Facebook Twitter
¹ბს-1698-1654(2კ-10) 27 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-1698-1654(2კ-10) 27 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ ო. პ-ა, რ. ჩ-ი

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. პ-ამ და რ. ჩ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:

ვ. პ-ი 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი. 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომიისის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 1996 წლის 1 ოქტომბრისათვის თანხა, რომელიც უნდა ანაზღაურებოდა ვ. პ-ს, შეადგენდა 39910 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. აღნიშნული თანხა ნაწილობრივ ანაზღაურებულ იქნა და დღეის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 35699 აშშ დოლარს. 2010 წლის 09 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 22.10.1999 წელს გარდაცვლილი ვ. პ-ის პირველი რიგის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მისი მეუღლე - რ. ჩ-ი და შვილი - ო. პ-ა.

,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა–მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს დასკვნები და დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი განისაზღვრა 8 მილიონი აშშ დოლარის ექივალენტი თანხით. სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნა მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კერძოდ: ,,ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების, ,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარლებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹197 ბრძანებულების, ,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და სახლების მშენებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ისა და ო. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეების სასარგებლოდ 35699 აშშ დოლარის ეკვივალეტი ლარის გადახდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. პ-ი 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი. 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომიისის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 1996 წლის 1 ოქტომბრისათვის თანხა, რომელიც უნდა ანაზღაურებოდა ვ. პ-ს, შეადგენდა 39910 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. აღნიშნული თანხა ნაწილობრივ ანაზღაურებულ იქნა და დღეის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 35699 აშშ დოლარს. 2010 წლის 9 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 22.10.1999 წელს გარდაცვლილი ვ. პ-ის პირველი რიგის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მისი მეუღლე - რ. ჩ-ი და შვილი - ო. პ-ა.

,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა–მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს დასკვნები და დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი განისაზღვრა 8 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით.

სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნა მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კერძოდ: ,,ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების, ,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹197 ბრძანებულების, ,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და სახლების მშენებლობაში.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მართალია, მოსარჩელეს ზიანი 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მიადგა, მაგრამ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტმა 1996 წლის ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის 8 მლ. აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად კი, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და ამიტომ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება სასამართლოს მოსაზრებით უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დასაბუთებულად მიიჩნია ვ. პ-ის მემკვიდრეების - რ. ჩ-ისა და ო. პ-ას მოთხოვნა მოპასუხეთათვის _ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარულად მატერიალური ზიანის 35699 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

მოსარჩელეები ო. პ-ა და რ. ჩ-ი წარმოადგენენ ქ. თბილისში, 1991-1992 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს; 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2010 წლის 11 მაისის ¹117/1 ცნობის თანახმად, აწ გარდაცვლილი ვ. პ-ის მემკვიდრეების რ. ჩ-ის და ო. პ-ას სასარგებლოდ ასანაზღაურებელი ზარალის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 35669 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. «ქ. თბილისში 1991_1992 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 მაისის ¹336 დადგენილების მე-9 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მერიას დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადება დაზარალებული მოქალაქეებისათვის განადგურებული საოჯახო ქონების შესაძენად საჭირო სახსრების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ.

,,ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულების მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისის მერიას დაევალა, თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით 5 მილიონი ლარის გამოყოფა, მშენებლობებზე ტენდერების გამოცხადება და გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი ათვისება, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების შესაბამისად გამოეყო 1996 წელს დამატებითი (მათ შორის არასაბიუჯეტო) სახსრები მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად. «ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროთა დასკვნების საფუძველზე, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 8,0 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-2 და მე-8 პუნქტების თანახმად, თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება თბილისის 1996 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებში და დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის პროგრამის შესრულების სისტემატურად გაკონტროლება, მე-3 და მე-4 პუნქტებით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულების შესაბამისად ,,დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 1996 წლის განმავლობაში არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზაციისა და გამოყოფის შესახებ» კონკრეტული წინადადებების შემუშავება, აგრეთვე _ ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად ,,1996 წლის განმავლობაში მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარის გამოსაყოფად დაფინანსების დამატებითი წყაროების გამოძებნის შესახებ“ წინადადებების შემუშავება. გარდა ამისა, დაევალა საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დანარჩენი თანხის 1997 წლის ბიუჯეტიდან ანაზღაურების საკითხის შეტანა.

