Facebook Twitter

ბს-1167-782(კ-05) 16 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2002წ. 26 აგვისტოს გ., ე., გ., ჯ., რ., ბ., დ. და თ. ც-მა, გ. და გი. წ-ებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპრტამენტის, მესტიის რაიონის გამგეობის და მესტიის რაიონის საგზაო სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხე საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მდინარე ტვიბრის კალაპოტის აშენების უზრუნველსაყოფად 425000 ლარის, აგრეთვე, მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურების სახით თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 10000 ლარის დაკისრება, მოპასუხე მესტიის რაიონის გამგეობისა და საგზაო სამმართველოსათვის ნამგომის მოსახვევიდან ლამურყვამის სასაფლაოს მოსახვევვამდე გზის ნაპირზე არსებული ლოდების უსაფრთხო ადგილზე გადატანის დავალება, მესტიის რაიონის გამგეობისათვის დაბერის მეცხოველეობის ყოფილი ფერმის რკინა-ბეტონის კონსტრუქციისაგან მიწის ნაკვეთის განთავისუფლების დავალება და მოსარჩელე გ. წ-ისათვის 1992 წლიდან მიწაზე საკუთრების უფლების განუხორციელებლობის გამო 5000 ლარის დაკისრება, სადავო სათიბ-საძოვრების გამოსაყენებლად უვარგის მდგომარეობაში მოყვანის გამო მესტიის რაიონის გამგეობისათვის 1 ჰექტარზე 1500 ლარის, სულ 5350 ლარის დაკისრება, საგზაო დეპარტამენტისათვის მოსარჩელე ჯ. ც-ის სასარგებლოდ სახლის დანგრევით გამოწვეული ზარალის სახით 5000 ლარის დაკისრება და სათიბ “ჟიბღალის” სარწყავი არხის განადგურების გამო მისსავე სასარგებლოდ 3000 ლარის დაკისრება, ამასთან მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამუშაოთა შესასრულებლად მოპასუხეებისათვის გონივრული ვადის დაწესება, ხოლო ამ ვადაში სამუშაოთა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს სახით 150 000 ლარის და საურავის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2000 ლარის დაკისრება.

მოსარჩელეები თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

გასული საუკუნის 80-იან წლებში საქრთველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საავტომობილო გზების სამინისტრომ ჩაატარა ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზის გაფართოება-რეკონსტრუქცია. მშენებლებმა გზის გაფართოებისას გზის ორივე მხარიდან ბულდოზერებით ხევში ჩაყარეს ათასობით კუბური მეტრი ქვა-ღორღი და გაივსო მდინარის კალაპოტი, ხოლო გზების გაფართოება ძირითადად მიმდინარეობდა ზაფხულში, როდესაც მდინარე კალაპოტში მცირედ მოედინებოდა.

მომდევნოწ. გაზაფხულზე თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად დაგროვილმა წყალმა დაძრა ათასობით კუბური მეტრი მასა და მიაყარა სოფელს, რის შედეგადაც ზიანი მიადგა სოფლის მცხოვრებლებს, მათ შორის, დაინგრა მოსარჩელე ჯ. ც-ის საცხოვრებელი სახლის ორივე სართული.

მოგვიანებით, სოფლის მცხოვრებთა ძალისხმევით მთავრობამ ადგილზე მიავლინა ინჟინრები ხ. ტ-ის ხელმძღვანელობით, რომლებმაც შეიმუშავეს სოფლის გადარჩენის პროექტი და ორიწ. განმავლობაში აშენდა მდინარის კალაპოტი (დაახლოებით 290 მეტრი სიგრძის), რომელიც წლების შემდეგ დაზიანდა და ავარიული გახდა. აღმოჩნდა, რომ კალაპოტის კედლებს თითქმის არა ჰქონდა ფუნდამენტი, არ იყო გამოყენებული არმატურა, რის გამოც არსებობს წყლის კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროება, რომლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ახლანდელი ჯებირიდან 100 მეტრის დაშორებით უფრო მაღალი ჯებირის აშენება, რაც შეაკავებს ქვა-ღორღისა და ნაშალი მასალის ჩამოტანას.

მოსარჩელეები თვლიან, რომ გზის რეკონსტრუქციის პროექტის შედგენისა და მშენებლობისას სოფლის გეოგრაფიული მდებარეობის გაუთვალისწინებლობის გამო, შეილახა მათი პატივი და ღირსება, რამდენადაც აბუჩად აიგდეს სოფლის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები. წყლის კალაპოტის გაკეთებამდე წყალი უფრო ფართოდ მოედინებოდა, ნაპირები დამრეცი იყო. წყალს წინაღობები ჰქონდა ფსკერსა და ნაპირებზე არსებული ქვების სახით, რის გამოც წყალი უხმაუროდ მიედინებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბეტონში ჩაჯდა ნაპირები და ფსკერიც ბეტონით დაიფარა, კატასტროფულად გიაზარდა წყლის სიჩქარე, მიემატა ძალა, მიაგროვა საკმაოდ მოზრდილი ქვები, რომლებიც ეჯახება ერთმანეთს, ბეტონის ფსკერს, კედლებს და სოფელში უწყვეტად გაისმის გამაყრუებელი გრუხუნი. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული იწვევს მათ “სრულ ფსიქიკურ დისკომფორტს, კერძოდ, უძილობას, შრომის ნაყოფიერების შემცირებას და ა.შ”, რასაც ადასტურებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ გ. ქ-ს დასკვნა იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოსდევს ზღვრულ ოდენობაზე მაღალი სიხშირის ხმაურს, ხოლო ოტოლარინგოლოგთა კონსულტაციებიდან ირკვევ, რომ მაღალი ინტენსივობის ხმაური იწვევს ყურის ნიჟარის კაპილარების შევიწროებას, აბრკოლებს სისხლის მიმოქცევას და ყურში იწყება არასასიამოვნო წრიპინი.

