¹ბს-1718-1674(კ-10) 20 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ამხანაგობა «...», წარმომადგენლები თ. ნ-ა, ნ. მ-ა;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) _ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური, წარმომადგენელი მ. კ-ე;
მესამე პირი_ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...», წარმომადგენელი ი. კ-ე;
გასაჩივრებული განჩინება_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 5 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ამხანაგობა «...» მოპასუხეების – ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისა და ბათუმის მერიის მიმართ, საქმეში მესამე პირად მიეთითა ამხანაგობა «...».
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის ¹01-22/211 ბრძანებისა და ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 7 ივლისის ¹466 ბრძანების ბათილად ცნობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ამხანაგობა «...» სარჩელი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, ბათუმის მერიისა და ამხანაგობა «...-ის» მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ამონაწერის შესაბამისად ამხანაგობა «...-ს» საკუთრებაში ერიცხება 326,7 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹133-ში.
იმავე მისამართზე 1259 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ამხანაგობა «...» საკუთრებად, რომლის აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს ამხანაგობა «...» დებულება, ამხანაგობის დაარსების შესახებ 2006 წლის 10 სექტემბრის კრების ოქმი და მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის პროექტი.
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ 2008 წლის 17 ივნისს მიღებულ იქნა ¹01-22/602 ბრძანება არქიტექტურულ გეგმარებითი დავალების გაცემის შესახებ ამხანაგობა «...»-ის მიერ ... ქუჩა ¹133-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ხოლო 2008 წლის 4 სექტემბერს მიღებულ იქნა ¹01-22/930 ბრძანება არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმების თაობაზე.
ამხანაგობა «...» მიერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ქ. ბათუმის მერიაში, გასაჩივრებულ იქნა არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 4 სექტემბრის ბრძანება, რაც ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ამხანაგობა «...» 2008 წლის 13 იანვარს საჩივარი შეიტანა ქ. ბათუმის მერიაში, რომლითაც მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე 2008 წლის 31 ოქტომბრის ¹01-22/1194 ბრძანებისა და ¹242/08 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა. ქ. ბათუმის მერის 2009 წლის 16 მარტის ¹162 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2006 წლის 12 ოქტომბერს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» თავმჯდომარემ, რომელმაც მოითხოვა მათ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე საზღვრების დადგენა. განცხადებასთან ერთად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» მიერ წარდგენილ იქნა საზღვრების დადგენის პროექტი, რომლითაც საცხოვრებელ სახლს უნდა მიკუთვნებოდა 1156, 70 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. წარდგენილი პროექტი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ არ იქნა შეთანხმებული და განმცხადებელს მოეთხოვა მასში ცვლილებების შეტანა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» მიერ გათვალისწინებულ იქნა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შენიშვნები და მის შესაბამისად მომზადდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრები.
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის ¹01-22/211 ბრძანებით გასწორდა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/81 ბრძანებაში გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს 1258,56 კვ.მ-ის ნაცვლად მიეკუთვნა (დაუდგინდა) 1189, 56 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის ¹01-22/211 ბრძანების დასაბუთებას წარმოადგენს ის, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანების გამოცემისას დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, შეცდომა დაშვებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ოდენობის გამოთვლისას. დაშვებული შეცდომა კი მდგომარეობს იმაში, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ... ქუჩისა და მისი მოპირდაპირე მხარის არსებული საზღვრების სიგრძე რეალურად არის 43,1 მეტრი, ხოლო 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანების გამოცემისას ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთის აღნიშნული საზღვრების სიგრძედ მითითებულია 45,60 მეტრი. აღნიშნულის საფუძველზე ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ... და ... ქუჩების მხარეს არსებული საზღვრების სიგრძესთან_27,60 მეტრზე გამრავლების შედეგედ საცხოვრებელ სახლს მიეკუთვნა 1258,56 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რეალურად კი უნდა მიკუთვნებოდა 1189,56 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის მასშტაბი (1:500) არის სწორი, რადგან ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ... და ... ქუჩების მხარეს მიკუთვნებული საზღვრების მასშტაბში აყვანისას (27, 60:5), მიიღება 5,52 სანტიმეტრი, როგორც ესაა საზღვრების დადგენის პროექტში.
ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტში ... ქუჩის მხარეს არსებული საზღვრის მასშტაბზე გამრავლების შედეგად მიიღება 43,1 მეტრი. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ... ქუჩის მხარეს მიეკუთვნება 43,1 მეტრი. ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ... ქუჩის მხარეს და მის პარალელურ მხარეს არსებული საზღვრები არის თანაბარი ოდენობის. შესაბამისად სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ქ. ბათუმში ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის ... ქუჩის მხარეს 45,60 მეტრის მიკუთვნება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ... ქუჩის მხარეს მიეკუთვნება 43,1 მეტრი, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანების გამოცემისას დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, შეცდომა დაშვებულ იქნა ქ. ბათუმში ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ოდენობის გამოთვლისას. დაშვებული შეცდომა კი მდგომარეობს შემდეგში: ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ... ქუჩისა და მოპირდაპირე მხარის არსებული საზღვრების სიგრძე რეალურად არის 43,1 მეტრი, ხოლო 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანების გამოცემისას ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთის აღნიშნული საზღვრების სიგრძედ მიეთითა 45,60 კვ.მ. რომლის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ... და ... ქუჩების მხარეს არსებული საზღვრების სიგრძესთან-27, 60 მეტრზე გამრავლების შედეგად საცხოვრებელ სახლს მიეკუთვნება 1258,56 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რეალურად კი უნდა მიკუთვნებოდა 1189,56 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2009 წლის 10 აპრილის ¹01-22/211 ბრძანების გამოცემისას ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ მოხდა 2007 წლის 21 თებერვლის ¹01 22/82 ბრძანებაში გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის გასწორება. სასამართლომ ჩათვალა, რომ 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანების გამოცემისას ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ შეცდომა დაშვებული იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის გამოთვლის დროს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, 2009 წლის 10 აპრილის ¹01-22/211 ბრძანების გამოცემისას ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანებაში არსებითი შესწორების შეტანას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუ აღნიშნული ბრძანებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიწის ნაკვეთის მიკუთვნების მიზნით შეთანხმებული იქნებოდა საზღვრების დადგენის ახალი პროექტი, რომელშიც შესწორებული იქნებოდა როგორც აზომვითი ნახაზის მასშტაბი, ისე აზომვითი ნახაზის სისწორის შემთხვევაში საცხოვრებელ სახლზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ოდენობა. ასეთს კი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის ¹01-22/211 ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ მიუთითა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანის შემთხვევაში მთლიანად იცვლება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში საერთოდ არ იცვლება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის არსებობისას, აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია თავად უზრუნველყოს აქტში დაშვებული შეცდომის გასწორება და ამ მიზნით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის დანაწესს. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის გასწორება წარმოადგენს მის კომპეტენციას, რაც უფლებასთან ერთად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ისეთი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც ადასტურებს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის არსებობას, გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა «...».
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ამხანაგობა «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა «...».
კასატორი აღნიშნავდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინება არის მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი.
კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამხანაგობა “...”-ს საკუთრებაში არსებული 1258,56 კვ. მ. არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას, ამდენად მისი ფართობის 69 კვ. მ-ის ოდენობით შემცირება სრულიად უკანონოა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს განცალკევებული ქონება, რომლის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “...” დარეგისტრირებული ჰქონდა 1258,56 კვ. მ. მიწის ნაკვეთი.
კასატორის განცხადებით, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის ¹01-22/211 ბრძანებით ქ. ბათუმში, ... ¹133-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის ნაცვლად 1258,56 კვ. მ მიწის ნაკვეთისა, 1189,56 კვ. მ მიწის ნაკვეთის მიკუთვნება ეწინააღმდეგება “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტს, რომლითაც დადგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი.
კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლი, 53 მუხლის მე-5 ნაწილი, 180 მუხლი, 601 მუხლის 1-ლი ნაწილი, 95-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები, რითაც უსწორო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
კასატორი თვლიდა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ¹01-22/82 ბრძანებაში არსებითი შესწორება იქნა შეტანილი. აგრეთვე უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლები საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევისას.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “...”-ს მიერ საჩივარი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის ¹01-22/211 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შეტანილ იქნა 2009 წლის 13 მაისს, რომელზედაც ქ. ბათუმის მერიაში ზეპირი მოსმენა გაიმართა 2009 წლის 12 ივნისს, ხოლო ქ. ბათუმის მერიის მიერ ¹466 ბრძანება მიღებულ იქნა 2009 წლის 7 ივლისს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი 1 თვიანი ვადის არსებითი დარღვევით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 12 ოქტომბერს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს ¹01-12/794 განცხადებით მიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...” თავმჯდომარემ და მოითხოვა ამხანაგობის სახელზე რიცხულ სახლზე საზღვრების დადგენა. განცხადებასთან ერთად ამხანაგობა ,, ...” მიერ წარდგენილ იქნა საზღვრების დადგენის პროექტი, რომლითაც საცხოვრებელ სახლს უნდა მიკუთვნებოდა 1156,70 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. წარდგენილი პროექტი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ არ იქნა შეთანხმებული და განმცხადებელს მოეთხოვა მასში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, საზღვრების პროექტი უნდა წარდგენილიყო იმგვარად, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ... ქუჩის მხრიდან უნდა აღებულიყო 7,40 მეტრი, შემდეგ საზღვარს უნდა გაევლო სწორხაზოვნად ასევე ... მხრიდან, ... ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდგომ საზღვარი გაგრძელდებოდა საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში მთელ სიგრძეზე ... ქუჩის პარალერულად და საცხოვრებელი სახლის ... ქუჩის მხრიდან კედელს გასცდებოდა 2,50 მეტრით, მოცემული წერტილიდან საზღვარი გაემართებოდა ... ქუჩის მიმართულებით 27,60 მეტრით, რითაც განსახილველად წარდგენილ პროექტში აღნიშნულ მონაკვეთში 11,30 მეტრის შემდეგ, 16,30 მეტრის მანძილზე გაიწევდა ... ქუჩის მხარეს 2,50 მეტრის მანძილით და ბოლოს საზღვარი გაგრძელდებოდა ... ქუჩის გასწვრივ ... ქუჩის მიმართულებით მითითებული პარამეტრების შესაბამისად.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...” მიერ გათვალისწინებული იქნა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შენიშვნები და მის შესაბამისად მომზადდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრები. საზღვრების დადგენის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მისი ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ნორმატივით ეკუთვნოდა 1164,12 კვ/მ, მაგრამ იმის გამო, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ნორმატიულად მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ზემოთ რჩებოდა უფლებრივად თავისუფალი მიწის ნაკვეთი, გათვალისწინებულ იქნა 10%-იანი დანამატი, რომელთა ჯამმა შეადგინა 1280,5 კვ/მ, ხოლო რადგან ფაქტობრივი მდგომარეობა 1280,5 კვ/მ მიწის ნაკვეთის მიკუთვნების შესაძლებლობას არ იძლეოდა, საზღვრების დადგენის პროექტით მოთხოვნილ იქნა 1258,5 კვ/მ მიწის ნაკვეთის მიკუთვნება.
ამხანაგობა ,, ...” მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მიეკუთვნა 1258,56 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 10 აპრილის ¹01-22/211 ბრძანებით გასწორდა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21 თებერვლის ¹01-22/82 ბრძანებაში გამოთვლის დროს დაშვებული შეცდობა და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად ქ. ბათუმში, ... ქ. ¹133-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს 1258,56 კვ/მ-ის მაცვლად მიეკუთვნა 1189,56 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც შემდგომ, საქმის განხილვის პროცესში, საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრში ცვლილებების განხორციელებას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...” საკუთრებად, არსებული 1258,56 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაცვლად, დარეგისტრირდა 1189,56 კვ/მ. Aამდენად, საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის საფუძველზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...” საკუთრება შემცირდა 69 კვ/მეტრით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მატერიალური კანონიერების გარდა უნდა აკმაყოფილებდეს ფორმალური კანონიერების მოთხოვნებს, რაც ვლინდება იმაში, რომ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. საქმიანობის სწორი სამართლებრივი ფორმის შერჩევის გარდა მნიშვნელოვანია, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახისა და აქტის გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით იყოს გამოცემული.