ბს-170-168 (კ-11) 8 ივნისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარი – მ. ს-ძე;
მესამე პირი_სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, (სსიპ “ირმის ნახტომის” უფლებამონაცვლე);
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ს-ძემ მოპასუხის–საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹81 და 2008 წლის 1 მაისის ¹454/კ ბრძანებების ბათილად ცნობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსად მის აღდგენასა და უკანონოდ გათავისუფლების გამო მოპასუხისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრებას სამუშაოზე აღდგენის დღემდე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად 2006 წლის აგვისტოდან 2008 წლის 1 მაისამდე, თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 მაისის ¹454/კ ბრძანებით.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹81 ბრძანება ეფუძნება ფონდ “ირმის ნახტომის” დაუსაბუთებელ და უკანონო ბრალდებას, რომლის განხილვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მოხდა კანონის დარღვევით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია, როგორც საჩივრის განმხილველი ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში გადაეგზავნა მისთვის ადმინისტრაციული საჩივარი და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლები, რაც მათ არ განუხორციელებიათ. მოსარჩელეს არ მიეცა ზეპირ განხილვაზე წერილობითი მოსაზრებების და დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა, მას როგორც მხარეს, არ შეატყობინეს ხუთი დღით ადრე საქმის ზეპირი განხილვის დღის შესახებ. გენერალური ინსპექციიდან 2007 წლის 27 ნოემბერს ტელეფონით, და არა წერილობით, საღამოს ხუთ საათზე აცნობეს, რომ იმავე წლის 28 ნოემბერს, 16 საათზე შედგებოდა მოსმენა ... საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და ფონდ “ირმის ნახტომს” შორის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ჩიკვაიძის 2008 წლის 1 მაისის ბრძანება ¹454/კ გაუგებარია იმ ნაწილში, სადაც მოყვანილია ფაქტი, თითქოს მოსარჩელემ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და 2008 წლის 1 მაისს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარდგენილი ვაუჩერების დარიგების დავალების შესრულების შესახებ ანგარიში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 თებერვლის ბრძანება ¹149 რესურს-ცენტრში შევიდა 2008 წლის 4 მარტს, მაშინ, როდესაც ამ დავალების შესრულების ვადა უკვე ამოწურული იყო.
მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ბრძანება ¹214 რესურსცენტრში შევიდა 2008 წლის 19 მარტს, აღნიშნული ბრძანების “ი” პუნქტი დარღვეული იყო, რადგან მისი მიწოდება ნაცვლად დადგენილი 12 აპრილისა, მოხდა 19 აპრილს, ანუ ერთი კვირით გვიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მ. ს-ძისთვის დისციპლინური სასჯელის გაფრთხილების დადების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 26 მარტის ¹213 ბრძანებით ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს გამოეცხადა გაფრთხილება ზოგადზნეობრივი ნორმების წინაღმდეგ და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელისა და ასევე სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების, სამინისტროსა და სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლების შეფერხებისათვის 2008 წლის 30 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹81 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მ. ს-ძეს დაედო დისციპლინური სასჯელი _ ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავების სახით”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი მ. ს-ძე იყო საჯარო მოხელე და მასზე ვრცელდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ხოლო ფონდი “ირმის ნახტომი” წარმოადგენს სსიპ-ს რომელიც შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. ფონდის ერთ-ერთ მიზანს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარების მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის გადაცემა წარმოადგენს, მის განხორციელების ერთ-ერთ საშუალებას კი ფონდ “ირმის ნახტომის” მეშვეობით კვალიფიციური ადგილობრივი და მობილური ტრენერების მეშვეობით მასწავლებელთა გადამზადება. სწორედ ამ მიზნით ფონდის მიერ 2007 წლის 5 მარტს გამოცხადდა ტრენერთა კონკურსი, ... რაიონში ადგილობრივი ტრენერი ვერ შეირჩა და არსებულ პედაგოგთა გადამზადება უნდა განხორციელებულიყო მობილური ტრენერის მეშვეობით. ... რაიონის რესურს-ცენტრის მეშეობით ფონდს ინფორმაცია გადასამზადებელ პედაგოგთა შესახებ არ მიუღია და არც აღნიშნული საკითხების მოგვარების მიზნით ჰქონია ურთიერთანამშრომლობას ადგილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 20 ნოემბერს სსიპ ფონდ “ირმის ნახტომის” აღმასრულებელმა დირექტორმა მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს შესაბამისი რეაგირების თხოვნით ... რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან ფონდის შემდგომი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს მ. ს-ძეს დაევალა ახსნა-განმარტების წარმოდგენა.