მოსარჩელე თვლის, რომ ამ და სხვა ფაქტორების გამო, მიზაშეწონილი იყო შუა სოფელში ღია კალაპოტის გაკეთება, რაც თავიდან ააცილებდა სოფლის მოსახლეობას ნეგატიურ ფაქტორებს. გზების რეკონსტრუქციისას, ასევე ყოველწლიურად გზების გაწმენდისას გზის ნაპირზე საგზაო სამმართველო უამრავ ქვას და ლოდს ტოვებს, რის გამოც გზიდან დაგორებული ერთ-ერთი ქვა დაეჯახა მოსარჩელე ჯ. ც-ის სახლის კარებს და შეამტვრია იგი.

გზების გაფართოებისას მშენებლებმა გზიდან გადაყარეს მოჭრილი მიწა, ქვა-ღორღი, რომელმაც მრავალიწ. განმავლობაში დაფარა ბუჩქნარები, ხოლო სათიბ-საძოვრები დააზიანა და უვარგისი გახადა. გაუვარგისებელი ადგილებია ე.წ. შგედილში 2 ჰა, ტვიბარის და სკერიშის მიდამოებში 1 ჰა და ლამურყვამში 0,5 ჰა, ვინაიდან ეს ფართოებები სათიბ-საძოვრებად უვარგისი გახდა. ამასთან, გზის გაფართოებისას გადაყრილმა მასამ სოფლის მცხოვრებლების: ჯ. ც-ისა და ბ. ც-ის კუთვნილ სათიბში “ჟიბღალაში” მწყობრიდან გამოიყვანა სარწყავი არხი, რომელიც 1983 წლიდან მოკლებული იყო წყალს, ხოლო მოგვიანებით მითითებული არხი გაქრა ისე, რომ მოსარჩელეებმა მისი გამოყენებაც ვერ მოასწრეს.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ განცხადებაში მოტანილი ფაქტები არ საჭიროებენ ექსპერტიზას, რადგან საკმარისია ადგილმდებარეობის გულმოდგინედ დათვალიერება, ამასთან მითითებული ფაქტები დადასტურებულია საქმეში არსებული ფოტომასალითაც.

სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:

მოსარჩელეები თვლიან, რომ დაირღვა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლება, ასევე 37-ე მუხლით გათვალისწინებული, ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უგულებელყოფილია. ასევე, მოსარჩელეთა აზრით, შელახულია საქართველოს კონსტიტიციის მე-17 მუხლით დაცული პატივისა და ღირსების უფლება.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულია ევროპის კონვენციის I ნაწილის პირველი და მე-8 მუხლები, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად, საოჯახო ცხოვრებას, საცხოვრებელს, ასევე დარღვეულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3, მე-8, მე-12, მე-17, 22-ე მუხლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სსკ-ის 992-ე და 1000-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია, აუნაზღაუროს მოსარჩელეს მართლსაწი-ნააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანი.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ის ფაქტი, რომ საავტომობილო გზების სამინისტრომ წყალი ბეტონის კალაპოტში ჩასვა და მის სათავეში დამცავი კედელი ააშენა, ხოლო მოსარჩელე გ.წ-ის სარჩელის განხილვისას სარჩელი ცნო და მას მიყენებული ზარალისათვის გადაუხადა 8200 საბჭოთა მანეთი, ნიშნავს, რომ მათ აღიარეს ბრალეული პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე და სსკ-ის 106-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეები თვლიან, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნები დამტკიცებას არ საჭიროებს, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მტკიცებას აღარ საჭიროებს.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 1507.3. მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ახალი კოდექსით. ამასთან, მოსარჩელეთა აზრით, სკ-ის 128. “ა” მუხლის შესაბამისად, მათი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, რადგან ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება პირად არაქონებრივ უფლებებზე, რომელსაც განეკუთვნება პატივისა და ღირსების შელახვის გამო და გზებზე დაყრილი ლოდების უსაფრთხო ადგილებზე გადატანის შესახებ მოთხოვნა. ხოლო ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის ვადა სამი წელია იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეთათვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის თაობაზე ცნობილი გახდა 2001წ. ოქტომბერში.

მოსარჩელეები თვლიან, რომ სკ-ის 149-ე, 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე, 80-იან წლებში მოსარჩელე გ. წ-ის მიწის ფართობზე აშენებული ფერმა ექვემდებარება დანგრევას და მიწის რკინა-ბეტონის კონსტრუქციისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან 1992 წელს მიწების დენაციონალიზაციის შედეგად, პრივატიზაციის სახით მიწის ფართობი ყოფილ მეპატრონეს დაუბრუნდა, რომელსაც მიღებული აქვს სარეგისტრაციო მოწმობა, მაგრამ იგი, როგორც მიწის მესაკუთრე, ვერ ახორცილებს მიწაზე საკუთრების უფლებას, კერძოდ, ვერ იყენებს მას სათიბად, სოფლის მოსახლეობა კი _ საძოვრად. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული მიწის რკინა-ბეტონის კონსტრუქციისაგან გათავისუფლება მათ საზიარო უფლებას წარმოადგენს.