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფლებამოსილებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, მსგავსი სახის ცვლილებების განხორციელება წარმოადგენს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით დაკისრებულ უფლებას. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია 2009 წლის 10 აპრილს ¹01-22/211 აქტის გამოცემისას იყო თუ არა სახეზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით ეჭვქვეშ არ აყენებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო ამ თვალსაზრისით შეზღუდულია დროის პერიოდით. თუმცა, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას განსახილველ შემთხვევაში გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის არსებობის თასობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საკითხი იმის თაობაზე, ადგილი აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტში არსებითი შესწორების შეტანას.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნული საკითხის დადგენას და თვლის, იმ პირობებში, როდესაც აზომვით ნახაზში განხორციელებულმა ცვლილებამ ასახვა ჰპოვა საჯარო რეესტრში და ამ სახით ფაქტიურად მოხდა მესაკუთრის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ფართის შემცირება, კომპეტენციის საკითხის დადგენას პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოსა და მხარეთა ყურადღებას მიაქცევს რეესტრის მნიშვნელობას და აღნიშნავს, საჯარო რეესტრი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტის როლს, უფლებათა რეგისტრაციას მნიშვნელობა აქვს ბრუნვის სტაბილურობისა და მე-3 პირთა ინტერესების დაცვისათვის. სწორედ ამ ფაქტორითაა გამოწვეული ის გარემოება, რომ რეესტრის ჩანაწესრები ითვლება სწორად მანამ, სანამ არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო არასაკმარისად მიიჩნევს სასამართლოს დასაბუთებას, რომელიც თავის მხრივ მექანიკურად იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და შეიცავს მარტოოდენ ტექნიკურ დაანგარიშებას.
საკასაციო სასამართლო სადავოდ არ ხდის ფაქტს იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 21.01- ¹01-22/82 ბრძანებით დამტკიცებული მიწის საზღვრების დადგენის გეგმაში მართლაც იკვეთება გარკვეული სახის ტექნიკური უზუსტობა. კერძოდ, ... ქუჩისა და მისი მოპირდაპირე მხარის არსებული საზღვრების სიგრძე (არსებული ჩანაწერების შესაბამისად იხ.ტ.1.ს.ფ.29) რეალურად მართლაც შეადგენს 43,1 მეტრს (7,40+33,20+2,50=43,1.) თუ 43,1 კვ/მ-ს გავამრავლებთ ... ქუჩის მხარეს არსებული საზღვრის სიგრძეზე 27,60 კვ/მ-ზე, მივიღებთ 1189,56 კვ/მეტრს.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ნახაზში არასწორადაა მითითებული 45,60 კვ/მ ნაცვლად 43,1 კვ/მეტრისა. Mმაგრამ ამ პირობებში საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს წარმოდგენილი იყოს მოტივაცია, მითითებულმა ცთომილებამ განაპირობა თუ არა ნაკვეთის საერთო ფართის ცვლილება. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მის მიერვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას 2007 წლის ბრძანებით გათვალისწინებული 10%-იანი დანამატის თაობაზე და აღნიშნავს, იმ პირობებში თუ გავითვალისწინებთ ტექნიკურ შეცდომას და 1280,50 კვ/მ ნაცვლად მიწის ნაკვეთის ფართს განვსაზღვრავთ 1189,56 კვ/მეტრით ამ შემთხვევაში 10%-იანი დანამატის გათვალისწინებით მიწის საერთო ფართი შეადგენს 1308,56 კვადრატულ მეტრს. (1189,56კვ/მ+10%(118,956)=1308,56კვ/მ.)
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი არგუმენტაცია ტექნიკური შეცდომის თაობაზე ვერ ასაბუთებს მიწის საერთო ფართის ცვლილებას, რის გამოც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ მკვეთრად გამიჯნოს რა სახის მოქმედება განხორციელდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან; 10%-იანი დანამატი არის თუ არა საზღვრის სიგრძის დაანგარიშების პროცესში გათვალისწინებული და ასახული; ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით რეალურად მოხდა თუ არა ნაკვეთის საზღვრების კორექტირება იმ პირობებში, როდესაც იკვეთება ორი სხვადასხვა ნაკვეთის გადაფარვის ფაქტი და ამ უკანასკნელ შემთხვევაში რომელი ნორმატიული აქტი იძლევა მხარეთა თანხმობის არარსებობის პირობებში ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას.
Yყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.