Facebook Twitter
¹ბს-1536-1111(კ-05) 20 ივლისი, 2011 წ

¹ბს-1536-1111(კ-05) 20 ივლისი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი;

კასატორები – 1. საქართველოს კონტროლის პალატა;

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი, წარმომადგენელი ა. კ-ე;

მოწინააღმდეგე მხარი – ს.ს “...”, წარმომადგენლები დ. ჯ-ე, მ. წ-ე;

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 05 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოპასუხის სს «..." მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა სს «..." დაკისრებოდა უკანონოდ გახარჯული 482237 ტ ბენზინის ღირებულების _ 203829,66 ლარისა და საურავის _ 224615,96 ლარის გადახდა.

მოსარჩელე სასარჩელო განხაცდებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივნისის ¹367-13 დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო კონცერნ «..." ქუთაისის ... საწარმოში საპასუხისმგებლო შენახვაზე 1995 წლის 08 ნოემბერს განთავსდა 220 000 ლარის ღირებულების 520710 კგ. ,,ა-76” მარკის ბენზინი, რაზედაც გაფორმდა მიღების აქტი, საპასუხისმგებლო შენახვისათვის ¹... ქუთაისის ... საწარმოს მიერ 1995 წლის 08 ნოემბერს გაიცა საგარანტიო წერილი ¹256, რომლის შესაბამისად, ქუთაისის ... საწარმო არ დაუშვებდა ბენზინის გახარჯვას საქართველოს მთავრობისა და მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, ხოლო თვითნებურად გახარჯვის შემთხვევაში, მოპასუხე კისრულობდა პასუხისმგებლობას გახარჯული ბენზინის ღრებულების 100% ანაზღაურებაზე და ყოველთვიურ საურავს 15%-ის ოდენობით, გახარჯვის დღიდან ბენზინის რაოდენობის სრულ აღდგენამდე. 2000 წლის 31 მარტს დეპარტამენტმა შეამოწმა სს «..." სახელმწიფო რეზერვის მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ფაქტობრივი მდგომარეობა. ¹29 რეზერვუარში ბენზინის აზომვის დროს ბენზინის ნაშთი არ აღმოჩნდა, რაც 2000 წლის 30 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 482437 კგ, ხოლო მისი ღირებულება _ 203 829,66 ლარს.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მათ მხედველობაში მიიღეს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ «..." 2000 წლის შემოწმების შედეგები. შედგა შესაბამისი აქტი და გაიცა ცნობა ¹29 რეზერვუარში ნავთობპროდუქტების მოძრაობის დინამიკის შესახებ, რომლის შესაბამისად, სს «..." პერიოდულად, სახელმწიფო დეპარტამენტის სათანადო ნებართვის გარეშე, საკუთარი ინტერესების გამო, ნავთობპროდუქტებს უკანონოდ განხარჯავდა, რაზედაც სახელმწიფო დეპარტამენტს საურავი არ დაუკისრებია. კონტროლის პალატის ცნობის საფუძველზე სს «..." ნავთობპროდუქტების თვითნებურად ხარჯვისთვის საურავის სახით 224615, 96 ლარი ერიცხებოდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 10 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს კონტროლის პალატა.

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2003 წლის 04 აგვისტოს განცხადებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად საურავის სახით დარიცხული 224615,96 ლარისა, მოითხოვა - 1413648 ლარის დარიცხვა, რამაც ძირითად თანხასთან ერთად შეადგინა - 1617477 ლარი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 05 სექტემბრის საოქმო განჩინებით გაზრდილი სასარჩელო განცხადება არ იქნა წარმოებაში მიღებული და დაუბრუნდა მოსარჩელეს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილ დამატებით სასარჩელო განცხადებას არ დაეთანხმა მოპასუხე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების გადახდევინების შესახებ ხანდაზმულობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2000 წლის 31 მარტს, როცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს «...” შენახვაზე არსებული ბენზინი გახარჯული იყო მოპასუხის მიერ უნებართვოდ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლისა ამ მომენტიდან იწყება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა, რაც ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად შეადგენს 3 წელს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განხილვაში იყო 2000 წლის 03 პრილით დათარიღებული საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის სასარჩელო განცხადება, რომელიც მოპასუხის გამუცხადებლობის გამო დარჩა განუხლიველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეჩერებულა. მეორე სარჩელი მოსარჩელის მიერ დათარიღებულია 2002 წლის 15 ივლისით, რომელიც მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ასევე დარჩა განუხილველად. შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექისის იმავე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა არც ამ შემთხვევაში შეჩერებულა. მესამე სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2003 წლის 24 აპრილს, რაც ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად გასულია ხანდაზმულობის ვადა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სს «..." საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის სასარგებლოდ 1 617 477 ლარის დაკისრებას ან გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის (ყოფილი სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები ამასთან განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტსა და ს.ს “...” შორის მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ დავას, რის გამოც, ურთიერთობის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, რომლიც სახელშეკრულებო მოთხოვნებზე აწესებს სამწლიან ვადას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება სარჩელის შეტანის დღიდან”, ხოლო 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თავდაპირველად სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტმა სასამართლოს მიმართა 2000 წლის 04 აპრილს, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დარჩა განუხილველად, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო (ს.ფ. 117; ტ. 1).

