Facebook Twitter
¹ბს-1001-993(კ-11) 29 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-1001-993(კ-11) 29 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ე. ტ-ძე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) ქ. თბილისის მერია; 2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

მესამე პირი _ თ. მ-ძე, ც. ზ-ძე;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინება;

განხილვის საგანი _ სარჩელზე უარი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ტ-ძემ მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას დავალებოდა გაეცა თანხმობა ე. ტ-ძის საკუთრებად დარეგისტრირებულიყო ქ. თბილისში, ბერბუთის ქ. ¹5ა-ში მდებარე უფლების დამადასტურებელი საბუთების გარეშე არსებული 476,72 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა და 1097 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2½ წილი 10/11 წილზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით საქმის განხილვაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაებნენ ც. ზ-ძე და თ. მ-ძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ტ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ტ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით ე. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ტ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ტ-ძის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, 2011 წლის 29 ივლისს ე. ტ-ძის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო მოსარჩელე ე. ტ-ძის წარმომადგენლის რ. მ-ძის შუამდგომლობას სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ე. თ-ძის წარმომადგენელმა სარჩელზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, იურიდიული (ფიზიკური) პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლოს მიერ გადამოწმებულ იქნა საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულება, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ძეს ე. ტ-ძისაგან მინიჭებული აქვს სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს უფლებას მიიღოს და განიხილოს წარმოდგენილი განცხადება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე. ტ-ძემ სარჩელზე უარი თქვა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რ. მ-ძეს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ე. ტ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ტ-ძის წარმომადგენლის რ. მ-ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარი თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინება;

3. მოსარჩელე ე. თ-ძესა და მოპასუხეებს _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მერიას და მესამე პირებს _ თ. მ-ძეს და ც. ძ-ძეს შორის დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. რ. მ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ე. ტ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;

5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.