,,თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებით ცნობად იქნა მიღებული საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და თბილისის მერიის გადაწყვეტილება ,,1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით მათთვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ“. აგრეთვე, ამავე ბრძანებულებით დადგინდა, რომ აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებიდან შემოსული თანხები გამოყენებულ იქნეს 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისა და თბილისის ბიუჯეტში მიზნობრივი ფონდის შექმნისათვის.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დასახელებული ნორმატიული აქტებით, როგორც თბილისის მერიას, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალათ 1991-1992 წლების თბილისის მოვლენების დროს, დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ, სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებათა გატარება. ამდენად, არსებობს მოპასუხეთა ვალდებულებების დამდგენი აქტები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეებს მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ 1996 წელს, რა დროსაც მითითებული ნორმატიული აქტებით, ქ. თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹197 ბრძანებულების, «თბილისში 1991-1992 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» მე-2 პუნქტით, სამთავრობო კომისიას ასევე დაევალა, დაზარალებულთა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, პროგრამის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოქალაქე ვ. პ-ი ცნობილია 1991-1992 წლების თბილისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირად და მისმა ქონებრივმა ზარალმა შეადგინა _ 39910 აშშ დოლარი, საიდანაც ასანაზღაურებელი დარჩა 35699 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების - ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება სამოქალაქო კოდექსის 1008-ე და 130-ე მუხლებზე მითითებით სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა, რომ საკანონმდებლო აქტებით: საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულებით «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებით «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კონპენსაციის შესახებ» განისაზღვრა და დაკონკრეტდა იმ პირთა წრე, რომლებსაც პასუხი უნდა ეგოთ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე; კერძოდ, მითითებული ნორმების თანახმად ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასიხისმგებლობა დაეკისრათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულებაზე, რომლითაც სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ აღიარებულ იქნა ვალდებულება 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის 8 000 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ. სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებდა მოთხოვნის არსებობას ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვ. პ-ის თანხების ანაზღაურება ეტაპობრივად ხდებოდა, კერძოდ, 1992 წლის იანვრიდან 2003 წლის ოქტომბრამდე დროის შუალედში და სარჩელის აღძვრამდე აწ გარდაცვლილი ვ. პ-ის მემკვიდრეების ო. პ-ასა და რ. ჩ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 35699 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელეებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს 2010 წლის 12 აპრილს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედაქცია) 83-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლების თანახმად, თუ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა თავიდან აითვლება, ანუ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა უსასრულოდ ვადის გაგრძელებას არ გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სახელმწიფომ აიღო ვალდებულება გაეტარებინა აუცილებელი საკანონმდებლო ზომები იმ პირთა საკუთრების და საცხოვრებელი უფლების რესტიტუციის ან დაკარგული ქონების კომპენსაციასთან დაკავშირებით, რომელთაც 1990-1994 წლებში დაკარგეს ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფომ აღიარა რა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, ამისათვის შეიმუშავა რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კერძოდ: მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 მაისის ¹36 დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულება, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულება და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულება, რომლებითაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა უწყებებს ევალებოდათ მატერიალური ზარალის ანაზრაურების მიზნით, წყაროების გამოძებნა და თანხების გამოყოფა. ამდენად, სახელმწიფო, შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ახდენდა და დღესაც ახდენს მოსახლეობისათვის თანხების გამოყოფას, აღნიშნული პრობლემის დროულად გადაჭრის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულებით, შეიქმნა თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შესაბამისი პროგრამის შემუშავება და თანხების ანაზღაურების კონტროლი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა ვალდებულება დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარი გაეთვალისწინებინა სახელმწიფოს 1996-1997 წლების ბიუჯეტის პროექტებში. მართალია აღნიშნული ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა, მაგრამ თანხები ბიუჯეტის კანონებში უნდა დაემტკიცებინა პარლამენტს, რაც არ განხორციელებულა, შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ ვერ გაითვალისწინა აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