2007 წლის 28 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა ზეპირი მოსმენა, ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ მ. ს-ძემ გადასამზადებელ პედაგოგთა სიების წარდგენისა და მობილურ ტრენერთან დაკავშირებული ადმინისტარციული საკითხების ორგანიზებაში მონაწილეობის ვალდებულება მთლიანად დააკისრა ... რაიონის საჯარო სკოლის დირექტორებს, რომლებმაც წარადგინეს სიები და უშუალოდ თანამშრომლობდნენ ფონდ “ირმის ნახტომთან”, ისე რომ ამ პროცესში რესურს-ცენტრის როლი და ვალდებულებები გამოირიცხა, რითაც არ შეასრულა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპიური დებულების” მოთხოვნები.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის 1-ლი “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება.
სასამართლომ მიიჩია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹81 ბრძანება გამოცემულია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძვლები.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹81 ბრძანება გამოცემულია კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც იქნა გამოკვლეული. მ. ს-ძეს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის არსებით დარღვევას არ ჰქონია ადგილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 თებერვლის ¹149 ბრძანების საფუძველზე ტერიტორიულ-საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებს დაევალათ უზრუნველეყოთ სკოლის მასწავლებელთათვის განკუთვნილი ელექტროენერგიის ვაუჩერების მათ ტერიტორიულ ერთეულში შემავალი საჯარო სკოლის მასწავლებლებზე გადაცემა და არაუგვიანეს 2008 წლის 4 მარტამდე შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ¹214 ბრძანების საფუძველზე ტერიტორიულ საგანმანათლებლო რესურცენტრების ხელნმძღვანელებს დაევალათ სკოლის მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიის ვაუჩერების მათ ტერიტორიულ ერთეულში შემავალ საჯარო სკოლების მასწავლებლებზე გადაცემა და არა უგვიანეს 2008 წლის 24 მარტამდე შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტში. ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მ. ს-ძის მიერ ინფორმაციის წარდგენის შესახებ ¹128 წერილი დათარიღებულია 2005 წლის 5 მარტით, ხოლო ადრესატს აღნიშნული წერილი ჩაბარდა 7 მარტს.
ინფორმაციის წარდგენის შესახებ ¹191 წერილი დათარიღებულია 2008 წლის 27 მარტით, ხოლო ადრესატს აღნიშნული წერილი ჩაბარებული აქვს 28 მარტს. წერილებში მ. ს-ძე არ მიუთითებს ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენის მიზეზებს, უფრო მეტიც, 2008 წლის 5 მარტის ¹128 წერილის მიხედვით ვაუჩერების მასწავლებელთათვის გადაცემა მიმდინარეობდა შეფერხებით, რაც გამოწვეული იყო რაიონში იმ პერიდში არსებული რთული კლიმატური პირობებით, ხოლო 2008 წლის 27 მარტის ¹191 წერილში ფაქტიურად მითითებულია ვაუჩერების გაცემის პროცესის დასრულებაზე. ამიტომაც სასამართლომ ინფორმაციის დროულად წარუდგენლობის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ აღნიშნული ბრძანებები ჩაბარდა დაგვიანებით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრანებით დამტკიცებული “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპიური დებულების” მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, რესურს-ცენტრის უფროსი ყოველწლიურად, აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ. ამავე დებულების მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რესურს-ცენტრი თავისი უფლებამოსილების და სამინისტროს მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. მ. ს-ძემ არ შეასრულა მასზე, როგორც რესურს-ცენტრის უფროსზე, დაკისრებული მოვალეობა და არ წარადგინა ყოველწლიური ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ.
სასამართლომ ასევე დარღვეულად მიიჩნია შვებულებაში გასვლის პროცედურა, რისი გათვალისწინებითაც საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ს-ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას, რაც წარმოადგენდა დისციპლინური პასუხიმგებლობის საფუძველს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹81 და 2008 წლის 1 მაისის ¹454/კ ბრძანებები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების არსებითად და სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიეღო შესაბამისი აქტები; მ. ს-ძეს აუნაზღაურდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი არყოფნის ხელფასი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹81 და 2008 წლის 1 მაისის ¹454/კ ბრძანებები გამოცემული იყო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, კანონით ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევით, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის, 95-ე- 96-ე მუხლების თანახმად წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. კერძოდ, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹81 ბრძანების გამოცემისას არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 195-ე მუხლით დადგენილ ვადაში მოსარჩელისათვის არ გადაუგზავნიათ ადმინისტრაციული საჩივარი და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლები, მ. ს-ძეს არ მიეცა ზეპირ განხილვაზე წერილობითი მოსაზრებების და დოკუმენტაციის წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. მას მხოლოდ 2007 წლის 27 ნოემბერს საღამოს ხუთ საათზე ტელეფონით და არა წერილობით აცნობეს, რომ მეორე დღეს, 28 ნოემბერს, 16 საათზე შედგებოდა საკითხის განხილვა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგივე ხარვეზები ახასიათებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 მაისის ბრძანება ¹454/კ ბრძანებასაც. ჯეროვნად არ იყო გამოკვლეული მოსარჩელის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, რაც გამოიხატა ვაუჩერების დარიგების დავალების შესრულების შესახებ ანგარიშის დაგვიანებით წარდგენაში.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 თებერვლის ბრძანება ¹149 რესურს-ცენტრში შევიდა 2008 წლის 4 მარტს, მაშინ, როდესაც ამ დავალების შესრულების ვადა უკვე ამოწურული იყო.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ასევე სრულყოფილ გამოკვლევას საჭიროება მოსარჩელის მიერ “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპიური დებულების” მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნტის თანახმად, რესურსცენტრის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვული რესურს-ცენტრის თანამშრომელი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი აქტი, მხოლოდ მაშინ უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს განათლების სამინისტრო. სათანადო შეფასება უნდა მიეცეს იმ გარემოებას, რომ თ. ჭ-ძის შემცვლელად დანიშვნის თაობაზე ბრძანების გამოცემისას, მოსარჩელე ჯერ კიდევ რესურსცენტრის უფროსს წარმოადგენდა და შემცველელის დანიშვნა მის უფლებამოსილებაში შედიოდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოსაკვლევი იყო საკითხი, არსებობდა თუ არა განსაკუთრებული პირობები, რომელიც მოსარჩელეს ათავისუფლებდა ანაზღაურების გარეშე შვებულების აღების თაობაზე დამსაქმებლის ორი კვირით ადრე გაფრთხილებისაგან.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ზემოდასახელებულ გარემოებათა გათვლისწინებით სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის შესაბამისად გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებთ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არსრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივად დასაბუთებული, საქმე გამოკვლეულია არასრულყოფილად, რაც შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას და რაც, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან იკვეთება წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 01 მაისისა და იმავე მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ბრძანებები, რომელთაგან ერთი შეეხება მოსარჩელე მ. ს-ძის მიმართ დისციპლინარული სახდელის _ ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავებას, ხოლო მეორე – ამ უკანასკნელის თანამდებობიდან დათხოვნას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადსტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს.
იმისათვის, რომ აქტი მიჩნეულ იქნას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ზემოაღნიშნული დეფინიციის საფუძველზე ის უნდა შეიცავდეს 4 ელემენტს: გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ და აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას.
გამომდინარე იქიდან, რომ სადავო აქტები აკმაყოფილებენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების გამოყენებას, მაგრამ ამასთანავე, მოსარჩელის სამართლებრივი სტატუსის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან ერთად გამოყენებული უნდა იყოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები და დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ,,სახელმწიფო დაწესებულებებს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის კანცელარია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.”
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპიური დებულების” პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, ხოლო ამავე დებულების 3.2 მუხლის თანახმად, რსურს-ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მოსარჩელე მ. ს-ძე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელის მიმართ დისციპლინარული გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება.
ზემოაღნიშნული კანონის 99.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.
ერთერთი გასაჩივრებული აქტის, კერძოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹81 ბრძანების საფუძველზე მ. ს-ძის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული ზემოქმედების ღონისძიება-ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამავე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან.
ამდენად, საჯარო სამსახურში შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა შეადგენს ერთ თვეს.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავების თავისებურებას, კერძოდ კი იმ საკითხს, რომ ამ სახის დავების სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი უკავშირდება სარჩელის დასაშვებობას, რომლის შემოწმებაც წარმოადგენს სასამართლოს ვალდებულებას და არა მის უფლებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო ისე მსჯელობს ზემოაღნიშნული აქტის მატერიალურ კანონიერებაზე, რომ არ დაუდგენია აქტი გასაჩივრებულია თუ არა კანონით განსაზღვრულ ვადაში. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ბრძანების შინაარსი ადასტურებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელის მონაწილეობის ფაქტს, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ დაადგინოს და გამოიკვლიოს, რამ განაპირობა აქტის ვადაგადაცილებით გასაჩივრება და არის თუ არა სახეზე ვადის აღდგენის კანონისმიერი საფუძვლები.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის რიგი დებულებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს ზემოაღნიშნული საკითხის დადგენას და თვლის, რომ მითითებული საკითხი გარკვეულწილად განსაზღვრავს წინამდებარე სარჩელის საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 მაისის ¹454/კ ბრძანების კანონშეუსაბამობის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან წარმოდგენილი ზოგადი მითითება იმის თაობაზე, რომ მინისტრის 2008 წლის 20 თებერვლის ¹149 ბრძანება რესურსცენტრში შევიდა დაგვიანებით, არ ქმნის იმის მტკიცების საკმარის საფუძვეს, რომ საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოკვლეულია არასრულყოფილად. ასეთ პირობებში სასამართლო ვალდებულია კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით დაადასტუროს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის არასრულყოფილად გამოკვლევის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.