Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1061-1052(კ-11) 04 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ღ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.11წ. განჩინებით რ. ღ-შვილს უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რ. ღ-შვილის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.11წ. განჩინებით რ. ღ-შვილს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. აღნიშნულ განჩინებაზე რ. ღ-შვილმა წარადგინა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდას ვერ შეძლებს, ვინაიდან არის პატიმარი და არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.11წ. განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სასამართლოს განჩინებით განიმარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.11წ. განჩინებაზე რ. ღ-შვილმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას და მის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის (განცხადების) და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ღ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში რ. ღ-შვილის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის. 14.03.11წ განჩინება. კერძო საჩივარი განსახილველად გადაეცა ზემდგომ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც გამოიტანა განჩინება რ. ღ-შვილის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით გასაჩივრებულია რ. ღ-შვილის კერძო საჩივარზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. ღ-შვილის განცხადება სსკ-ის 419 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, რის გამო იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ღ-შვილის საკასაციო საჩივარი (განცხადება) დატოვებული იქნეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.