აღნიშნულის გათვალისწინებით ფინანსთა სამინისტრო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე, რადგან 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულებით სამინისტროს დაევალა არა საკომპენსაციო თანხის გაცემის უზრუნველყოფა, არამედ შესაბამისი წინადადებების შემუშავება, მისი პარლამენტში წარდგენის მიზნით. შესაბამისად საკომპენსაციო თანხების გაცემის ვალდებულება იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ აისახებოდა «საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სასამართლოს არ გათვალისწინება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი განსაზღვრავს სოლიდარული ვალდებულების ცნებას. ამ მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება სახეზეა, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება. ამავე კოდექსის 464-ე მუხლი კი ადგენს სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს. კერძოდ, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კანონი და არც ხელშეკრულება, რომლითაც ქ. თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა სოლიდარული ვალდებულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის ¹ბს-414-400 (კ-06) განჩინებაში ანალოგიურ საქმეზე მითითებულია, რომ «საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულების თანახმად, ქ. თბილისის მერიას ნება დაერთო მოეხდინა დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით მათთვის აშენებულ და მშენებარე სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით რეალიზაცია. აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციიდან შემოსული თანხები გამოყენებული უნდა ყოფილიყო დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისთვის, ე.ი. ქ. თბილისის მერიას არა განუსაზღვრელად, არამედ სწორედ განსაზღვრული წილით დაევალა მონაწილეობის მიღება მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოვალეობაში. ამდენად, მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ აღნიშნული აქტების საფუძველზე ქ. თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროსთან ერთად წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს, არის იურიდიულად დაუსაბუთებელი. ქ. თბილისის მერიამ პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. კერძოდ, 1997-2000 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქციას მოხმარდა 27144 მილიონი ლარი, აღნიშნული აისახა ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 5 ივლისის დადგენილებაში. კერძოდ, მითითებულ დადგენილებაში აღნიშნულია შემდეგი: «ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96 წლის ¹180 განკარგულებით და 01.12.1997 წლის ¹704 ბრძანებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ქ. თბილისის მთავრობამ სრულად შეასრულა, კერძოდ, ააშენა, აღადგინა და ექსპლუატაციაში ჩააბარა 20 საცხოვრებელი სახლი 46200 კვ.მ. საერთო ფართობით, რომელთა სამუშაოების კაპიტალური დაბანდების თანხამ შეადგინა 27144 მილიონი ლარი, ხოლო დაზარალებული მოქალაქეების მატერიალური ზარალის ანაზღაურებამ _ 1034622 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში». აგრეთვე «246 დაზარალებული ოჯახის დარჩენილი მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად თანხა 6820390 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 26.07.1996 წლის ¹180 განკარგულებისა, ექვემდებარება დაფინანსებას საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან».

