ბს-780-774(კს-11) 7 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თ. ვ-შვილი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოპასუხისათვის: ჯარიმის სახით – 5000 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით – 1500 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 3-11).
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს – თ. ვ-შვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით – 5000 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი პირგასამტეხლოს სახით – 1500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 37-42).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 46-55).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 369.1, 374-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 16 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2011 წლის 1 აპრილს, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია (იხ. ს.ფ. 59-61)
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2011 წლის 29 მარტს (გასული სააპელაციო საჩივრის ¹4/1096) კანონით დადგენილი ვადის დაცვით, რაც დასტურდება საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის საფელდეგერო განყოფილების რეესტრზე, ფოსტის ბეჭდით (იხ. ს.ფ. 66-71).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია.
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2011 წლის 15 მარტს (იხ. ს.ფ. 44) და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ჩაჰბარდა 2011 წლის 16 მარტს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ შეტყობინებაზე დასმული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 45). აღნიშნულ ფაქტს არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2011 წლის 30 მარტს.
თელავის რაიონულ სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარეგისტრირდა 2011 წლის 1 აპრილს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული თელავის რაიონული სასამართლოს ბეჭდით (იხ. ს.ფ. 46) და რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას. საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო საჩივარს დართული არ ჰქონდა საფოსტო კონვერტი, რითაც დადასტურდებოდა სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილების მეშვეობით შეტანის ფაქტი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა საფოსტო განყოფილების მეშვეობით და ფოსტას სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა 2011 წლის 29 მარტს, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა 2011 წლის 29 მარტის კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს ¹279 რეესტრი (იხ. ს.ფ. 69-70).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.