განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1908-29(ბ-06) 21 მარტი 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ლ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის (საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ), 2006 წლის 18 ოქტომბრის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე), 2006 წლის 7 დეკემბრის (განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. ლ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 15/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 17-18/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის განჩინებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 52-56/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 98-110/.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 112-113/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორმა გ. ლ-მა წარმოადგინა მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 125-131/.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული /იხ. ს.ფ. 133-136/.
2006 წლის 7 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ლ-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გ. ლ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილვლად.
2007 წლის 22 იანვარს გ. ლ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის (საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ), 2006 წლის 18 ოქტომბრის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე), 2006 წლის 7 დეკემბრის (განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებით გ. ლ-ის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე, ხოლო განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განმცხადებელს მიეცა 5 დღის ვადა /იხ.ს.ფ./.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში გ. ლ-ის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომელშიც მხარემ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის (საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ) და 2006 წლის 7 დეკემბრის (განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებების ბათილად ცნობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, შესაბამისად საქმის ხელახლა განხილვას, შემდეგი მოტივით:
განმცხადებლის მოსაზრებით, მოსამართლე არაუფლებამოსილი იყო განეხილა მის მიერ საკასაციო სასამართლოში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადება და 2006 წლის 7 დეკემბერს გამოეტანა განჩინება მისი განუხილველად დატოვების შესახებ, რამდენადაც არსებობდა სსსკ-ის 31-32-ე მუხლების თანახმად საქმის წარმოებისაგან მოსამართლის აცილების საფუძველი. საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლომ ისე მიიჩნია დაუშვებლად, რომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.
განმცხადებლის მითითებით განცხადება ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, რამდენადაც სახეზეა სსსკ-ის 422-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად განჩინებების ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო მოსამართლემ, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების გამოტანაში. ასევე, გ. ლ-ის განმარტებით მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში დარეგისტრირდა 2005 წლის 15 აპრილს, რის გამო მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას /იხ.ს.ფ./.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო გ. ლ-ის განცხადებას, საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის (საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ), 2006 წლის 18 ოქტომბრის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე), 2006 წლის 7 დეკემბრის (განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამასთან, სსსკ-ის 426.1. მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
განცხადებაში გ. ლ-ი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის (საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, 2006 წლის 18 ოქტომბრის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე) და 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებების ბათილად ცნობას და აღნიშნული განჩინებების ბათილად ცნობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის განჩინების და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, შესაბამისად საქმის ხელახლა განხილვას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ლ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის (საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ) განჩინების ბათილად ცნობის /რომლითაც საკასაციო სასამართლომ იმსჯელა საკასაციო საჩივრის ფორმალურ დასაშვებობაზე/, ასევე საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოდგენილია 426.1. მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რამდენადაც განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონისმიერ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ განსაზღვრულ კანონისმიერ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, გ. ლ-ის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ როდის გახდა ცნობილი მისთვის საკასაციო სასამართლოს განჩინებების ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო ის პროცესუალური საფუძვლები /მოსამართლის აცილების თაობაზე/, რომელიც მხარის მიერ განცხადებაშია მითითებული გ. ლ-ის მიერ, არ გაცხადებულა საკასაციო საჩივრის წარმოების დროს, ამასთან, გარემოება, რომელსაც გ. ლ-ი განცხადებაში მოსამართლის აცილების საფუძვლად მიუთითებს, დაუსაბუთებელია და არ უზრუნველყოფს განცხადების დასაშვებად ცნობის კრიტერიუმს, რამდენადაც 2006 წლის 7 დეკემბრის (განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად განმცხადებელი გ. ლ-ი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ექვემდებარება ბათილად ცნობას სსსკ-ის 422.1. “ა” მუხლის საფუძველზე, კერძოდ მოსამართლეს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მითითებული განჩინების გამოტანაში, რამდენადაც იმავე მოსამართლემ 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად, შესაბამისად, სახეზე იყო მოსამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის განხილვისაგან აცილების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.1. განსაზღვრავს საფუძვლებს, რომლის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ბათილად ცნობა. კერძოდ, სსსკ-ის 422.1. მუხლის ა) პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობა სახეზეა, როცა მოსამართლე მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (ამ შემთხვევაში იგულისხმება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები), ან რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილების საფუძველი მიიღო სასამართლომ, ან რომელიც დროებით ჩამოცილებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან ან არ არის ამ კოლეგიურ შემადგენლობაში და ის არ შეუყვანიათ ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე შეიცავს იმ ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაში მოსამართლემ არ შეიძლება განიხლოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. მითითებული მუხლის დ) პუნქტის თანახმად /რომელზედაც აპელირებს მხარე/ მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის განხილვის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით დადგენილია საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობის წინაპირობები, რომლის დარღვევის თაობაზე გ. ლ-ის მიერ დასაბუთებული ვერ იქნა, რისთვისაც დაუდგინდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
კონკრეტულ შემთხვევაში გ. ლ-ის მიერ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსწრების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში არ არის განსაზღვრული და ჩამოყალიბებული ის საფუძვლები, რომელიც სსსკ-ის 422.1. “ა” მუხლის თანახმად შესაძლებელია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს, მით უფრო, რომ გ. ლ-ი ზოგადად მიუთითებს, რომ არსებობდა მოსამართლის მიერ საქმის განხილვისაგან ჩამოცილების საფუძველი, ამასთან განმცხადებელი ვერ უთითებს განჩინების ბათილად ცნობის დასაბუთებულ მოტივებზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებლის საპროცესო ვალებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ის ამყარებს თავის მოთხოვნას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გ. ლ-ის მიერ საკასაციო სასამართლოს განჩინებების ბათილად ცნობის საფუძვლად არ არის მითითებული ის მოტივები, რომელიც შესაძლებელია განცხადების დასაშვებობას დაედოს საფუძვლად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე დაუსაბუთებელია გ. ლ-ის განცხადებაში მითითებულ განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი, რომ მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში დარეგისტრირდა 2005 წლის 15 აპრილს, რის გამო მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, ვინაიდან გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2006 წლის 25 მაისს, ხოლო 2005 წლის 1 ნოემბრის შემდეგ დარეგისტრირებულ საკასაციო საჩივარზე ვრცელდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის მოქმედება, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ მოწმდება მისი შესაბამისობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლთან, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა, კერძოდ, 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ლ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის (საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ), 2006 წლის 18 ოქტომბრის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე) და 2006 წლის 7 დეკემბრის (განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებების ბათილად ცნობის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ კანონისმიერ ვადაში წარუდგენლობისა და წინაპირობების დაუსაბუთებლობის გამო დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად იქნეს დატოვებული გ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის (საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ), 2006 წლის 18 ოქტომბრის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე) და 2006 წლის 7 დეკემბრის (განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებების ბათილად ცნობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.