სასამართლომ არ გაითვალისწინა და საერთოდ შეფასების მიღმა დატოვა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ¹180 განკარგულებით აღიარა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამ შემთხვევაშიც კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამავე კოდექსის 137-ე მუხლი კი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ქ. თბილისის მერიას სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 1991-1992 წლებში მოქალაქეებს ზიანი მიადგათ ცნობილი მოვლენების შედეგად. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო თავდაპირველი ხანდაზმულობის ვადის დინება. ასევე არ არის სადავო ის გარემოება, რომ 1996 წელს მთელი რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სახელმწიფომ განახორციელა აღიარება ვალისა ომით დაზარალებული მოქალაქეების მიმართ, რის შედეგადაც შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დინება. ვადის შეწყვეტა თავისი შინაარსით გულისხმობს იმას, რომ შეწყვეტიდან ხდება ახალი ვადის დინება. ვადის შეწყვეტა თავისი შინაარსით გულისხმობს იმას, რომ შეწყვეტიდან ხდება ახალი ვადის ათვლა. ანუ ამ შემთხვევაში 1996 წელს სახელმწიფოს მიერ ვალის აღიარებიდან დაიწყო ახალი ხანდაზმულობის ვადის დენა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა ბოლოს თანხა მიიღეს 2003 წელს, ამის შემდეგ, მათ მიმართ თანხის გამოყოფას ადგილი არ ჰქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეთათვის სწორედ ამ დროიდან გახდა ცნობილი ზიანის ფაქტი, ანუ 2003 წლიდან მისთვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ისეც თავიდან დაიწყო. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ო. პ-ამ და რ. ჩ-მა სასამართლოს მხოლოდ 2010 წელს მიმართეს. ანუ მაშინ, როდესაც მისი მოთხოვნა ხანდაზმული იყო. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ უგულვებელყო ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიცაა ხანდაზმულობა, რაც სრულიად გაუმართლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით შეიქმნა თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია, რომელსაც, ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, დაევალა ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის პროგრამის შემუშავება, ამავე ვადაში მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ეტაპობრივი ანაზღაურების პროგრამის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა. «ქ. თბილისში 1991 წლის დეკემბერ-1992 წლის იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებისა და ,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულების საფუძველზე 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებლი სახლების მშენებლობის შესახებ სახელწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და სახლების მშენებლობაში. ქ. თბილისის მთავრობის 31.05.07წ. ¹11.02.315 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული თბილისელი მოქალაქეების მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ქ. თბილისის ბიუჯეტში ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საკომპენსაციო თანხების განაწილების განსახორციელებლად, ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისა და 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა კომისიას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, სამსახურმა გადაიბარა შესაბამისი დოკუმენტაციები, რის საფუძველზე «ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად შესაბამისი სიების დამტკიცებისა და ქალაქის ბიუჯეტიდან თანხების შემდგომი გაცემის შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 20.07.07წ. ¹15.04.401 დადგენილებით დამტკიცდა დაზარალებულ მოქალაქეებზე ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დარჩენილი გასაცემი საკომპენსაციო თანხები თითოეულ დაზარალებულ მოქალაქეზე აშშ დოლარებში, დანართი 1-ის შესაბამისად. დანართის თანახმად, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებზე, კერძოდ, აწ გარდაცვლილი ვ. პ-ის მემკვიდრეების რ. ჩ-ის და ო. პ-ას სასარგებლოდ ასანაზღაურებელი ზარალის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 35669 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებაზე და 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2010 წლის 11 მაისის ¹117/1 ცნობასა და შესაბამისად გამოცემული «ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად შესაბამისი სიების დამტკიცებისა და ქალაქის ბიუჯეტიდან თანხების შემდგომი გაცემის შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 20.07.07წ. ¹15.04.401 დადგენილებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 09.06.11წ. ¹09/06/02 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა განკარგულების მე-4 და მე-8 პუნქტები, რომლითაც მატერიალური ზარალი 8,0 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით იყო განსაზღვრული და ქ. თბილისის მერიას დავალებული ჰქონდა პროგრამის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მერიის ის დადგენილებები (12.09.96წ. ¹14.04.901, 06.03.97წ. ¹06.03.260, 05.07.01წ. ¹10.12.231), რომლებითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი კონტროლის კომისია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული კომისიის უფლებამონაცვლედ შეიქმნა 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისიის წევრთა მიერ 31.05.11წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა «1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის» მიერ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 14.06.11წ. ¹15.02.578 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა «1991-92წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილება. რაც შეეხება დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე ,,ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილებას, ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 და ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებებს, აღნიშნული აქტები და საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც სახელმწიფომ აღიარა დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება, არ გაუქმებულა და სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა აქვთ. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ისე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. ამდენად, არსებობს მოპასუხეთა ვალდებულების დამდგენი, ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელეებს, მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1996 წელს, რა დროსაც, მითითებული ნორმატიული აქტებით, მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს მოსარჩელეთა მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ამასთანავე სადღეისოდ დადგენას საჭიროებს თითოეული მათგანისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბელიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობების გაუქმება, რომლებშიც მითითებული იყო მიყენებული ზიანის მოცულობა, ვერ მიიჩნევა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის მე-4 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი მტკიცებულებებისა და ინფორმაციის წარმოსადგენად დავის საგნის ოდენობის განსაზღვრისათვის, ხოლო საკასაციო პალატა საპროცესო კანონმდებლობის თანახმად მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით გაუქმებული 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების კონტროლის კომისიის უფლებამონაცვლის ჩაბმისა და ჩართული უფლებამონაცვლისაგან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების _ დაზარალებული თითოეული მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების თანხის ოდენობის დადგენის მიზნით საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.