¹ბს-1283-1247(2კ-10) 20 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მერია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. გ-ა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.10წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
02.12.09წ. ა. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხეებისათვის 10 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი ოჯახი ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების შედეგად დაზარალდა საცხოვრებელი ბინისა და პირადი ქონების განადგურებით. სახელმწიფომ საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით აღიარა მოქალაქეებისათვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, ჩამოაყალიბა დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია, რომელიც უზრუნველყოფდა ეტაპობრივად საკომპენსაციო თანხების გაცემას. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზარალი სრულად არ ანაზღაურებულა, 2003 წლიდან მოსარჩელეს შეუწყდა საკომპენსაციო თანხების მიღება. საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 15.10.09წ. გაცემული ¹329/1 ცნობის თანახმად, ა. გ-ას მიმართ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 10 750 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. აღნიშნული თანხის გაცემის მოთხოვნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას, თუმცა უშედეგოდ.
საქალაქო სასამართლოს 25.12.09წ. საოქმო განჩინებით 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია საქმეში ჩაება სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – ქ. თბილისის მერიას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ა. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ სოლიდარულად 10 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.10წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.10წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 10.10.96 წელს გაცემული ¹212 ცნობით ... ქუჩა ¹1-ში მცხოვრებ ა. გ-ას, მისი განადგურებული ქონების მატერიალური ზარალის საკომპენსაციოდ, უნდა მიეღო 383800 მანეთი. ა. გ-ას მატერიალური ზარალი (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგენდა 12793 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში (1992 წლის კურსის მიხედვით). საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 15.10.09წ. ¹329/1 ცნობის თანახმად, ა. გ-ას, აწ გარდაცვლილი ა. გ-ას სამართალმემკვიდრის, ზარალის ასანაზღაურებელი თანხა 15.10.09წ. მდგომარეობით შეადგენდა 10750 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მატერიალური ზარალის საკომპენსაციო თანხა ა. გ-ამ ბოლოს მიიღო 2003 წელს. ამავე წლის 11 ნოემბერს შედგენილი სანოტარო აქტის, სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გარდაცვლილი ა. გ. ძე გ-ას სამკვიდრო ქონებაზე ანდერძით მემკვიდრედ ცნობილი იქნა ა. გ-ა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულებით, ,,ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარის მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 მაისის ¹336 დადგენილებით, ,,ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულებით, ,,თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარის მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წლის ¹704 ბრძანებულებით, 1991-1992 წლებში დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზრაურებისა და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებათა შესასრულებლად, რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც ქალაქ თბილისის მერიას, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამასთანავე თვითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურებასა და სახლების აღდგენა-მშენებლობაში. ამრიგად, არსებობდა მოპასუხეთა ვალდებულების დამდგენი ნორმატიული აქტები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქ. თბილისის მერია აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ქ. თბილისის მერია არ წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად, სოლიდარული ვალდებულება სახეზეა, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება. აღნიშნული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა კანონი და ხელშეკრულება, რომლითაც ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრებოდა ვალდებულება. ასევე სახეზე არ იყო ვალდებულების საგნის განუყოფლობა. ნორმატიული აქტებით მკაფიოდ გაიმიჯნა თითოეული მოვალის ვალდებულებები. ქ. თბილისის მერიას დაევალა მხოლოდ სახლების აღდგენა, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ ჩაბარება, ასევე მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით აშენებულ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართების აუქციონის წესით რეალიზაცია. კასატორის განმარტებით, მას განსაზღვრული წილით დაევალა მონაწილეობის მიღება მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ანაზღაურებაში, რის გამოც სასამართლოს მითითება ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევაზე დაუსაბუთებელია. კასატორმა - ქ. თბილისის მერიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან ზიანი მიადგა 1991-1992 წლებში, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2009 წელს.
