Facebook Twitter

¹ბს-1771-1726(კ-10) 30 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ვ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ 1) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია; 2) რ. ვ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 23 აპრილს რ. ვ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ვ-ძის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2006 წლის დეკემბერში გ. პ-ძისაგან შეიძინა სოფელ ... მდებარე 2600 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების გაფორმების დროს გ. პ-ძის საკუთრება საჯარო რეესტრის ამონაწერით 2600 კვ.მ მიწის ფართობს შეადგენდა. საჯარო რეესტრის ამონაწერს თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი. ნახაზის მიხედვით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა ნ. ვ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საერთო სარგებლობის გზა, სოფლის სამანქანო გზა, სახელმწიფო მიწა და არხი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2006 წლიდან 2009 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა გ. პ-ძისაგან შეძენილი 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მის მიმდებარედ არსებული 900 კვ.მ მიწის ნაკვეთით. მოსარჩელის განმარტებით, მან 2008 წლის დეკემბერში განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და 3 539 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისი განცხადება დაკმაყოფილდა და 3 539 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაიცა ¹9195 საკუთრების უფლების მოწმობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2009 წლის 19 ივნისის ¹19 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად სცნო მის სახელზე გაცემული ¹9195 საკუთრების უფლების მოწმობა. მოსარჩელის მითითებით, ამავე კომისიის მიერ 2007 წლის 18 დეკემბერს 0.299ჰა მიწის ნაკვეთზე თ. ვ-ძის სასარგებლოდ გაიცა ¹0838 საკუთრების უფლების მოწმობა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ თ. ვ-ძე არ იყო მიწის ნაკვეთის მფლობელი და მოსარგებლე, რაც ¹0838 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 19 ივნისის ¹19 საოქმო გადაწყვეტილების რ. ვ-ძის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 27 ოქტომბერს რ. ვ-ძეზე გაცემული ¹9195 საკუთრების უფლების მოწმობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის ¹128 საოქმო გადაწყვეტილების რ. ვ-ძის ნაწილში ძალაში დატოვება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 18 დეკემბერს თ. ვ-ძის სახელზე გაცემული ¹0838 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 19 ივნისის ¹19 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო თ. ვ-ძის სასარგებლოდ გაცემული ¹0838 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში გაგრძელდა საქმის წარმოება.

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ვ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 14 სექტემბრის განჩინებით რ. ვ-ძის კერძო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით რ. ვ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 18 დეკემბრის ¹6 გადაწყვეტილება 0.299 კვ.მ ნაკვეთზე თ. ვ-ძის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში და მის საფუძველზე გაცემული ¹0838 საკუთრების უფლების მოწმობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით თ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 17 დეკემბერს თ. ვ-ძემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა მისი პირადობის მოწმობის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2007 წლის 18 დეკემბერს გასცა ¹0838 საკუთრების უფლების მოწმობა თ. ვ-ძისათვის სოფელ ... მდებარე 0.299ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. 2008 წლის 13 მაისს რ. ვ-ძემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შესახებ. აღნიშნულ განცხადებას ერთვოდა რ. ვ-ძის პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 27 ოქტომბერს გასცა ¹9195 საკუთრების უფლების მოწმობა, რ. ვ-ძისათვის სოფელ ... მდებარე 3 539 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 19 ივნისის ¹19 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რ. ვ-ძეზე გაცემული ¹9195 საკუთრების უფლების მოწმობა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწას წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1999 წლის 1 იანვრამდე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, სარგებლობაში არსებული მიწა განმარტებული იყო, როგორც სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული. მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა სარგებლობის უფლება მოიპოვა 1998 წლის 12 ნოემბრამდე ან ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში ჰქონდა ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა დამფუძნებელიც იყო სახელმწიფო. ამავე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა იყო სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, ასაშენებელი ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე. თვითნებურად დაკავებული მიწა კი იყო ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ იყო განკარგული.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ვ-ძის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის აქტი, ანუ განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი დოკუმენტები.