მოგვიანებით, მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით საქმეზე სასამართლო-სამედიცინო, საინჟინრო-ტექნიკური და წყლის ხმაურის გამოკვლევის ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, აგრეთვე მოწმის სახით მესტიის რაიონის ყოფილი მოსამართლის ბუთული მჭედლიანის, სახალხო მსაჯულების, სხდომის მდივნის, მესტიის ბანკის მმართველის დაკითხვის შესახებ, რაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა.

მოპასუხე მესტიის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ფერმის შენობა აშენებულია კომუნისტური პერიოდის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, მაგრამ მის უფლებამონაცვლეს მოცემულ შემთხვევაში მესტიის რაიონის გამგეობა არ წარმოადგენს, რადგან საბჭოთა მეურნეობების ქონებიდან გამგეობას არ ჩაჰბარებია ქონება, არ შემდგარა ბალანსი, რის გამოც აღნიშნული გამგეობის შენობა გამგეობის საკუთრებაში არ გადასულა. უფრო მეტიც, 1991-1993 წლებში ფერმის შენობა დაანგრიეს მოსარჩელე წ-ის თანასოფლელებმა. ფერმის შენობიდან დარჩენილია მხოლოდ რკინა-ბეტონის ბოძები, რომლის მოხსნა და დაშლა გამგეობის კომპეტენციას არ წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის საკუთრების უფლების განუხორცილებლობის გამო, გამგეობისათვის 5000 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელეთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ 1992 წელს განხორციელდა მიწების პრივატიზაცია, რადგან მოსახლეობისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემა ამჟამადაც მიმდინარეობს, ხოლო მიწის მართვის სამმართველოს წერილობით ცნობის შესაბამისად, სოფ. ფარისა და სოფ. ზედა ლუჰის მოსახლეობაზე და მათ შორის, მოსარჩელე წ-ზე არ არის გაცემული მიწის ფართობების საკუთრებაში გადაცემის სარეგისტრაციო მოწმობები.

მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელეთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მათი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, რამდენადაც თვლის, რომ გასულია კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ის გარემოება, რომ მათთვის 2001წ. ოქტომბერში გახდა ცნობილი ყოფილი ხელისუფლების სამართალმემკვიდრის ვინაობა, უსაფუძვლოა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ყოფილ საბჭოთა მეურნეობის ქონებიდან გამგეობას არ ჩაჰბარებია არავითარი ქონება. კანონის უცოდინრობა არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის აღდგენას.

მოპასუხე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოპასუხე თვლის, რომ სასამართლოს სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში, ვინაიდან მოსარჩელეები, რომლებმაც არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, არ თავისუფლდებიან ბაჟის გადახდისაგან.

მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა 20 წლის წინ მიღებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, ხოლო კალაპოტის რეკონსტრუქცია-შეკეთების მოთხოვნით, მოსარჩელეებს ჯერ უნდა მიემართათ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით და მხოლოდ უარის თქმის შემთხვევაში შეეძლოთ აღეძრათ სარჩელი ამგვარი მოთხოვნით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ვ. ც-ის შუამდგომლობა და შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთა 2002წ. 3 აგვისტოს განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დამთავრებამდე.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2003წ. 10 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა მესტიის რაიონული სასამართლოს მიერ ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბ. მ-ის, ადვოკატ შ.კ-ისა და სასარჩელო განცხადებაზე ხელმომწერ მოსარჩელეთა დაკითხვის შესახებ. ამავე განჩინებით მესტიის რაიონულ სასამართლოს დაევალა მოწმეთა და მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებების მიღება შემდეგ კითხვაზე: “იყო თუ არა მოსარჩელეთა მიერ 1980-იან წლებში განსახილველ სადავო საკითხზე მესტიის რაიონის სახალხო სასამართლოში შეტანილი სარჩელი საქართველოს სსრ საავტომობილო სამინისტროსა და მესტიის საგზაო სამმართველოს მიმართ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2003წ. 18 ივლისის დასკვნის მიხედვით, მდინარე ტვიბრის რკინა- ბეტონის კალაპოტის მოწყობისათვის საჭიროა შესრულდეს 399 611 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები; სოფ. ...ში არსებულ სათიბ-საძოვრებზე არსებული ფერმის შენობის დემონტაჟის და გატანის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 14918 ლარს, ხოლო სარწყავი არხების აღდგენის სამუშაოების ღირებულება-697 ლარს; ჯ. ც-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეული უნდა იყოს მდინარე ტვიბრის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად და აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 5090 ლარს.

