Facebook Twitter
¹ბს-1619-1578(2კ-10) 20 ივლისი 2011 წელი

¹ბს-1619-1578(2კ-10) 20 ივლისი 2011 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ნ. გოგატიშვილი

I კასატორი (მოსარჩელე) _ა. ფ-ძე;

II კასატორი (მოსარჩელე) _ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 13 ნოემბერს ა. ფ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის პროთეზირების ხარჯის-30 300,30 ევროსა და მგზავრობის ხარჯის-3230 ლარის დაკისრებას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ფ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას ა. ფ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10 121,42 ევროს შესაბამისი ექვივალენტის ეროვნული ვალუტის-ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად; შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე ა. ფ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მგზავრობის ხარჯის-1076,66 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995 წელს ა. F-ძე 5 წლის ასაკში დასახიჩრდა, დაკარგა ორივე ხელის მტევანი და გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი. საქმის განხილვის დროისათვის ა. F-ძის სარგებლობაში არსებული მარჯვენა ზედა კიდურის ბიოლოგიური და მარცხენა ზედა კიდურის მექანიკური პროთეზები ფუნქციონირებდა არადამაკმაყოფილებლად და საჭიროებდა შეცვლას. პროთეზირების ხარჯი შპს ,,...”-ში საქმის განხილვის დროისათვის 30364 ევროს შეადგენდა; მგზავრობიის და სხვადასხვა მომსახურების ხარჯი-3230 ლარს.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ა. F-ძე დასახიჩრდა თავისი, დღვანის კოლმეურნეობისა და შუახევის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის ბრალით. შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული იყო თავისი ბრალის პროპორციულად 1/3 ნაწილში მოეხდინა ა. F-ძისათვის პროთეზის ღირებულებისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დღვანის თემის საკრებულო სოფელ დღვანის კოლმეურნეობის სამართალმემკვიდრეა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, ასევე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვადებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ა. F-ძის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ფ-ძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

Aაპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ა. ფ-ძისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია ა. F-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც სოლიდარულად დაეკისრათ შუახევის რაიონის სოფელ დღვანის თემის საკრებულოსა და შუახევის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის საბჭოს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება, რამდენადაც არ წარმოადგენს დღვანის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლეს, რომელიც თავის მხრივ არ ყოფილა დღვანის კოლმეურნეობის სამართალმემკვიდრე. სააპელაციო სასამრთლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით უდავოდ დადასტურებულია, დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს სოფელ დღვანის კოლმეურნეობისა და დღვანის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლეობის საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის, 463-ე, 464-ე და 465-ე მუხლების საფუძველზე მიუთითა, რომ თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგენებ როგორც სოლიდარული მოვალეები. კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლსა და 408-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, ასევე სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად მიიჩნია, რომ ზიანის მოცულობის განსაზღვრაზე გავლენას ვერ იქონიებს დაზარალებულის ქმედუუნარობა. შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობის შემცირება სამოქალაქო კოდექსისი 415-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დასაბუთებულია.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ ა. F-ძეს აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გააჩნია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ზიანის ოდენობა, რაც შეადგენს 10 121,42 ევროს შესაბამისი ექვივალენტის ეროვნულ ვალუტას გადახდის დროისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად და 1076,66 ლარს, როგორც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მგზავრობის ხარჯს, დასაბუთებულად იქნა განსაზღვრული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ფ-ძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგების საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ვალდებულება, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ წარმოეშვა დღვანის თემის საკრებულოს აჭარის უმაღლესი სასამართლოს 1999 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, სრულად არის შესრულებული და აღნიშნულს არც მოსარჩელე უარყოფს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და მე-1000 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ პირს, ვისი ბრალითაც იქნა მიყენებული ზიანი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ა. ფ-ძეს ზიანი მიადგა დღვანის კოლმეურნეობისა და შუახევის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის ბრალით, ხოლო «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე.

კასატორი მიიჩნევდა, რომ არც დღვანის კოლმეურნეობა და არც შუახევის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაცია არ იყვნენ თვითმმართველი ერთეულები, ამიტომ არც შუახევის მუნიციპალიტეტი არის მათი სამართალმემკვიდრე.

ა. ფ-ძის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ შუახევის რაიონის სახალხო სასამართლოს 1971 წლის 3 აგვისტოს, 1978 წლის 16 მაისის, 1980 წლის 29 აპრილის, 1984 წლის 17აპრილის, 1988 წლის 14 მარტის, 1990 წლის 23 იანვრის, შუახევის რაიონის სასამართლოს 1994 წლის 30 მაისის, აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებების, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე მოპასუხეებისგან – დღვანის საკოლმეურნეობათაშორისო ჰესის, ხოლო შემდგომში შუახევის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაცის საბჭოსა და დღვანის კოლმეურნეობისაგან ღებულობდა დასახიჩრებით მიყენებული ზიანისათვის ყოველთვიურ დახმარებას, მკურნალობისა და პროთეზირებისათვის გაწეულ ხარჯებს მთლიანად.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნები.