სააპელაციო სასამართლო მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაციას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თ. ვ-ძემ დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, წარდგენილი განცხადებიდან ირკვეოდა, რომ თ. ვ-ძე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, როგორც მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მესამე თავი განსაზღვრავდა საკუთრების უფლების აღიარების წესს და პირობებს. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად მიუთითებდა კომისიის ვალდებულებაზე, თავისი ფუნქციები განეხორციელებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 116-ე მუხლი ადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების წესსა და პროცედურას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილი იყო დისკრეციული უფლებამოსილებით, კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოეტანა მისთვის მისაღები გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული შებოჭვის ფარგლებში, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო კანონშესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დაყრდნობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ვ-ძის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი ანუ განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი დოკუმენტები, რაც აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, რ. ვ-ძის სასარჩელო მოთხოვნას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 19 ივნისის ¹19 საოქმო გადაწყვეტილების რ. ვ-ძის ნაწილში ბათილად ცნობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 27 ოქტომბერს რ. ვ-ძეზე გაცემული ¹9195 საკუთრების უფლების მოწმობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის ¹128 საოქმო გადაწყვეტილების რ. ვ-ძის ნაწილში ძალაში დატოვება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 18 დეკემბერს თ. ვ-ძის სახელზე გაცემული ¹0838 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა წარმოადგენდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 19 ივნისის ¹19 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა მოცემული საქმის წარმოება, ხოლო თ. ვ-ძის სასარგებლოდ გაცემული ¹0838 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში გაგრძელდა საქმის წარმოება.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე დაუშვებლობის მოტივით სრულად უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება, ვინაიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 19 ივნისის ¹19 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის პირობებში, თ. ვ-ძის სახელზე გაცემული ¹0838 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს ზიანს აღარ აყენებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით თ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2007 წლის 17 დეკემბერს თ. ვ-ძემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა თ. ვ-ძის პირადობის მოწმობის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ. I, ს.ფ. 97-100). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2007 წლის 18 დეკემბერს გასცა ¹0838 საკუთრების უფლების მოწმობა თ. ვ-ძისათვის სოფელ ... მდებარე 0.299ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 96). 2008 წლის 13 მაისს რ. ვ-ძემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებას ერთვოდა რ. ვ-ძის პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენება (ტ. I, ს.ფ. 16-25). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 27 ოქტომბერს გასცა ¹9195 საკუთრების უფლების მოწმობა, რ. ვ-ძისათვის სოფელ ... მდებარე 3 539 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 15). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 19 ივნისის ¹19 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რ. ვ-ძეზე გაცემული ¹9195 საკუთრების უფლების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 29-35).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში _ საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი შეეხება სამი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწათ სარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2007 წლის 18 დეკემბერს მიიღო ¹6 საოქმო გადაწყვეტილება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რომლის თანახმად, თ. ვ-ძეს საკუთრებაში გადაეცა სოფელ ... მდებარე 0.299ჰა. მიწის ნაკვეთი, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა არის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე და განმარტავს, რომ 2007 წლის 17 დეკემბერს თ. ვ-ძეს კომისიისათვის უნდა წარედგინა, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მიღების წიგნაკი, საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საკადასტრო სია, სამმართველოს აქტი, ან/და სხვა დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი ტერმინთა შორის ახდენს დიფერენცირებას და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს გამიჯნავს მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისაგან, ყველა ზემოაღნიშნული ტერმინის საერთო მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში, საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში _ არამართლზომიერ მფლობელობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. ვ-ძემ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც ბუნებრივია არ ადასტურებდა კასატორის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-10 მუხლის პირველი ნაწილით, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მე-11 მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად მიუთითებს კომისიის ვალდებულებაზე, თავისი ფუნქციები განახორციელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 116-ე მუხლი ადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების წესსა და პროცედურას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილი არის დისკრეციული უფლებამოსილებით, კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოიტანოს მისთვის მისაღები გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული შებოჭვის ფარგლებში, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს კანონშესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დაყრდნობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2007 წლის 17 დეკემბერს ¹6 საოქმო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან, თ. ვ-ძის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი ანუ განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი დოკუმენტები, რაც აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და ამ საქმეზე მიიღო კანონიერი განჩინება, რის გამოც არ არსებობს თ. ვ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.