2004წ. 9 მარტის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენელ გიული კილასონიას შუამდგომლობა და მოცემულ საქმეში გარდაცვლილი მოსარჩელის _ ჯ. ც-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა ვ. ც-ი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში 2004წ. 16 მარტს გამართულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვეს მდინარე ტვიბრის კალაპოტის აშენების უზრუნველსაყოფად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 399 611 ლარის, აგრეთვე ფიზიკური და მორალური ზიანის, ნაზღაურების სახით თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ათი ათასი ლარის დაკისრება; მესტიის რაიონის გამგეობისა და საგზაო სამმართველოსათვის უსაფრთხო ადგილზე, ნამგომის მოსახვევიდან ლამურყვამის სასაფლაოს მოსახვევამდე, გზის ნაპირზე არსებული ლოდების გადატანის დავალება; მესტიის რაიონის გამგეობისათვის გ. წ-ის სასარგებლოდ მოპასუხის ბრალით მიწაზე საკუთრების უფლების განუხორციელებლობით მიყენებული ზიანის სახით 14 918 ლარის ანაზღაურება და ყოფილი ფერმის რკინა-ბეტონის კონსტრუქციისაგან გათავისუფლება; სათიბ-საძოვრების უვარგის მდგომარეობაში მოყვანის გამო მოპასუხე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარატამენტისათვის 1 ჰა მიწის ნაკვეთზე 1500 ლარის, სულ 5350 ლარის გადახდის დაკისრება; მოსარჩელე ჯ. ც-ის სახლის დანგრევისათვის 5000 ლარის და სათიბ-ჟიბღალის სარწყავი არხის განადგურების გამო 3000 ლარის დაკისრება; მოპასუხეებისათვის სამუშაოთა შესასრულებლად გონივრული ვადის დანიშვნა, ხოლო სამუშაოთა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სკ-ის 417-420-ე მუხლების შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით 150 000 ლარის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის სახით 2000 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით გ. ც-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მესტიის რაიონის გამგეობას დაევალა თავისი ხარჯებით უსაფრთხო ადგილზე, ნამგომის მოსახვევიდან ლამურყვაძის სასაფლაოს მოსახვევამდე, გზის ნაპირზე არსებული ლოდების გადატანა, მასვე დაევალა დაბერის მეცხოველეობის ყოფილი ფერმის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისაგან მიწის ნაკვეთის გათავისუფლება, ხოლო დანარჩენ მოთხოვაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სკ-ის (1964წ. რედაქცია), რადგან დავა შეეხება 1980-1985 წლებში წარმოშობილ ურთიერთობებს.

სასამართლომ სკ-ის მე-80 მუხლის საფუძველზე, ჩათვალა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დრიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის-ერთი წლით, 84-ე მუხლის შესაბამისად, კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე, არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსი მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს არ ითვალისწინებს, რის გამოც მოსარჩელეთა მოთხოვნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის-მესტიის საგზაო სამმართველოს მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, სასამართლომ “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” კანონის მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები მესტიის რაიონის გამგეობის მიმართ სოფლის გზების ნაპირებიდან ლოდების გადატანისა და დაბერის მეცხოველეობის ყოფილი ფერმის რკინა-ბეტონის კონსტრუქციისაგან მიწის ნაკვეთის გათავისუფლების თაობაზე, კანონიერია.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მესტიის გამგეობის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობა, როგორც აღმასრულებელი ორგანო, ყოველწლიურად უზრუნველყოფს რაიონში როგორც საგადასახადო და საბიუჯეტო სფეროსათვის, აგრეთვე კომუნალური მომსახურების და სხვა სფეროების დაგეგმვასა და სათანადო ღონისძიებების შესრულებას.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე გ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა მესტიის რაიონის გამგეობის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან გ. წ-ზე სათანადო წესით მიწის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი არ გაცემულა.

სასამართლომ სკ-ის 317-ე და 412-ე მუხლების საფუძველზე დაასკვნა, რომ მესტიის გამგეობას მიწათსარგებლობის საკითხის გადაწყვეტამდე რაიმე ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია, რის გამოც ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომელებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი სასარჩელო მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის განჩინებით კასატორების _ გ. ც-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელეთათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით გ., გ., ჯ., რ., ბ. და თ. ც-ების, გ. და გი.წ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე მესტიის რაიონის გამგეობას და საგზაო სამმართველოს დაევალა ნამგორის მოსახვევიდან ლამურყვამის სასაფლაოს მოსახვევამდე გზის ნაპირზე არსებული ლოდების ყოველწლიურად, საჭიროებისამებრ უსაფრთხო ადგილზე გადატანა. ასევე, მესტიის რაიონის გამგეობას დაევალა დაბერის მეცხოველეობის ყოფილი ფერმის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისაგან მიწის ნაკვეთის გათავისუფლება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. გ. წ-ის სარჩელს, 1992 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე მიწაზე საკუთრების უფლების განუხორციელებლობის გამო, მოპასუხეებისათვის 14 318 ლარის დაკისრების შესახებ ეთქვა უარი; სარჩელში მითითებული სათიბ-საძოვრების გამოსაყენებლად უვარგის მდგომარეობაში მოყვანის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 5350 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო; მოსარჩელე ჯ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სახლის დანგრევით გამოწვეული ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო სათიბ-ჟიბღალის სარწყავი არხის განადგურების გამო-3000 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 5000 ლარის გადახდა. მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს გზების საავტომობილო დეპარტამენტისათვის მდინარე ტვიბრის კალაპოტის აშენების უზრუნველსაყოფად 399 611 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 150 000 ლარის დაკისრების შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქმის ფურცელ 230-ზე წარმოდგენილი საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტის-ტრანსპროექტის ცნობის მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში მიმართეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს თხოვნით, სოფელში გამავალი ხევის კალაპოტის გასამაგრებლად.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის კაპიტალური შეკეთების პროგრამის ხარჯზე, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს დავალებით, საქართველოს სახელმწიფო გზა-პროექტმა დაამუშავა აღნიშნული ხევის კალაპოტის გამაგრების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და პროექტის 4 ეგზემპლარი გადაეცა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს, როგორც დამკვეთს, ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახებოდა საპროექტო ინსტიტუტის არქივში.

