Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1048-1039(კ-11) 29 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე _ მ. ხ-შვილის სარჩელისა გამო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 24 ივნისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1048-1039(კ-11) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი და სსსკ-ის 393-394-ე მუხლების რომელ პუნქტებზე ამყარებს თავის მოთხოვნას, ასევე არ ჰქონდა ჩამოყალიბებული კასაციის განაცხადი. ამასთან, არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 ,,ე» ქვეპუნტის მოთხოვნას. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის შესავსებად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 57-58).

ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა _ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და წარმოადგინა ნ. ა-შვილისათვის სათანადაო წესით გაცემული რწმუნება და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 62-70).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაუდგინა ხარვეზი, იმ მოტივით რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნას კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი და სსსკ-ის 393-394-ე მუხლების რომელ პუნქტებზე ამყარებდა კასატორი მოთხოვნას ასევე არ ჰქონდა ჩამოყალიბებული კასაციის განაცხადი, ამასთან, საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი ნ. ა-შვილი, საქმეში კი არ იყო წარმოდგენილი ნ. ა-შვილისათვის სსსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 57-58).

ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც წარმოადგინა ნ. ა-შვილისათვის სსსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 62-70).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიაჩნია, რომ კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული სრულყოფილად ვინაიდან, კასატორის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი იყო იდენტური თავდაპირველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა, იგი კვლავ არ შეიცავს დასაბუთებას თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და სსსკ-ის 393-394-ე მუხლების რომელი პუნქტების დარღვევაზე ამყარებს თავის მოთხოვნას, კერძოდ, საპელაციო სასამართლომ რომელი კანონი არ გამოიყენა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რომელი კანონი გამოიყენა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და რომელი კანონი განმარტა არასწორად ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა.

კასატორის მიერ კვლავ არ იყო გარკვევით ჩამოყალიბებული კასაციის განაცხადი, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას თუ საქმის უკან დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.