ა. ფ-ძის საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-465-ე მუხლების შინაარსი, რადგან ამ მუხლების საფუძველზე კრედიტორი უფლებამოსილია წაუყენოს მოთხოვნა ერთერთ ან ყველა მოვალეს ერთად. ვინაიდან არ არსებობენ სხვა სოლიდარული მოვალეები, კასატორმა მოთხოვნა წაუყენა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს ასევე სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე და მე-1000 მუხლები და არასწორად გადაწყვიტეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა. ფ-ძის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო, საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი აწესრიგებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს. მისი თავისებურება მდგომარეოს იმაში, რომ ის აწესრიგებს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს/ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს და მოქალაქის ურთიერთობას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულია კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და ბოლოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

მოცემულ შემთხვევში საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1955 წელს ა. ფ-ძემ დღვანის საკოლმეურნეობათაშორისო ჰესისა და დღვანის კოლმეურნეობის ბრალით მიიღო სხეულის დაზიანება: კერძოდ, საკოლმეურნეობათაშორისო საბჭოს ჰესის კოშკურაზე ასვლით და მაღალი ძაბვის სინათლეზე ხელის მოკიდებით მოსარჩელეს მოსწყდა ორივე ხელი იდაყვის ქვემოთ და დაკარგა შრომის უნარი 100%, გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, რის შემდეგაც 1963 წლიდან მოსარჩელე, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, ღებულობს ყოველთვიურ სარჩოსა და მკურნალობისა და პროთეზირებისათვის გაწეულ ხარჯებს.

სფ. 15-16-ზე წარმოდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 1999 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შუახევის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოსა (როგორც სოფელ ... კოლმეურნეობის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ... სს კოოპერაციული საწარმოს სამართალმემკვიდრეს) და შუახევის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის საბჭოს (როგორც შუახევის რაიონის სოფელ ... საკოლმეურნეობათაშორისო ჰესის სამართალმემკვიდრეს) სოლიდარულად დაეკისრათ ა. ფ-ძის სასარგებლოდ პროტეზირებისათვის გაწეული ხარჯის-15 008 გერმანული მარკის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარმოებათა გამო გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს განცხადებით მიმართა შუახევის რაიონის გამგეობამ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 5 მარტის განჩინებით შუახევის რაიონის გამგეობის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ იქნა დაშვებული, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 6 სექტემბრის განჩინებით (სფ. 19-20).

შუახევის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ფ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ცნობილ იქნა შუახევის რაიონის ... თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ.

ზემოაღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე დადგენილია, რომ აღარ არსებობს შუახევის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის საბჭო, რომელიც წარმოადგენდა ა. ფ-ძის ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს შუახევის რაიონის დღვანის თემის საკრებულოსთან ერთად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ფ-ძე პროტეზირებას საჭიროებს პერიოდულად. საქმის მასალებში წარმოდგენილი ¹659/1-193 ექსპერტიზის დასკვნით ა. ფ-ძის სარგებლობაში არსებული მარჯვენა ზედა კიდურის ბიოლოგიური და მარცხენა ზედა კიდურის მექანიკური პროტეზები ფუნქციონირებენ არადამაკმაყოფილებლად და საჭიროებენ შეცვლას (85-87).

ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით მოცემულ დავაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სოფელ ... თემის საკრებულო წარმოადგენს სოფელ ... კოლმეურნეობის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი დღვანის სს კოოპერაციული საწარმოს სამართალმემკვიდრეს, რომლის სამართალმემკვიდრედ ასევე ცნობილ იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რის გამოც უსაფუძვლოა კასატორის-შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო პრეტენზია იმის თაობაზე, რომ იგი არ წარმოადგენს არც ... კოლმეურნეობისა და არც შუახევის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის უფლებამონაცვლეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე სადავო გარემოებას წარმოადგენს არა დელიქტური ვალდებულების არსებობა, ზიანის წარმოშობის, მისი ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, არამედ სადავოა სწორედ ახალი პროთეზირებისათვის გასაწევი ხარჯის ოდენობის განსაზღვრის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ახალი პროტეზირების საჭიროებაზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე და სამოქალაქო კოდექსის 1000.1 მუხლების საფუძველზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით გონივრულად მიიჩნევს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 10 121,42 ევროს შესაბამისი ექვივალენტის ეროვნული ვალუტის-ლარის, გადახდის დროისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მგზავრობის ხარჯის-1076,66 ლარის დაკისრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე დაადგინა არსებითად სწორი განჩინება, საკასაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ა. ფ-ძისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ფ-ძისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.