¹ 3გ/ად-77-კ-01, 27 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ორდერის გაუქმება და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 19 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ რ., ნ., დ. და შ. მ-ეების მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს სამართალმემკვიდრეობით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ნაწილის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის, ქ. ბათუმში, ... მდებარე 27 კვ.მ ფართის ¹29 ბინა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბინა სამსახურებრივი სარგებლობისათვის გაცემული იყო რ. მ-ეზე, რომელიც 1987 წლიდან მსახურობდა რუსეთის ფედერაციის ფედერალურ სასაზღვრო სამსახურში, მაგრამ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში სამსახური აღარ გაუგრძელებია მას შემდეგ, რაც 1999 წელს რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა სასაზღვრო ჯარებმა დატოვეს აჭარის ა\რ-ის ტერიტორია.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხეებს არანაირი სამსახურებრივი ურთიერთობა აღარ აკავშირებდათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ამდენად, უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული ზემოთ აღნიშნული ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ...
მოსარჩელემ ითხოვა ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 1997წ. 15 დეკემბერს გაცემული ¹00040 ორდერის გაუქმება და მოპასუხეების გამოსახლება სადავო ბინიდან.
მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ სადავო ბინა რ. მ-ს ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1996წ. 7 აგვისტოს ¹12 ოქმის, 1996წ. 25 დეკემბრის ¹53 ოქმის, ქ. ბათუმის მერიის 1997წ. 2 დეკემბრის ¹496 გადაწყვეტილებისა და ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 1997წ. 15 დეკემბერს გაცემული ¹00040 ორდერის საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. და ნ. მ-ებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი იმ საფუძვლით, რომ არც ქ. ბათუმის მერიის 1997წ. 2 დეკემბრის ¹496 გადაწყვეტილებაში და არც ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 1997წ. 15 დეკემბერს გაცემულ ¹... ორდერში არ არის მითითებული, რომ რ. მ-ს მიეცა სამსახურებრივი ბინა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რ. მ-მ მიიღო საუწყებო ბინა იმ უწყებიდან, რომელშიც იგი მუშაობდა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 პუნქტის თანახმად, როგორც ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, უფლება ჰქონდა პრივატიზაცია გაეკეთებინა სადავო ბინისათვის.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.
კასატორმა საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-14 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევდნენ დროებით სარგებლობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 1997წ. 15 დეკემბერს რ. მ-ის სახელზე გაცემული ¹00040 ორდერი და რ. და ნ. მ-ები შვილებთან _ შ. და დ. მ-ებთან ერთად, გამოსახლდნენ ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹29 ბინიდან.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» დროებითი დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევდნენ დროებით სარგებლობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით, ხოლო სამხედრო მოსამსახურეების სიას, რომლებსაც ეძლეოდათ ბინები, წარუდგენდნენ ორდერის გამოსაწერად შესაბამის საქალაქო და რაიონული მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა სასაზღვრო სამსახურმა რ. მ-ს სადავო ბინა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადასცა და იგი მას დროებით სარგებლობისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფედერალურ სასაზღვრო ჯარებში მისი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით მიეცა, მაგრამ, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოდან გასვლის შემდეგ რ. მ-ს საქართველოს სასაზღვრო ჯარებში სამსახური აღარ გაუგრძელებია, ამდენად, სადავო ბინაში მოპასუხეების ცხოვრებას კანონიერი საფუძველი აღარ გააჩნდა.
რ. და ნ. მ-ებმა 2006წ. 19 აპრილს განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 1 მაისის განჩინებით რ. და ნ. მ-ების განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მათ სრულყოფილი განცხადების წარსადგენად მიეცათ 14 დღის ვადა ხარვეზის შესახებ 2006წ. 1 მაისის განჩინების ჩაბარებიდან.
რ. და ნ. მ-ებმა 2006წ. 18 მაისს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სრულყოფილი განცხადება წარადგინეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მიუთითეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მათ საქმეზე მიღებულ იქნა აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და მათი მრავალსულიანი ოჯახი გამოსახლებულ იქნა სასამსახურო ბინიდან, მაშინ, როდესაც ამავე სასამართლოს ანალოგიურ დავებზე სხვაგვარი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს ყველა სარჩელს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების სასამსახურო ბინებიდან გამოსახლების თაობაზე უარი ეთქვა.
