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმე მ. ფ-შვილის, დ. ა-რისა და გ. ა-რის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაცო სამსახურის მიმართ გადაეგზავნა უფლებამოსილ გარდაბნის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 83-84). გარდაბნის რაიონული სასამართლოში ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში კი მოპასუხეებს წარმოადგენდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ხოლო დავის საგანს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის ¹... და ¹... გადაწყვეტილებების, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 28 იანვრის ¹06-8/514 მიმართვის, ქ. თბილისის მერიის ¹81.21.04.487 და ¹81.21.04.588 გადაწყვეტილებებისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 9 მარტის ოქმის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 98-113).

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ განსაკუთრებულ განსჯადობასთან /ქონების უფლებრივი დატვირთვის, ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით/ დაკავშირებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ასკ-ის 1.2 მუხლის მიხედვით სსსკ-ის დებულებები გამოიყენება ნეგატიური დათქმის პრინციპის საფუძველზე.

სსსკ-ის მე-18 მუხლის ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე უშვებს შესაძლებლობას - განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის ¹... გადაწყვეტილების /ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ნივთზე, მდებარე ... (...) მიმდებარედ არსებული 837 კვ.მ. (ზონა გარდაბანი, სექტრორი ხეხილსანერგე)/, საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის ¹... გადაწყვეტილების /ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, უძრავ ნივთზე, მდებარე ... მიმდებარედ 403 კვ.მ. (ზონა გარდაბანი, სექტორი ხეხილსანერგე)/, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 28 იანვრის ¹06-8/514 მიმართვის ... (...) მიმდებარედ არსებულ 837 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და 2011 წლის 28 იანვრის ¹06-8/526 მიმართვის ... (...) მიმდებარედ არსებულ 403 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილების ¹... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით განკარგვის თაობაზე და ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილების ¹... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით განკარვის შესახებ”, ქ. თბილისის მერის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 9 მარტის ოქმის, რომლითაც აუქციონზე გასხვისდა ლოტი ¹28 და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2001 წლის 9 მარტის ოქმის, რომლითაც აუქციონზე გასხვისდა ლოტი ¹29, ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ¹4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად, ზონა გარდაბანი, სექტორი ხეხილსანერგე ქ. თბილისის შემადგენლობაში შევიდა. ასევე საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 6 მაისის წერილის მიხედვით ქ. თბილისის ... მიმდებარედ ხეხილ სანერგე მეურნეობის მიწის ნაკვეთები შედიოდა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (ს.ფ. 185).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება უძრავი ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-შვილის, დ. ა-რისა და გ. ა-რის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.