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 15.10.09წ. ¹329/1 ცნობით გათვალისწინებული ა. გ-აზე გასაცემი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულების და 26.07.96წ. ¹180 განკარგულების საფუძველზე. კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული განკარგულებით დაევალა არა საკომპენსაციო თანხების გაცემის უზრუნველყოფა, არამედ შესაბამისი წინადადებების შემუშავება პარლამენტში წარდგენის მიზნით. ამასთან, «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, ბიუჯეტის საბოლოო ფორმირება დამოკიდებულია კანონით დადგენილი პროცედურების გავლაზე და საკომპენსაციო თანხების გაცემის ვალდებულება იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონით დადგენილი წესით პროცედურების გავლის შემდეგ აისახებოდა საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე და 137-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ა. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით შეიქმნა თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია, რომელსაც, ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, დაევალა ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალქეების საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის პროგრამის შემუშავება, მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ეტაპობრივი ანაზღაურების პროგრამის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა. «ქ. თბილისში 1991 წლის დეკემბერ-1992 წლის იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებისა და ,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულების საფუძველზე 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაღაურებისა და საცხოვრებლი სახლების მშენებლობის შესახებ სახელწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და სახლების მშენებლობაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.09.98წ. ¹17.05.377 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ განსაზღვრა ქ. თბილისის ბიუჯეტში შექმნილი ფონდიდან დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპენსაციის მიზნით სახსრების გადარიცხვის განხორციელების წესი. საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ ა. გ-ას მიმართ 10.10.96წ. გაცემული ¹212 ცნობის თანახმად, 01.10.96წ. მდგომარეობით მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 12793 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. ცნობის მეორე გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ ა. გ-აზე გასაცემი მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა – 12793 აშშ დოლარი პერიოდულად იფარებოდა 1998-2003 წლებში, დავალიანება 2003 წლის მდგომარეობით შემცირდა 2043 აშშ დოლარით. 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 15.10.09წ. ¹329/1 ცნობის თანახმად, აწ. გარდაცვლილ ა. გ-ას სამართალმემკვიდრეს ა. გ-ასათვის მატერიალური ზარალის საკომპენსაციო თანხა 15.10.09წ. მდგომარეობით შეადგენდა 10750,0 აშშ. დოლარის ეკვივალენტ ლარს.
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებაზე და 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 10.10.96წ. და 15.10.09წ. გაცემულ ¹212 და ¹329/1 ცნობებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 09.06.11წ. ¹09/06/02 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა განკარგულების მე-4 და მე-8 პუნქტები, რომლითაც მატერიალური ზარალი 8,0 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით იყო განსაზღვრული და ქ. თბილისის მერიას დავალებული ჰქონდა პროგრამის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მერიის ის დადგენილებები (12.09.96წ. ¹14.04.901, 06.03.97წ. ¹06.03.260, 05.07.01წ. ¹10.12.231), რომლებითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი კონტროლის კომისია და დამტკიცდა მისი წესდება, აღნიშნული კომისიის უფლებამონაცვლედ შეიქმნა 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისიის წევრთა მიერ 31.05.11წ. სხდომაზე განხილულ იქნა გაუქმებული კომისიის მიერ მოქალაქეთათვის ზარალის ოდენობის თაობაზე გაცემული ცნობების კანონიერება, კომისიამ მიიჩნია, რომ დაზარალებულ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობები დადგინდა 1992 წლის დეკლარაციებით, სადაც თანხები მანეთებით განისაზღვრა, ვალუტის გაანგარიშება მოხდა არა არსებული კურსის შესაბამისად – გაურკვეველ სამართლებრივ საფუძველზე, ვალუტის გადაანგარიშების ნორმატიული მექანიზმის მითითების გარეშე, არ დგინდება თანხების გადაანგარიშების კრიტერიუმები და მისი სამართლებრივი საფუძვლები. კომისიის 31.05.11წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა «1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის» მიერ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 14.06.11წ. ¹15.02.578 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა «1991-92წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილება, რომელიც დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულებას შეეხებოდა. რაც შეეხება დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე ,,ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილებას, ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა_მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 და ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებებს, აღნიშნული აქტები და საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც სახელმწიფომ აღიარა დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება, არ გაუქმებულა და სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა აქვთ. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ისე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. ამდენად, არსებობს მოპასუხეთა ვალდებულების დამდგენი ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელეებს, მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1996 წელს, რა დროსაც, მითითებული ნორმატიული აქტებით, მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობების გაუქმება, რომლებშიც მითითებული იყო მიყენებული ზიანის მოცულობა, ვერ მიიჩნევა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. ამასთანავე სადღეისოდ დადგენას საჭიროებს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. საკასაციო პალატა პროცესუალური კანონმდებლობის თანახმად მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით გაუქმებული 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმისა და ახლადშექმნილი 1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისიისაგან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების _ დაზარალებული მოსარჩელის მიმართ უკვე ანაზღაურებული და ასანაზღაურებელი დავალიანების თანხის ოდენობის დადგენით, მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევით, შესაძლებელი იქნება საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.10წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.