განმცხადებლები მოითხოვენ ახლად აღმოჩენილად (ანალოგიით) იქნეს მიჩნეული აჭარის ა/რ სამთავრობო კომისიის 2002წ. 28 მაისის მოხსენებითი ბარათი და «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 2 მარტის ¹124 ბრძანებულება, ვინაიდან აღნიშნულ აქტებში მითითებულია, რომ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამხედრო სამსახურში იმსახურეს უწყვეტი 10 კალენდარული წელი და მიიღეს ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით, უსასყიდლოდ იძენენ მათზე საკუთრების უფლებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. განმცხადებლები, ამასთან, მიუთითებენ, რომ, მართალია, ხსენებულ დებულებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებაც ითვალისწინებდა, მაგრამ ზემოხსენებული სამთავრობო კომისიის მოხსენებითი ბარათი და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება მაშინ მიღებული რომ ყოფილიყო, საკასაციო სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებდა, მით უფრო, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-18 პუნქტს ეწინააღმდეგებოდა.
განმცხადებელთა განმარტებით, 2001წ. ნოემბერში მათი განცხადების პასუხად ქ. ბათუმის მერიამ აცნობა, რომ ოფიციალურად მიმართა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს, რომ, როგორც გამონაკლისი შემთხვევა, მოსარჩელეთა ოჯახი ბინიდან არ გამოესახლებინა, რის შემდეგაც 2005წ. ზაფხულამდე მოსარჩელეები აღარავის შეუწუხებია, ხოლო 2005წ. ზაფხულში, როდესაც მოსარჩელეებს წარუდგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, მოცემულ საქმეზე მისივე 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, მათ ჩათვალეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმებული იყო და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფლებამონაცვლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალური სამმართველო (აჭარა) უკანონოდ მოითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის გაუქმებული გადაწყვეტილების საფუძველზე მათ გამოსახლებას. აქედან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც მათი სარჩელი დააკმაყოფილა 2006წ. 22 მარტს და სწორედ ამ დროს გახდა მათთვის ცნობილი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება კვლავ ძალაში იყო.
რ. და ნ. მ-ების მოსაზრებით, უდავოდ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების როგორც ფორმალური, ისე სამართლებრივი საფუძვლები.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფლებამონაცვლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალურმა სამმართველომ (აჭარა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა შესაგებელი რ. და ნ. მ-ების განცხადებაზე და აღნიშნა, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა საქმე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელის გამო მოპასუხეების _ რ., ნ., დ. და შ. მ-ების მიმართ, რომელიც საქართველოს უზენაეს სასამართლოში შევიდა 2006წ. 24 ივლისს. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე რ. და ნ. მ-ების განცხადების განხილვა გადაინიშნა 2006წ. 26 ივლისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 26 ივლისის განჩინებით რ. და ნ. მ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა: გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და განახლდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს (ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალური სამმართველო (აჭარა)) საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს (ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალური სამმართველო (აჭარა)) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
«საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისპლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-17 პუნქტის თანახმად, ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც სამხედრო უწყებიდან მიიღეს ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ მისი მიღებიდან და სამხედრო ნაწილში ათიწ. სამსახურის ვადის გავლის შემდეგ მათი პრივატიზაცია მოახდინონ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: რუსეთის ჯარების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების უფროსის _ ვიცე-პოლკოვნიკ დ. ც-ის 2006წ. 26 დეკემბრის ¹1028 ცნობით დასტურდება, რომ სსრკ თავდაცვის სამინისტროს 1975წ. 10 ნოემბრის ¹128 ბრძანების საფუძველზე, რ. მ-ეს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, გადაეცა ბათუმში ... მდებარე ¹29 ბინა, რომელსაც სამხედრო უწყებაში 10 წლის კალენდარული ნამსახურობის სტაჟი ჰქონდა.
აქვე წარმოდგენილია 1993 წელს გაცემული ატესტაციის შედეგების დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რ. მ-ს ოფიცრის წოდება მიენიჭა. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნამსახურობის ნუსხა ადასტურებს, რომ რ. მ-ის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის კალენდარული ნამსახურობა 10 წელს, 10 თვესა და 16 დღეს შეადგენდა.
ქალაქ ბათუმის მერიის 1997წ. 2 დეკემბრის ¹496 გადაწყვეტილებით, რ. მ-ის 5 სულიანი ოჯახი შესახლებულ იქნა სამხედრო გარნიზონის ფონდში რიცხულ, ბათუმში, ... მდებარე ¹29 ბინაში. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 1997წ. 15 დეკემბერს რ. მ-ის სახელზე გაიცა ორდერი.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ე უდავოდ წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-17 მუხლით გათვალისწინებულ იმ სუბიექტს _ ოფიცერს, რომელსაც სამხედრო უწყებაში 10 წლის კალენდარული ნამსახურობის შემდეგ უფლება ენიჭებოდა სამსახურებრივი დანიშნულებით მიღებული ბინის პრივატიზება მოეხდინა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. მ-ისა და მისი ოჯახის სადავო ბინიდან გამოსახლების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს (ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალური სამმართველო (აჭარა)) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს (ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალური სამმართველო (აჭარა)) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.