Facebook Twitter

¹ბს-1795-1750(კ-10) 21 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა სილაგაძე, მაია ვაჩაძე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 მაისს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის #337 და 2008 წლის 23 აპირლის ¹#425/კ ბრძანებების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ა. ლ-ას 2006 წლის 16 აგვისტოს #1128/კ ბრძანებით დაინიშნა ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად. მოსარჩელემ ორი წელი იმუშავა აღნიშნულ თანამდებობაზე და არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით. 2008 წლის აპრილიდან გავიდა შვებულებაში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის #31 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპიური დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. 2007 წლის 21 ნოემბერს ზემოაღნიშნული დებულების მე-3 მუხლში შევიდა ცვლილება, რის თაობაზეც სამინისტროს ოფიციალურად არ უცნობებია. ამასთან, დაახლოებით, 40 რესურსცენტრის უფროსმა ისარგებლა შვებულებით ისე, რომ ერთი კვირით ადრე არ უცნობებიათ სამინისტროსათვის, მაგრამ მათთვის სიტყვიერი საყვედურიც კი არ მიუციათ, ხოლო მოსარჩელის შემთხვევაში, ეს ფაქტი გათავისუფლების საფუძველი გახდა.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გასაჩივრებული აქტები _ ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის #11 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის #337 ბრძანება, ასევე მ. კ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #425/კ ბრძანება, ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, დაუსაბუთებელი იყო და უნდა გამოცხადებულიყო ბათილად. სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელე მ. კ-ემ სარჩელში დამატებით მიუთითა იმ დარღვევებზე, რასაც ადგილი ჰქონდა სადავო აქტების გამოცემისას, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #337 ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი არარად ცნობის საფუძველია. ასევე, საფუძველს იყო მოკლებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაც, რამდენადაც ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, შესაბამისად, იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს და ბათილად უნდა გამოცხადებულიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 სეტექმბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა ლაპატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. კ-ის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის #337 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპირლის #425/კ ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან და დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოწინააღმდეგე მხარეს დაევალა მ. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, გათავისუფლების დღიდან - 2008 წლის 23 აპრილიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. კ-ე მუშაობდა ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე. იგი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მ. კ-ის 2008 წლის 28 მარტის #11 ბრძანებით მ. კ-ე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში 2008 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში მოვალეობის შესრულება დაევალა უფროს სპეციალისტს მ. ა-ეს. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს აცნობა, რომ 2008 წლის 28 მარტის #11 ბრძანების საფუძველზე იგი იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, ხოლო მის მოვალეობას შეასრულებდა უფროსი სპეციალისტი მ. ა-ე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის #337 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის #11 ბრძანება, ვინაიდან ზემოაღნიშნული აქტის გამოცემით რესურსცენტრის უფროსმა დაარღვია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციული აქტი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის #31 ბრძანებით დადგენილი ვალდებულება, კერძოდ, რესურსცენტრის უფროსი ვალებული იყო თავისი შვებულების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ეცნობებინა შვებულების თარიღამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა, რაც მას არ განუხორციელებია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სამინისტროს არ ჰქონდა უფლება, ძალადაკარგულად ეცნო რესურსცენტრის უფროსის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობა თვალყურს ადევნებდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით, ახორციელებდა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, ხოლო “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2008 წლის 23 აპრილის #425/კ ბრძანებაში მ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78.1. “ა”, 79.1. “ვ”, 93-ე, 99.1 და 99.4 მუხლები. მოპასუხემ სადავო ბრძანებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მ. კ-ის მიერ შვებულებაში გასვლის თაობაზე ინფორმაცია მინისტრისათვის არადროულად იქნა მიწოდებული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78.1. “ა” მუხლის შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენდა სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. ამავე კანონის 79.1 მუხლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც ჰქონდა მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლებოდა გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. აღნიშნული კანონის 99.1 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

სააპელაციო პალატამ უზენაესი სასამართლოს მითითების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიკვლია სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების მართლზომიერად გამოყენების საკითხი. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რამდენად იქნა დაცული თანაზომიერების პრინციპი იმ პირობებში, როცა აპელანტი უთითებს, რომ მის მსგავსად, დაახლოებით, 40 რესურცენტრის უფროსმა ისარგებლა შვებულებით ისე, რომ ერთი კვირით ადრე არ უცნობებიათ სამინისტროსათვის.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება ისე იქნა მიღებული, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სააპელაციო პალატის აზრით, ჯეროვანი დასაბუთების გარეშე იქნა შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანამხად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ იძულებითი ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომლებშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანება არ შეესაბამებოდა მატერიალური კანონმდებლობის კრიტერიუმებს, არსებობდა აღნიშნული ბრძანების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

Kკასატორმა განმარტა, რომ შესასრულებელი სამუშაოების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინისტრი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა რესურსცენტრის უფროსის ადგილზე ყოფნა, ამასთან, მითითებული ღონისძიების გატარება იგეგმებოდა აპრილის თვეში, რისთვისაც აუცილებელი იყო რესურსცენტრის უფროსის აქტიური მუშაობა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემებების გამოკვლევის შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროს მხრიდან საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ძირითადი მიზეზი, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა, იყო რესურსცენტრის უფროსის მიერ განხორციელებული დარღვევის შეფასება.

რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, სასამართლოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაეწყვიტა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა სამინისტროს მიერ გარემოებების გამოკვლევა და ახალი აქტის გამოცემა, ვინაიდან განაცდურის დაკისრებისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ორი პირობა - მოხელის უკანონოდ გათავისუფლების დადასტურება და სამუშაოზე აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უკანონოდ ცნო მ. კ-ის გათავისუფლება და საკითხი ხელახლა შესასწავლად დაუბრუნა ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, არსებითად არ განხილულა და არ გადაწყვეტილა სამუშაოზე აღდგენის საკითხი. ამდენად, მოპასუხისათვის განაცდურის დაკისრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: “ქ. ... საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მ. კ-ის 2008 წლის 28 მარტის #11 ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის #31 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების” მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს მ. კ-ეს მიეცა 2008 წლის კუთვნილი შვებულება 2008 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შესრულება დაევალა ქ. ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროს სპეციალისტს მ. ა-ეს. ამავე ბრძანებით განისაზღვრა ბრძანების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეტყობინება, ხოლო ბრძანების შესრულება დაევალა საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროს სპეციალისტს ო. კ-ს (ს.ფ. 40). ქ. ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა 2008 წლის 31 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს მ. გ-ს აცნობა, რომ 2008 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი 2008 წლის 28 მარტის #11 ბრძანების საფუძველზე იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო მის მოვალეობას შეასრულებდა ქ. ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი სპეციალისტი მ. ა-ე (ს.ფ. 39).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის #337 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ... საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის #11 ბრძანება, ვინაიდან ზემოაღნიშნული აქტის გამოცემით რესურს-ცენტრის უფროსმა დაარღვია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციული აქტი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის #31 ბრძანებით დადგენილი ვალდებულება. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის #31 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანამანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “თ1” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, რესურს-ცენტრის უფროსი ვალდებულია თავისი შვებულების თაობაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცნობოს შვებულების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. Qქ. ... საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა მ. კ-ემ თავისი შვებულების თაობაზე ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდა 2008 წლის 2 აპრილს (სამინისტროში წერილობითი ინფორმაციის წარდგენის თარიღი), ხოლო შვებულებაში გავიდა 2008 წლის პირველი აპრილიდან. სადავო ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ რესურს-ცენტრის უფროსის მიერ შვებულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით და ვადებში მიწოდების შემთხვევაში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში რესურს-ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლის მითითებით, როგორც რესურს-ცენტრის უფროსის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, შესაძლებელია მიეღო სხვა გადაწყვეტილება შვებულების თარიღთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ზემოაღნიშნულის გათვალისწებით, ქ. ... საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის #11 ბრძანება “მ. კ-ის შვებულების შესახებ” გამოცემული იყო უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით და ზედამხედველობის წესით ექვემდებარებოდა ძალადაკარგულად გამოცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენლებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის #31 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ამავე ბრძანებით მ. კ-ეს დაევალა აღნიშნული ბრძანების კანონით დადგენილი წესით გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა, მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის #31 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “თ1” ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის საკითხთან დაკავშირებით (ს.ფ. 15-17).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ასევე ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. კ-ის 2008 წლის 22 აპრილის #114 ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მან 2008 წლის 22 აპრილს მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #337 ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 28 მარტის #11 ბრძანება “მ. კ-ის შვებულების შესახებ”. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის #31 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების” მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რომლითაც მას არ უსარგებლია ორი წლის მანძილზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #337 ბრძანების საფუძველზე 2008 წლის 22 აპრილიდან კი გამოვიდა სამსახურში და ასრულებდა მის მოვალეობას. ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი მ. კ-ე ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ მან ჯერ კიდევ 2008 წლის 24 მარტს მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თხოვნით მიღებაზე, რათა ესაუბრათ მათ სფეროში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, იგულისხმებოდა შვებულებაში გასვლაც. აღნიშნული წერილი სამინისტროში გატარებულია 24/03/6075 ნომრით, რაზეც მოსარჩელეს სამინისტროდან პასუხი არ მიუღია (ს.ფ. 41).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებაზეც, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მ. კ-ის მიერ მითითებული 2008 წლის 24 მარტის #24/03/6075 წერილი არ მოიცავდა არანაირ მითითებას შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც “საქართველოს განთლებისა და მეცნერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “თ1” ქვეპუნქტის პირდაპირ მიუთითებდა, რომ შვებულების თაობაზე რესურს-ცენტრის უფროსი ვალდებულია აცნობოს სამინისტროს შვებულების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა, ამასთან, მ. კ-ის ახსნა-განმარტებით ბარათში არ იყო მითითებული ისეთი გარემოების შესახებ, რაც გამოავლენდა მოსარჩელის მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზს, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, 99-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად და მ. კ-ის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის #425/კ ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. კ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ თანამდებობიდან გათავისუფლება (ს.ფ. 18-20).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამდენად, მ. კ-ე მუშაობდა რა ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის შრომის უფლებას, რის გამოც სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ხსენებულ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი ნორმების მოთხოვნებთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, რომლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. სწორედ მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის #425/კ ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. კ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის (საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა) მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ გამოიკვლია, რამდენად იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული თანაზომიერების პრინციპი, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში უთითებს, რომ მის მსგავსად დაახლოებით ორმოცი რესურს-ცენტრის უფროსმა ისარგებლა შვებულებით, ისე რომ ერთი კვირით ადრე არ უცნობებიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, მაგრამ მათთვის სიტყვიერი საყვედურიც კი არ მიუციათ, ანუ წარმოადგენდა თუ არა მხოლოდ “საქართველოს განთლებისა და მეცნერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “თ1” ქვეპუნქტის შეუსრულებლობა ყველა შემთხვევაში საჯარო მოსამსახურის მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის უმაღლესი ზომის _ სამსახურიდან განთავისუფლების _ გამოყენების საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მსგავსად მრავალმა თანამშრომელმა არ განახორციელა სამინისტრის კანონით დადგენილ ვადაში ინფორმირება შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით, არ გულისმობს, რომ მოსარჩელის მოქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ცალსახად კანონშესაბამისი და პასუხიმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პრეამბულის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. მითითებული კანონით განსაზღვრულია, საჯარო მოსამსახურის როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები, ის შეღავათები და გარანტიები რაც საჯარო სამსახურის განხორცილებისის საჯარო მოხელისათვის არის უზრუნველყოფილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. კ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება უდავოდ წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მაგრამ სამინისტრომ ვერ დაასაბუთა, რამდენად წარმოადგენდა შვებულებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი შეუტყობინებლობა უხეშ დარღვევას, რომელიც შეიძლება საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი გამხდარიყო, სხვა საფუძველი კი მ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული არ არის. მით უფრო, რომ მ. კ-ის მიმართ სხვა პრეტენზიების არსებობის ფაქტი არც საქმის მასალებით და არც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებით არ დასტურდება. ამასთან, საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხავი ცნობების მიუხედავად არ იქნა გამოკვლეული, შვებულების თაობაზე ერთი კვირით ადრე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი შეუტყობინებლობით, რეალურად რა ზიანი მიადგა ქ. ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს.

