Facebook Twitter

ბს-282-267(2კ-07) 6 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატისა და ე. მ.-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 21 იანვარს ე. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების ბათილად ცნობა და ...-ის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1992 წლის 16 ივნისიდან მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში ...-ის თანამდებობაზე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანებით ე. მ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა საკადრო რეზერვში.

მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანება იყო უკანონო, დაუსაბუთებელი, არღვევდა მის კონსტიტუციურ უფლებას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატაში მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელობის მხრიდან არ მიუღია შენიშვნა ან საყვედური და ყოველთვის ითვლებოდა კარგ თანამშრომლად.

ე. მ.-მ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება და დამატებით მოითხოვა იძულებით განაცდური ხელფასის, სახელფასო და სამივლინებო თანხის ანაზღაურება, რაც შეადგენდა 4202 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 2000 წლის აგვისტოში გაიარა ამერიკელების დაფინანსებით ჩატარებული ატესტაცია, სადაც მხოლოდ მან დაიმსახურა უმაღლესი შეფასება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მას და კონტროლის პალატის სხვა თანამშრომლებსაც 2004 წლის ივლისში ხელი მოაწერინეს ,,საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შედეგად სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების გაფრთხილების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 5 ივლისის ¹ბ-1/01 ბრძანებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულის შემდეგ, იგი ჩვეულებრივად აგრძელებდა სამსახურში სიარულს და ემზადებოდა გამოცდისათვის, ხოლო 2005 წლის 21 იანვარს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და ირიცხებოდა რეზერვში. იმავე დღეს მას ხელი მოაწერინეს გათავისუფლების ბრძანებაზე და შესთავაზეს კადრებიდან წაეღო შრომის წიგნაკი, რაზეც უარი განაცხადა.

მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან მისი დათხოვნის ბრძანებას საფუძვლად დაედო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი და იმავე კანონის 115-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობამ ე. მ.-ს სხვა თანამდებობა არ შესთავაზა.

მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს კონტროლის პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის მისი უპირატესი უფლება, კერძოდ, მის კმაყოფაზეა მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე, აქვს საქართველოს კონტროლის პალატაში მუშაობის 13-წლიანი სტაჟი და წარმატებით გაიარა ატესტაცია.

მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატამ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ე. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ნაწილში ნაწილობრივ არ ცნო და იშუამდგომლა საქმეში თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმისა და მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის მისთვის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხის განმარტებით, ე. მ.-ის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანება _ 4202 ლარი წარმოიშვა 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, დაცული მუხლების სრულყოფილი დაფინანსება. შემდგომ პერიოდშიც არ იქნა გამოყოფილი თანხა ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში საქართველოს კონტროლის პალატისათვის გაუცემელი ხელფასების დავალიანების დასაფარავად. საქართველოს 2001-2003 წლების ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონებით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული თანხები, საიდანაც კონტროლის პალატას ასიგნება არ მიეღო. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოვალეს საბიუჯეტო ორგანიზაციასთან ერთად წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოს კონტროლის პალატამ არ ცნო ე. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების ბათილად ცნობა და ...-ის თანამდებობაზე აღდგენა.

მოპასუხის განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შედეგად, მოსარჩელე ე. მ.-ე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანებით გათავისუფლდა ...-ის თანამდებობიდან იმის გამო, რომ კონტროლის პალატაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტი და შეიქმნა ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტი, რომელშიც შევიდა სამი სამმართველო, მათ შორის, დასავლეთის სამმართველო. დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ბაზაზე, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ დასავლეთის სამმართველოში, 2004 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კონტროლის პალატის საშტატო განრიგით დამტკიცდა 37 საშტატო ერთეული, აქედან ...-ის შტატი განისაზღვრა 4 ერთეულით, ხოლო რეორგანიზაციამდე, საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 1 იანვრის საშტატო განრიგით დასავლეთის დეპარტამენტში არსებობდა 99 საშტატო ერთეული, რომელშიც შედიოდა ...-ის 9 საშტატო ერთეული. ამდენად, ე. მ.-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის შედეგად, რომელსაც თან ახლდა შტატების შემცირება.

მოპასუხის მოსაზრებით, ე. მ.-ე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე და გათავისუფლების შემდეგ იმავე კანონის 115-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ჩაირიცხა საკადრო რეზერვში.

მოპასუხის განმარტებით, ე. მ.-მ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეიტყო 2004 წლის 26 აგვისტოს, როდესაც გათავისუფლების შესახებ ბრძანებები გამოქვეყნდა საჯაროდ, ხოლო ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2005 წლის 21 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ე. მ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანება ე. მ.-ის საქართველოს კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ...-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და საკადრო რეზერვში ჩარიცხვის ნაწილში; მოსარჩელე აღდგენილ იქნა საქართველოს კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ...-ის ტოლფას თანამდებობაზე, კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტში; საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა ე. მ.-ის სასარგებლოდ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების _ 4202,74 ლარის გადახდა, აგრეთვე, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან _ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. მ.-ის სარჩელი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს კონტროლის პალატას ე. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების _ 4202,74 ლარის ანაზღაურება, უცვლელად დარჩა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო წესით ე. მ.-მ გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სახელფასო და სამივლინებო დავალიანების _ 4202,74 ლარის ანაზღაურების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს კონტროლის პალატის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განჩინებით ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები _ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა არასრულად და სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეუფარდა კანონი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ე. მ.-ს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანება ჩაჰბარდა 2005 წლის 21 იანვარს და კანონით დადგენილი წესით სამუშაოდან გათავისუფლების შესახებაც მისთვის იმავე დღეს გახდა ცნობილი. შესაბამისად, საკასაციო სასამრთლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ე. მ.-ის მიერ დაცული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა, ვინაიდან ე. მ.-მ სარჩელი ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ¹გან-139 ბრძანების გადაცემის დღესვე. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის ხანდაზმულობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იყო არასწორი და არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე და გამოეკვლია, იმჟამად მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შესთავაზა თუ არა საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციამ ე. მ.-ს სხვა თანამდებობა, ასევე გაითვალისწინა თუ არა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით განსაზღვრული მოსარჩელის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა ე. მ.-ის წერილობითი თანხმობა სამსახურიდან გათავისუფლებისას საკადრო რეზერვში მის ჩარიცხვაზე.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა ე. მ.-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, ვინაიდან მოცემულ სამართალურთიერთობებთან დაკავშირებულ სპეციალურ კანონს წარმოადგენდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომლის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებზე შრომის კანონმდებლობა ვრცელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა არ რეგულირდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება ე. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და საკადრო რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების ბათილად ცნობის, ე. მ.-ის საქართველოს კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ...-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანება ე. მ.-ის საქართველოს კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ...-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საკადრო რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე და საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა მოცემული საკითხისადმი არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში; საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა ე. მ.-სათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; ე. მ.-ის სარჩელი ...-ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ე. მ.-ს კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია გასაჩივრებული განჩინება, რის გამოც სარჩელი არ იყო ხანდაზმული, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლებისას საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციას ე. მ.-სათვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა, რითაც დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 117-ე მუხლის მე-2 პუნქტი _ ე. მ.-ს მოპასუხე ადმინისტრაციისათვის რეზერვში ჩარიცხვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. მ.-ს უნდა ანაზღაურებოდა იძულებით განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო ე. მ.-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება იმ ეტაპზე ბათილად იყო ცნობილი და, შესაბამისად, ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, ე. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების ბათილად ცნობაზე, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს არ ჩაჰბარდა გათავისუფლების ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და, შესაბამისად, მის მიერ არ ყოფილა გაშვებული საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების გასაჩივრების ვადა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ე. მ.-ის გათავისუფლების მომენტისათვის საქართველოს კონტროლის პალატას ვაკანტური თანამდებობები არ გააჩნდა, რის გამოც მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება იყო შეუძლებელი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მისი წერილობითი თხოვნის გარეშე ჩაირიცხა საკადრო რეზერვში, თუმცა არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ საკადრო რეზერვში ჩარიცხვა სწორედ მოსარჩელის ინტერესებში შედიოდა, რადგან ამით მას უნარჩუნდებოდა შესაძლებლობა, ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, რეზერვიდან დანიშნულიყო თანამდებობაზე. ამდენად, არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი _ მოსარჩელისათვის მიყენებული პირდაპირი და უშუალო ზიანი.

საქართველოს კონტროლის პალატამ უზენაეს სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და დამატებით აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 122-ე მუხლის თანახმად, სამსახურის სტაჟი შეწყდება პირის სამსახურიდან ან რეზერვიდან გათავისუფლებისას, ხოლო იმავე კანონის 121-ე მუხლის თანახმად, სამსახურის სტაჟი შეიცავს რეზერვში ყოფნის დროს, რის გამოც საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობის ინიციატივით ე. მ.-ის რეზერვში ჩარიცხვა მას ზიანს ვერ მიაყენებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. მ.-მაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა იმ ფაქტს, რომელიც რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, კერძოდ, იმას, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ არ დაიცვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნები და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურა _ არ შექმნა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების განმსაზღვრელი კომისია და არ შეისწავლა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.

კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში მრავლად იყო კონკრეტული ფაქტები და უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ მარტო საქართველოს კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოში მიღებულ იქნა ორი ახალი თანამშრომელი, ხუთი თანამშრომელი სხვა დეპარტამენტებიდან გადაყვანილი, ხოლო ერთ საშტატო ერთეულზე, თითქმის ორი თვის მანძილზე იყო ვაკანსია.

კასატორის განმარტებით, მას აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება, რეორგანიზაციამდე ეკავა ...-ის თანამდებობა და ატესტაციის შედეგების მიხედვით, საქართველოს კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ...-ებს შორის მხოლოდ მან დაიმსახურა უმაღლესი შეფასება. აღნიშნულის მიუხედავად, მის ადგილზე დანიშნეს ...-ი, რომელსაც ჰქონდა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია, მაშინ, როდესაც ,,კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 81-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა ძირითადად კომპლექტდება ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირებით.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი _ ...-ის თანამდებობაზე მის აღდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოცემულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით, სპეციალურ კანონს წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

კასატორის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იგი ექვემდებარებოდა სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატისა და ე. მ.-ის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 10 აპრილის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 6 ივნისამდე.

2007 წლის 26 აპრილს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარადგინა საქართველოს კონტროლის პალატამ და აღნიშნა, რომ ხსენებული საჩივარი დასაშვებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატისა და ე. მ.-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატისა და ე. მ.-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.