აღნიშნული განჩინება მოსარჩელეს ჩაბარდა 2001 წლის 22 ოქტომბერს, რაც დადასტურებულია სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის 2001 წლის 25 ოქტომბრის წერილით (ს.ფ. 120; ტ. 1).

ახალი სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2002 წლის 15 ივლისს (ს.ფ. 3; ტ. 2). ანუ რვა თვის შემდეგ. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი კვლავ დარჩა განუხილველად, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო (ს.ფ. 34; ტ. 2).

სასამართლოს განჩინება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის წარმომადგენელ ქიმუციძეს ჩაბარდა იმავე დღეს (ს.ფ. 37 ტ.2), თუმცა განჩინება არც ამჯერად იქნა გასაჩივრებული და მოსარჩელემ სასამართლოს განსახილველი (მესამე) სარჩელი წარუდგინა 2003 წლის 05 მაისის.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში შეტანილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით. რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქარათველოს კონტროლის პალატამ და საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერევების დეპარტამენტმა.

კასატორები – საქართველოს კონტროლის პალატა და საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერევების დეპარტამენტი საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალტის 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერევების დეპარტამენტის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

კასატორი - საქართველოს კონტროლის პალატა მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება; სასამართლომ დავის გადაწყვეტისასა არ გამოიყენა არანაირი მატერიალური კანონი; სააპელაციო სასამართლომ არასწორად მოახდინა არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეფასება. კასატორის აზრით, აღნიშნული არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა. გამომდინარე აქედან გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი, რომლის გამოყენების ფაქტობრივი საფუძვლები არსებობდა, შესაბამისად სახეზე გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველი.

კასატორი - საქართველოს შს სამინისტროს სსიპ სახელმწიფო მატერიალური რეზერევების დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამათლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლომ განმარტა, რომ საფოსტო ქვითარს ვერ მიიღებდა უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან არ შეიცავდა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ცნობას. კასატორის აზრით, სასამართლოს განმარტება არსწორია, ამასთან მან არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მტკიცებულებათა შეგროვებასთან დაკავშირებით.

კასატორი აღნიშნავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექვსთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ძალაში შესვლის დღიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში. შესაბამისად ექვსთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2002 წლის 05 ნოემბრიდან.

კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის შინაარსი, რომლის ამოქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სახვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 08 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერევების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთ თვიანი ვადის გადაცილებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 08 დეკემბრის განჩინება და საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობა უნდა შემოწმებულიყო 2006 წლის 09 მარტამდე.

2006 წლის 22 თებრევალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს შს სამისიტროს სსიპ-სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტმა საქმის წარმოების შეჩებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრებზე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩრედა საქმის წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის და საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრებზე საფინანსო პოლიციაში სისხლის სამართლის წესით საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატისა საკასაციო საჩივრებზე განახლდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 იანვრის ¹376-13 დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო კონცერნ “...”... საწარმოში საპასუხისმგებლო შენახვაზე 1995 წლის 08 ნოემბერს განთავსდა 220 000 ლარის ღირებულების 520710 კგ. “ა-76” მარკის ბენზინი, რაზედაც გაფორმდა მიღების აქტი. საპასუხისმგებლო შენახვისათვის ¹... ... საწარმოს მიერ 1995 წლის 08 ნოემბერს გაიცა საგარანტიო წერილი ¹256, რომლის შესაბამისად, ქუთაისის ... საწარმო არ დაუშვებდა ბენზინის გახარჯვას საქართველოს მთავრობისა და მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, ხოლო თვითნებურად გახარჯვის შემთხვევაში, მოპასუხე კისრულობდა პასუხისმგებლობას გახარჯული ბენზინის ღრებულების 100% ანაზღაურებაზე და ყოველთვიურ საურავს 15%-ის ოდენობით, გახარჯვის დღიდან ბენზინის რაოდენობის სრულ აღდგენამდე.