სასამართლომ ასევე უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო კალაპოტის ამშენებელი არის საქართველოს საგზაო დეპარატამენტი, რომელიც წარმოადგენს საავტომობილო გზების სამინისტროს სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მდინარე ტვიბრის კალაპოტის აშენების უზრუნველსაყოფად 399 611 ლარის დაკისრების შესახებ.

სასამართლომ საქმის ფურცელ 229-ზე წარმოდგენილი წერილის საფუძველზე, რომლითაც ირკვევა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში და ასევე, არც “საქართველოს სახელმწიფო გზის პროექტში” არ აღმოჩნდა არხის პროექტი, დაასკვნა, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა მდინარე ტვიბრის კალაპოტის აშენების მიზნით, მოპასუხისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 399 611 ლარის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს სასამართლოში დოკუმენტი, კერძოდ, არხის მშენებლობის პროექტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადგენა, თუ კონკრეტრულად, რას ითვალისწინებდა აღნიშნული პროექტი, როგორი იყო საინჟინრო გათვლა პროექტის ავტორებისა და, შესაბამისად, როგორ იქნა იგი განხორციელებული გზათა სამინისტროს მიერ, იყო თუ არა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისას მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები დაცული და იყო თუ არა დამთავრებული ყველა ის სამშენებლო სამუშაო, რომლებიც საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებდა.

სასამართლომ”ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე დაასკვნა, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვალდებული არიან დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე უზრუნველყონ მისი კეთილმოწყობა, შიგა სარგებლობის გზების შეკეთება, გარემოს დაცვითი, სანიტარული და ამ ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრა, აგრეთვე წყვეტს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს, რის გამოც სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა მოსარჩელეთა მოთხოვნა მესტიის რაიონის გამგეობისა და საგზაო სამმართველოსათვის ნამგორის მოსახვევიდან ...ის სასაფლაოს მოსახვევამდე გზის ნაპირზე არსებული ლოდების ყოველწლიურად უსაფრთხო ადგილზე გადატანის დავალების და დაბერის მეცხოველეობის ყოფილი ფერმის რკინა-ბეტონის კონსტრუქციისაგან მიწის გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ დაასკვნა, რომ მესტიის რაიონის გამგეობა ვალდებული იყო მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემამდე უზრუნველეყო ამ ფართობების გათავისუფლება დანგრეული ფერმის შენობის რკინა-ბეტონის კონსტრუქციისაგან.

სასამართლომ გ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა საკუთრების უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიიჩნია დაუსაბუთებლად, ვინაიდან ექსპერტის დასკვნა შეეხებოდა სოფ. ...ში სათიბ-საძოვრებზე არსებული ფერმის შენობის დემონტაჟისა და გატანის სამუშაოების ღირებულებას, რაც შეფასებული იყო 14 918 ლარად, აღნიშნული კი არ წარმოდგენს საკუთრების უფლების განუხორციელებლობით ზიანის მიყენების დამადასტურებელ საბუთს.

სასამართლომ 2003წ. 18 ივლისის ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ჯ. ც-ის სახლის დაზიანება მდინარე “ტვიბრის” ადიდების შედეგადაა გამოწვეული, რა დროსაც გზის რეკონსტრუქციის გამო ჩახერგილი ლოდები მიაწყდა სახლს და დაანგრია იგი, რის გამოც ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 5090 ლარი, სასამართლომ სკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე დაასკვნა, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

სასამართლომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა სათიბ-საძოვრების უვარგის მდგომარეობაში მოყვანის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 5 350 ლარის დაკისრებისა და სათიბ-ჟიბღალის სარწყავი არხის განადგურების გამო 3000 ლარის დაკისრების თაობაზე სკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია ხანდაზმულად, ვინაიდან მოსარჩელეთა უფლება დაირღვა 80-იან წლებში, რაც დადასტურებულია საქმის ფურცელ 165-ზე წარმოდგენილი ფარის საკრებულოს 2002წ. 13 ოქტომბრის ცნობით, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში მესტია-ზუდიდის სამანქანო გზის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის დროს გზის მშენებელთა მიერ ბულდოზერებით ფერდობებზე გადაყრილი ქვა-ღორღის გამო სოფ. ზედა ...ში სათიბად უვარგისი გახდა ტვიბარი, რკერიში, ლამურყვაძის ტაფობი, შქედილი. ქვა-ღორღმა გაანადგურა, აგრეთვე, ტვიბარის, სკერიშის და ჟიბღალის სარწყავი არხები.

ამასთან, სასამართლომ 1964წ. სკ-ის 82-83-ე მუხლების საფუძველზე დაასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებულ მოთხოვნაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობდა.

სასამართლომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის ფსიქოლოგიის კათედრის დასკვნის და სოფლის მაცხოვრებთა დაავადებების ისტორიის, აგრეთვე საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ სოფლის შუაგულში მომდინარე წყლის აუტანელმა ხმაურმა გამოიწვია ყველა მათგანისათვის სმენის დაქვეითება ორთავე ყურში, რაც, სკ-ის 413-ე მუხლის შესაბამისად, ადასტურებს მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელეთა ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას, რის გამოც საგზაო დეპარტამენტი ვალდებულია, მოსარჩელეებს აუნაზღაუროს მორალური ზიანის სახით 5000 ლარი.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით საგზაო დეპარტამენტისათვის 150 000 ლარის დაკისრების შესახებ, ვინაიდან ძირითადი ვალდებულების, 399 611 ლარის, ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრება ძირითადი ვალდებულების თანმდევი შედეგია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური და ფიზიკური ზიანის სახით 5000 ლარის და ჯ. ც-ის სასარგებლოდ საცხოვრებელი სახლის დანგრევისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ჯ. ც-ის საცხოვრებელი სახლის დანგრევა გამოიწვია გზის რეკონსტრუქციის შედეგად ჩახერგილმა ლოდებმა, არასწორა, რამდენადაც საქმის მასალებში არსებული 2003წ. 18 ივლისის ექსპერტის დასკვნის მიხედვით, “გ. ც-ის სახლის დაზიანება სავარაუდოდ გამოწვეული უნდა იყოს მდინარე ტვიბრის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად”, რაც, კასატორის აზრით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბრალეულობას გამორიცხავს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ექსპერტის დასკვნა შეეხება გ. ც-ის სახლს და არა ჯ. ც-ის სახლს, რომლის სასარგებლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრა 5000 ლარის გადახდა, ვინაიდან მაშინ სახლი კი არ დაინგრა, არამედ დაზიანდა და იგი აღდგენილ იქნა, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 409-ე მუხლი, რამდენადაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ჯ. ც-ს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა, ხოლო აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობების შედეგად წარმოშობილ ზიანზე, რომლის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის ერთ-ერთი სახეა.

კასატორი თვლის, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას უარი უნდა ეთქვა ჯ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით, რადგან მოსარჩელის სახლი დაინგრა გასული საუკუნის 80-იან წლებში, რაც დადასტურებულია ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო არასწორად დაეყრდნო საქმეში არსებულ თსუ ფსიქოლოგიის კათედრის დასკვნას, რომელიც ბუნდოვანია და არასრულყოფილი, კერძოდ, ექსპერტის დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ საქმის მასალებში არსებულ ამბულატორულ ცნობებს, რომელთა მიხედვით სოფლის 51 მცხოვრებიდან 20-ს აღენიშნება სხვადასხვა სახის დაავადება, რომელთა გამომწვევი მიზეზი არ არის მდინარის ადიდებით გამოწვეული ხმაური, რაც არ დგინდება არც ზემომითითებული დასკვნით.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნის ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილებისას არასწორად გამოიყენა სკ-ის 413-ე მუხლი, რამდენადაც მითითებული ნორმა ვრცელდება ვალდებულებით, სამართლებრივ ურთიერთობებზე, მაშინ, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისი სამართლის ნორმა არ გამოუყენებია.

კასატორი თვლის, რომ ასევე ხანდაზმულია მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგან, მოსარჩელეთა განმარტებით, მათი სმენის დაქვეითება გამოიწვია არხისათვის კალაპოტის მშენებლობამ და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 80-იანი წლებიდან და არა 2001 წლიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა-საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ჯ. ც-ის უფლებამონაცვლე ვ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, გ., დ., ე., გ., ვ., რ., ბ. და თ. ც-ების, გ. და გი. წ-ების სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გ., დ., ე., გ., ვ., რ., ბ. და თ. ც-ების, გ. და გი. წ-ების სარჩელს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2 და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა, კერძოდ, სკ-ის 409-ე და 413-ე მუხლები, რამდენადაც მითითებული ნორმები ვრცელდება ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე, მაშინ, როცა სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში მიღებულია სსსკ-ის 393.2. “ა” მუხლის დარღვევით. აგრეთვე, სადავო სამართალურთიერთობაში მოსარჩელეებს წარმოადგენდნენ გ., ე., გ., ჯ., რ., ბ., დ. და თ. ც-ები, გ. და გი. წ-ები, ხოლო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა გ., ე., გ., ჯ., რ., ბ., დ. და თ. ც-ები, გ. და გი. წ-ების სარჩელი, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ერთ-ერთი მოსარჩელე _ დ. ც-ი არ არის მითითებული. უფრო მეტიც, სასამართლოს 09.03.2004წ. განჩინებით, მოსარჩელე ჯ. ც-ის გარდაცვალების გამო, სასამართლომ ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ ვ. ც-ი ჩააბა, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ჯ. ც-ის სარჩელი, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სრულყოფილად არ ასახავს საქმის განხილვის შედეგებს.

საკასაციო სასამართლო განმარტვს, რომ მითითებული უზუსტობები სასამართლოს მიერ სსსკ-ის 260-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად ექვემდებარებოდა გასწორებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 393.3. მუხლის თანახმად საქმე განხილულია საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე წარმოადგენს გადაწყვეტილების შეცვლის პროცესუალურ საფუძველს, ახალი გადაწყვეტილებით.

საკასაციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 42.9. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება სახელმწიფო სახსრებიდან ყველასათვის გარანტირებულია.

სკ-ის 317-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა, ამასთან, იგი განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებისაგან, სკ-ის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული, /ასე, მაგალითად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლი/, ამდენად, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მსჯელობის უსწორობაზე, მხარეებს შორის ხელშეკრულების არარსებობის გამო კანონის ნორმების არასწორი გამოყენების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო “გარემოს დაცვის შესახებ” კანონის პირველი მუხლის თანახმად განმარტავს, რომ მითითებული კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში (შემდგომ “გარემოს დაცვაში”) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით.

ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები “გარემოს დაცვის შესახებ” კანონის 29.1. მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს. “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქარველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.01წ. ¹297/ნ ბრძანებით (სსმ III, 2991 წ., ¹90 მუხლი 647-ე) დამტკიცებულ “ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე” ¹3 დანართით განსაზღვრულია ხმაურის მაქსიმალური დონეები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მიერ სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია, საქმის გარემოებები სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემობებს:

საქმის მასალებში არსებული საექსპერტო (14.03.2003წ.) დასკვნის თანახმად, რომელიც გაცემულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის ფსიქოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ ქირიას მიერ, მესტიის რაიონის სოფ. ...ს ტერიტორიის შუა გამყოფი მდინარე “ტვიბრას” მიერ გამოწვეული ხმაურის ინტენსივობა საზღურბლე ოდენობაზე მაღალია და ეთანაბრება 100-115 დეციბალს, ხმაურის აღნიშნული ინტენსივობა წარმოადგენს სოფლის მცხოვრებთა სომატურ და ფსიქოლოგიურ დაავადებათა მნიშვნელოვან ფაქტორს, რაზედაც მიუთითებს საქმეში არსებული სამედიცინო დასკვნები. ხმაურის მაღალი დონე არის ბავშვების მეტყველების ნორმალური განვითარებისა და მათი ინტელექტის ჩამოყალიბების შემაფერხებელი ფაქტორი, სოფ. ...სა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხმაურის ტალღის ინტესივობა წარმოადგენს გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების ერთ-ერთ ფორმას და მისი ლიკვიდაცია გადაუდებელი ამოცანაა.

დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სმენის ფსიქოლოგიაში დადგენილად ითვლება, რომ სამეტყველო ბგერები წარმოიქმნებიან 600 ჰერციდან 8000 ჰერცის სიხშირის რხევებით, ძირითადად კი 800-1200 ჰერცის რხევებით, როგორც ცნობაშია აღნიშნული, მდინარის ნაპირიდან 40-50 მეტრის სიახლოვეში მეტყველების მოსმენა-გაგება შეუძლებელია, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მდინარის ნაპირზე ხმაურის ინტენსივობა ახშობს სამეტყველო ბგერების ინტენსივობას. სამეტყველო ბგერის შემნიღბავი ხმაურის ინტენსივობა ამ შემთხვევაში აღემატება 100-115 დეციბალს, მაშინ, როცა კომფორტული ზონა მდებარეობს 50-60 დეციბალის ფარგლებში.

ექსპერტის დასკვნის თანახმად, თუ ხმაურის ინტენსივობა მდინარის ნაპირიდან 40-50 მეტრის დაშორებით ზემოთ აღნიშნულ სურათს იძლევა, დამაყრუებელი ხმაურის მაჩვენებელი უფრო ძლიერი იქნება უშუალოდ მდინარის ნაპირთან.

საქმის ფურცელ 79-100-ზე წარმოდგენილი მოსარჩელეთა და მათი ოჯახის წევრთა ავადმყოფობის ისტორიის ამონაწერიდან, ყოველ მათგანს დასმული აქვს სმენის დაქვეითების დიაგნოზი, ხოლო ამავე ისტორიების დიაგნოსტიკურ გამოკვლევათა ბოლო ანამნეზში დაფიქსირებულია, რომ ავადმყოფებს სმენა დაქვეითებული აქვთ ორთავე ყურში, რასაც მოსარჩელეები სოფელში მომდინარე მდინარის აუტანელ ხმაურს უკავშირებენ. მოსარჩელეებს ასევე კონსულტაციები აქვთ ჩატარებული ოტოლორინგოლოგთან, რომელიც ადასტურებს ზემოაღნიშნულ დიაგნოზს.

საკასაციო სასამართლო, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას და მასზე სამართლებრივი აქტის დაფუძნება შეუძლებელია მისი ბუნდოვნობის და არასრულყოფილობის გამო, რამდენადაც მითითებული დასკვნის თანახმად დადგენილად იქნა ცნობილი ის გარემოება, რომ მესტიის რაიონის სოფ. ...ში ხმაურის ინტენსივობა აღემატება ზღვრულ ნორმას, რაც საშიშია მოსარჩელთა ჯანმრთელობისათვის, ამასთან, კასატორის მიერ მითითებულ დასკვნაში ჩამოყალიბებული მოსაზრებები სადავოდ არ გამხდარა, კერძოდ, კასატორს, იმ შემთხვევაში თუ მიიჩნევდა, რომ ექსპერტის დასკვნა არასრულყოფილი და გაურკვეველი იყო, შეეძლო ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ექსპერტიზის ან განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, სსსკ-ის 173-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კი ის გარემოება, რომ კასატორმა ისარგებლა მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, არც სასამართლოს სხდომის ოქმში არის ამგვარი დაფიქსირებული.

