¹ბს-1482-1059(2კ-05) 7 მარტი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე); 2. ქ-ია (მოსარჩელე)
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 15 სექტემბერს პ. ქ-იამ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით:
პ. ქ-ია 2000 წლის ნოემბრიდან 2004 წლის 2 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში. 2004 წლის 2 აგვისტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გათავისუფლებულდა სამუშაოდან. სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით ახლად დანიშნულ პირებთან შედარებით (ს.ფ. 2).
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. ქ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
წინანდელ სამუშაოზე აღდგენის შესახებ პ. ქ-იას მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს საშტატო ერთეული, რომელზეც იგი მუშაობდა გათავისუფლებამდე და არ არსებობს მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა, რადგან “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის ¹426 ბრძანებით საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის, რკინიგზის ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე ზედამხედველობის სამმართველო აღარ არის გათვალისწინებული, ხოლო “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგის მიხედვით მუშაკთა რიცხოვნობა შემცირდა 225 ერთეულით და განისაზღვრა 268 ერთეულით.
რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის მოტივით არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ იმის გამო, რომ პ. ქ-იას ოჯახში მუშაობს მხოლოდ მოსარჩელე და ამ უკანასკნელს ჰყავს სკოლის ასაკის ორი შვილი (ს.ფ. 88-89).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ქ-იამ და მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ მიუთითა “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონისა და შრომის კანონთა კოდექსის შესაბამის მუხლებზე, რომლებითაც დასაბუთდებოდა პ. ქ-იას სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება. სასამართლომ არ იმსჯელა, რომ მოსარჩელის გათავისუფლებისას დაირღვა “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ვაკანტური თანამდებობები არსებობდა, რაც დასტურდება საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 11 თებერვლის ¹01-115/2411 და 2005 წლის 12 იანვრის ¹02-15/284 წერილებით, მაგრამ პ. ქ-იას არ შესთავაზეს სხვა თანამდებობა. ასევე უხეშად იქნა დარღვეული “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 42-ე მუხლები და ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა, რომ პ. ქ-იას ჰქონდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება (ს.ფ. 91-93).
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (ს.ფ. 111-113).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით პ. ქ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პ. ქ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1408 ბრძანება პ. ქ-იას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პ. ქ-იას სამუშაოდან გათავისუფლების დროს უხეშად დაირღვა “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კანონის 97-ე მუხლი, კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რაც “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ ქმნის საფუძველს მოხელის გათავისუფლებისათვის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი პ. ქ-ია გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან, ვიდრე ეს უკანასკნელი უარს არ განაცხადებდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, პ. ქ-იასათვის კი სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია პ. ქ-იას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლოა, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ პ. ქ-იას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობა გაუქმებულია და იგი საშტატო განრიგით არ არის გათვალისწინებული (ს.ფ. 148-153).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და პ. ქ-იამ.
ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, პ. ქ-იას სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის დარღვევით, იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად განმარტა “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან რეორგანიზაციის დროს, როდესაც ხდება შტატების შემცირება, მოხელეს შესაძლებელია ადმინისტრაციამ შესთავაზოს მხოლოდ სხვა ვაკანტური თანამდებობა და ამ შემთხვევაში ხდება მოხელის დანიშვნა ან გადაყვანა სხვა თანამდებობაზე, თუ კი არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც შეიძლება მოხელის დანიშვნა ან გადაყვანა.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოხდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ხოლო ადმინისტრაციას არ ჰქონდა შესაძლებლობა მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, რადგან არ არსებობდა ვაკანტური თანამდებობა, არ არსებობს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ფინანსთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება (ს.ფ. 159-160).
პ. ქ-იამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პ. ქ-იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მისი აღდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ნებისმიერ ს-რო სამსახურის თანამდებობაზე შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან, აღნიშნული ნორმის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამუშაოდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტში არსებობდა სხვა ვაკანტური თანამდებობა და პ. ქ-ია თანახმა იყო დანიშნულიყო ნებისმიერ თანამდებობაზე, ადმინისტრაციას არ უნდა გაეთავისუფლებინა იგი სამუშაოდან და უნდა დაენიშნა ვაკანტური თანამდებობიდან ერთ-ერთზე (ს.ფ. 165-167).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და პ. ქ-იას საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტი, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რაზეც კასატორებს არ წამოუყენებიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციას პ. ქ-იასათვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა, რითაც დაარღვია “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი რედაქციის იმპერატიული მოთხოვნა, რადგან ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეორგანიზაცია არ წარმოადგენს მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, ხოლო თუ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, შესაძლებელია მოხელე გათავისუფლდეს სამსახურიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანახმა არ არის დაინიშნოს მისთვის შეთავაზებულ სხვა თანამდებობაზე, რაც პ. ქ-იას მიმართ არ იქნა დაცული. აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია არაკანონიერად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1408 ბრძანება პ. ქ-იას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რომ არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე და ამასთან დაკავშირებით, არ უსარგებლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და არ გამოუთხოვია სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ, პ. ქ-იას სამუშაოდან გათავისუფლებისა და სადავო ბრძანების მიღების დროს ადმინისტრაციას ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა შეეთავაზებინა პ. ქ-იასათვის სხვა თანამდებობა. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის ¹426 და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია და პ. ქ-იას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობა აღარ არსებობს, მაგრამ არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების შესაბამისად, გაუქმებულ იქნა რა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი _ გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამმართველო, მისი ფუნქციები გადაეცა თუ არა სხვა სამმართველოს და არსებობდა თუ არა პ. ქ-იასათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხების გადაწყვეტისას, კერძოდ, პ. ქ-იას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანების კანონიერების შემოწმებისა და სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით, უნდა დაადგინოს, რეალურად განხორციელდა თუ არა გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამმართველოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები გადაეცა თუ არა სხვა სამმართველოს, თუ აღნიშნული სტრუქტურული ერთეული იქნა გაუქმებული და არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე, რადგან აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ, ადმინისტრაციას უნდა დაეცვა თუ არა “ს-რო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს არ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟი, რადგან არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორის აღნიშნული მოტივი დაუსაბუთებელია და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, რადგან კასატორის მოსაზრება სადავო ბრძანების კანონიერების შესახებ გავლენას ვერ მოახდენდა სასამართლო ხარჯების გადანაწილებაზე და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა არსებით განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული მითითებები საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და პ. ქ-იას საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და პ. ქ-იას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.