2000 წლის 31 მარტს დეპარტამენტმა კონტროლის პალატის აქტზე დაყრდნობით შეამოწმა ს.ს “...” სახელმწიფო რეზერვების მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ¹29 რეზერვუარში ბენზინის აზომვის დროს ბენზინის ნაშთი არ აღმოჩნდა, რომელიც 2000 წლის 30 მარტის მდგომარეობით 482437 კგ. შეადგენდა, ხოლო ღირებულება _ 203 829,66 ლარს. შედგა შესაბამისი აქტი და გაიცა ცნობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაპირველი სარჩელი სასამართლოში შესულია 2000 წლის 04 აპრილს, აღნიშნული დასტურდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბეჭდით (ს.ფ. 2; ტ. 1), რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დარჩა განუხილველად, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო (ს.ფ. 117; ტ. 1).

აღნიშნული განჩინება მოსარჩელეს ჩაბარდა 2001 წლის 22 ოქტომბერს, რაც დადასტურებულია სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის 2001 წლის 25 ოქტომბრის წერილით (ს.ფ. 120; ტ. 1).

მოსარჩელის მიერ სარჩელის განუხილველად დატოვების განჩინება არ გასაჩივრებულა. მოსარჩელემ 2002 წლის 19 ივლისს ახალი სარჩელით მიმართაAსასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მეორე სარჩელიც დარჩა განუხილველად, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო (ს.ფ. 34; ტ. 2).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 24 ოქტომბრის განჩინება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის წარმომადგენელს ჩაბარდა იმავე დღეს (ს.ფ. 37 ტ.2), აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა. მოსარჩელემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მესამე სარჩელი წარუდგინა 2003 წლის 05 მაისს (ს.ფ. 2 ტ.3).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის მიხედვით კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს შს სამინისტროს სსიპ სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტსა და ს.ს “...” შორის მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ დავას. შესაბამიასად ამ ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, რომლის თანახმადაც სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრია.

სასარჩელო განცხადებებითA და საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტს (ყოფილი სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი) ს.ს “...” მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2000 წლის 31 მარტს, როცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ს.ს “...” შენახული ნავთობპროდუქტები არ აღმოჩნდა რეზერვუარში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ამავე კოდექსის 140-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი გაუხილველად იქნება დატოვებული.

მითითებული მუხლის პარალელურად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის დეფინიციას რომლის თანახმადაც, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება სარჩელის შეტანის დღიდან. ხოლო ამავე კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება.

ვინაიდან პირველი სარჩელის შეტანიდან მე-2 სარჩელის შეტანამდე უდავოდ გასულია 6 თვეზე მეტი, ამ ნაწილში ცალსახაა პოზიცია იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა ვერ დაუკავშირდება პირველი სარჩელის შეტანის მომენტს. თუმცა ასევე უდავოა, რომ მე-2 სარჩელის შეტანის მომენტისათვის სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტს დაცული აქვს 3 წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიის გადამოწმებას იმ თვალსაზრისით, არის თუ არა სახეზე მე-2 და მე-3 სარჩელების უწყვეტობის დადგენის კანონისმიერი საფუძველი.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ქუთაისის საქალაქო სასამრთლოში სასარჩელო განცხადება შესულია 2002 წლის 19 ივლისს. სარჩელი განუხლიველად დარჩა 2002 წლის 24 ოქტომბერს. განჩინება სარჩელის განუხლიველად დატოვების თაობაზე მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა იმავე დღეს, რაც მხარეთა შორის სადავო არ არის. მე-3 სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2003 წლის 05 მაისს.

საკასაციო სასამართლო სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი პოზიციების შეჯერების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კასატორთა არგუმენტაცია ძირითადად ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 6 თვიანი ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ძალაში შესვლის მომენტს, ანუ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2002 წლის 06 ნოემბრიდან.

საკასციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვადის ათვლის შემოთავაზებულ პრინციპს და თვლის, რომ აღნიშნული ემყარება საპროცესო ნორმების არასწორ განმარტებას.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში არასწორად მიიჩნევს მატერიალური ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის პროცესუალური დოკუმენტის ძალაში შესვლის მომენტთან დაკავშირებას, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროდ არ თვლის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განვრცობილი მოსაზრების წარმოდგენას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილი იძლევა ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული განჩინების მოქმედებას. ამდენად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორთა არგუმენტაცია დასაბუთებული არ არის საპროცესო ნორმებით, რაც არ იძლევა მისი გაზიარების შესაძლებლობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა სარჩელი ხანდაზმულად, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, მან გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.