ასევე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული დასკვნის გასაბათილებლად სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა მტკიცებულებები, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა ექსპერტის დასკვნასთან ან გააბათილებდა მას, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დასკვნა არის სრული, ექსპერტის მიერ დასმულ ყველა საკითხზე პასუხი არის გაცემული სრულყოფილად და, შესაბამისად არ არსებობს, სსსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მისი უარყოფის საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეთათვის მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურების სახით თითოეულისათვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია, გაურკვეველია რის საფუძველზე განსაზღვრა სასამართლომ ზიანის ოდენობა და ფასი, რამდენადაც საქმის მასალებში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი არ არის მოსარჩელეთა მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა ზიანის ოდენობის განსაზღვრა. ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს ნამდვილად მიადგათ ზიანი, რაც გამოიხატება მათი სმენის დაქვეითებაში, დასტურდება საქმის ფურცელ 79-100-ზე წარმოდგენილი მოსარჩელეთა და მათი ოჯახის წევრთა ავადმყოფობის ისტორიის ამონაწერიდან და ამავე ისტორიების დიაგნოსტიკურ გამოკვლევათა ბოლო ანამნეზით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და სკ-ის 1000.2. მუხლების საფუძველზე მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისათვის საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით გონივრულია მოსარჩელეთა სასარგებლოდ 1000-1000 (სულ 10 000) ლარის გადახდის დაკისრება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც მოსარჩელეთა ჯანმრთელობის გაუარესება, შესაბამისად, ზიანი გამოწვეულია სამუშაოების უხარისხო შესრულების შედეგად, რაკი მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სხვა გარემოებებზე მითითება, რომელსაც შეიძლებოდა მოსარჩელეთა ჯანმრთელობისათვის მსგავსი მდგომარეობა გამოეწვია.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ მოსარჩელეს ჯ. ც-ის სახლის დანგრევასა და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებას შორის არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ვინაიდან საქართველოს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტ ი. ბ-ის 2003წ. 18 ივლისის ¹208/15 დასკვნის თანახმად, როდესაც მოხდა ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია, გ. ც-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეული უნდა იყოს მდინარე ტვიბრის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად; აღდგენითი სამუშაოების ღირებულება კი შეადგენს 5090 ლარს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებას, გზის რეკონსტრუქციის გამო ლოდების მდინარეში ჩაყრასა და დამდგარ შედეგს ჯ. ც-ის სახლის დანგრევას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, აღნიშნულს ადასტურებს ექსპერტის (2003წ.18.06) დასკვნა, ამასთან, კასატორის მიერ აღნიშნული გარემოების გასაბათილებლად მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჯ. ც-ის უფლებამონაცვლე ვ. ც-ის სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5000 ლარის გადახდა;

ასევე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სასამართლოს ხანდაზმულობის მოტივით უარი უნდა ეთქვა ჯ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან მოსარჩელის სახლი დაინგრა გასული საუკუნის 80-იან წლებში.

საკასაციო სასამართლო სკ-ის 1008-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, ხოლო სამწლიანი ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის შესახებ ან ზიანის ანაზღაურების ვალდებული პირის შესახებ, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის აღნიშნული მოტივაცია უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან ექსპერტის 2003წ.18.07. დასკვნის თანახმად ჯ. ც-ის სახლის დანგრევა გამოიწვია 2001 წელს მდინარე ტვიბრას კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა, ანუ მოთხოვნის წარმოშობის დროდ განსაზღვრულია 2001 წელი, ხოლო სარჩელი დარღვეული უფლების აღსადგენად აღძრულია 2002 წელს, შესაბამისად კასაციის მოტივი სარჩელის ან ნაწილში ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ., ე., გ., ჯ., რ., ბ., დ. და თ. ც-ები, გ. და გი. წ-ების სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებლობის მოტივით არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია 3 ძირითადი კრიტერიუმის არსებობა, კერძოდ: 1) პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები აშკარად არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს; 2) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ქონებრივ (მორალურ) ზიანს შორის; 3) სახეზე უნდა იყოს ხელმყოფი პირის ბრალი. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მოთხოვნის საფუძვლიანობა სკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალების მიხედვით არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ზემომითითებული არც ერთი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს სსკ-ის 411-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს, სსსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2000 ლარიდან 1400 ლარი, ხოლო 600 ლარი დარჩეს გადახდილად;

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 53.1. 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ჯ. ც-ის უფლებამონაცვლე ვ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა;

4. გ., დ., ე., გ., ვ., რ., ბ. და თ. ც-ების, გ. და გი.წ-ების სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისროს 1000-1000 (სულ 10 000) ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ;

5. გ., დ., ე., გ., ვ., რ., ბ. და თ. ც-ების, გ. და გი. წ-ების სარჩელს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვას უარი დაუსაბუთებლობის გამო;

6. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2000 ლარიდან 1400 ლარი, ხოლო 600 ლარი დარჩეს გადახდილად;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.