საკასაციო სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიაქცევს ყურადღებას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის #425/კ ბრძანება “მ. კ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის _ სამსახურიდან განთავისუფლების _ გამოყენების შესახებ” გამოცემულ იქნა 2008 წლის 23 აპრილს, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით დაწერილი მ. კ-ის ახსნა-განმარტებითი ბარათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შესული იყო 2008 წლის 24 აპრილს, რასაც ასევე შეფასება უნდა მისცეს სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევისათვის იგი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით რეგლამენტირებულ ყველა ლეგალურ დანაწესსა და იმპერატიულ მოთხოვნას, რათა ობიექტურად გამოირიცხოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ხოლო თუ იგი ეწინააღმდეგება ამა თუ იმ კანონს, სახეზე იქნება დასახელებული მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმები და არ იმსჯელა მთავარ საკითხზე _ რამდენად წარმოადგენდა “საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “თ1” ქვეპუნქტის შეუსრულებლობა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უხეშ დარღვევას; დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას დაცული იქნა თუ არა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი და კანონიერად მოხდა თუ არა სამსახურიდან მ. კ-ის გათავისუფლება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2011 წლის 13 მაისს “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” 127-ე მუხლს (დავის გადაწყვეტა სასამართლო წესით) დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სასამხურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. ამასთან, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა სამართალურთიერთობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხელე აღდგენილ იქნა სამსახურში და მას მიეცა განაცდური ხელფასი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას შეფასება უნდა მისცეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებას, შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემობები და ამ გარემობების შეფასებისა და კანონის სწორი განმარტების საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე