Facebook Twitter

ბს-557-549(გ-07) 24 ივლისი, 2007 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ, შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დ. ა-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს არქივის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და შვილის _ ა. ა-ის დაბადების მოწმობის აღდგენის შესახებ, მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება (იხ.ს.ფ. 3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე მუხლები და განმარტა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს არქივის ცნობის თანახმად, დ. ა-ის დაბადების შესახებ სამოქალაქო აქტების გაცემა შეუძლებელია აფხაზეთში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების არქივის უქონლობის გამო, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, სსსკ-ის მეექვსე კარის თანახმად, სასამართლომ უდავო წარმოების წესით უნდა დაადგინოს დ. ა-ის დაბადების რეგისტრაციის ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაბადების მოწმობის აღდგენის თაობაზე აღძრული სარჩელი გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან და, შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წრმოადგენდა (იხ.ს.ფ 19-20).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას აღნიშნული საქმის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის თაობაზე, წამოიწყო რა დავა განსჯადობის თაობაზე და დ. ა-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს არქივის მიმართ, თანდართულ მასალებთან ერთად, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სასამართლომ დაააბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, შეცვალოს სარჩელის საგანი ან საფუძველი. საპროცესო კოდექსის მეექვსე კარის შესაბამისად აღძრული სარჩელი ამა თუ იმ პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შესახებ, განეკუთვნებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ მოთხოვნათა კატეგორიას, მაგრამ მოსარჩელეს ამგვარი მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა, რომ დ. ა-ის მოთხოვნა მიზანშეწონილია განხილულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეექვსე კარის შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლს (იხ.ს.ფ. 22-25).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ დ. ა-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ Yთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე და რა მოსაზრებით მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394. “ე” მუხლის მოთხოვნები.

კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს არქივის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უარი თქვა მოსარჩელეს შვილის _ ა. ა-ის დაბადების მოწმობის აღდგენაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაბადების მოწმობის აღდგენის შესახებ, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელსაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა აწესრიგებს.

საკასაციო სასამართლო “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტების ჩანაწერის შეცვლის, აღდგენისა და გაუქმების, აგრეთვე, სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის წესს, ასევე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემასა და სამართლებრივ სტატუსს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს არქივი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში _ ეროვნული სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით, ხოლო მისი საქმიანობა ამავე დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, მოახდინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, წარმოადგენს საჯარო, მმართველობით სფეროში მინიჭებულ იურისდიქციას, რომლის განხორციელების პირობებში კერძოსამართლებრივი აქტები იძენს საჯარო აქტების ხასიათს. შესაბამისად, პირის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერების შემოწმება სარჩელის საფუძველზე, სწორედ ადმინისტრაციული სასამართლოს იურისდიქციას წარმოადგენს.

ამასთან, დ. ა-ის სარჩელის მოთხოვნაა ასევე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის შვილის _ ა. ა-ის დაბადების მოწმობის აღდგენის შესახებ, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. “გ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე და რაც თავის მხრივ, საჭიროებს სასამართლოს მიერ სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში, თუ განცხადებით მიმართონ სასამართლოს უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტის დადგენის მოთხოვნით. ამასთან, სარჩელის სწორი კვალიფიკაციის განსაზღვრაც სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობაა და სასამართლო შეზღუდულია მიზანშეწონილობის თავლსაზრისით, საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეზღუდულია რა “მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით”.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სასამართლოს დასკვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეექვსე კარის შესაბამისად, სამოქალაქო სასამართლოს უდავო წარმოების წესით უნდა დაედგინა დ. ა-ის დაბადების რეგისტრაციის ფაქტი. ამდენად, დავა გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რაც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია დაუსაბუთებლად, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ დისპოციზურობის “ნების ავტონომიის” პრინციპის გათვალისწინებით, აღძრა არა განცხადება უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტის დადგენის მოთხოვნით (აღნიშნული მოთხოვნით მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს, არც სხდომის ოქმში ფიქსირდება ამგვარი) რა დროსაც ფაქტის დადგენა ხდება განცხადების შეტანის გზით, არამედ მოსარჩელემ მკაფიოდ განსაზღვრა მოთხოვნა _ ადმინისტრაციული აქტის გაუქმება და ახალი აქტის გამოცემის დავალების ფორმით.

აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ სამართლებრივ ურთიერთობას, ასე მაგალითად, სსს კოდექსის 11.1. “ა” მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, ასევე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, კერძოდ, დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ასევე სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სამოქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას _ განსჯადობის შესახებ დავის წამოწყებას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ ადმინისტრაციული დავების განხილვაა დაშვებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 “გ” მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ა-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს არქივის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს; წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.