¹ბს-1912-1865(კ-10) 20 ივლისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი;
კასატორი- ი/მ «ა.ხ-იანი ...»
მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინება;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი/ს «ა. ხ-იანი ...» დირექტორმა- ა. ხ-იანმა მოპასუხეების–საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანების, რომლითაც მოსარჩელე დაჯარიმდა 3 000 ლარით, ბათილად ცნობას, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 17 დეკემბრის ¹851 ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ «ა. ხ-იანი ...» სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ინდ/საწარმო ,,ა. ხ-იანი ...’’-ის მიერ ორგანიზებული სათამაშო აპარატების სალონში 2009 წლის 30 სექტემბერს ჩატარებული შემოწმების (გადამოწმების) შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმემ დაუდგენელ დროს აზარტულ თამაშობაში შეიტანა ცვლილება, კერძოდ, მეწარმემ სათამაშო აპარატების სალონში საქმიანობა დაიწყო 11 ცალი სათამაშო აპარატით, შემოწმების (გადამოწმების) დღეს კი აღმოჩნდა, რომ სალონში განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა 18 ცალი სათამაშო აპარატი. აპარატების რაოდენობის გაზრდის თაობაზე მოსარჩელეს არ უცნობებია წინასწარ მოპასუხისთვის. ასევე, გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერები, ასევე სალონში გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა არ იყო დამონტაჟებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანებით ინდ. საწარმო ,,ა. ხ-იანი ...’’ დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი, ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 371-ე მუხლი.
ინდ/საწარმო ,,ა. ხ-იანი ...’’-მა შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, რომლის 2009 წლის 17 დეკემბრის ¹851 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი და ძალაში დარჩა გასაჩივრებული ბრძანება. თუმცა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახური არ იყო უფლებამოსილი შეემოწმებინა საკითხი იმის შესახებ, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა იყო თუ არა დამონტაჟებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით, ვინაიდან ეს საკითხი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანების გამოცემას წინ უსწრებდა სხვა ადმინისტრაციული აქტების გამოცემა, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონის სამმართველოს 2008 წლის 24 დეკემბრის ¹127, ¹128 და ¹129 ბრძანებებით მოსარჩელე დაჯარიმდა 1000 – 1000 ლარით (ანუ თითოეული ბრძანებით დაეკისრა 1 000 ლარი, სულ ჯამში – 3 000 ლარი). ამ ბრძანებების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი იყო ის, რომ 1. მოსარჩელის _ ინდ. საწარმო ,,ა. ხ-იანი ...’’-ის სათამაშო აპარატების სალონში სალარო არ იყო აღჭურვილი სათანადო დაცვით, მისი ერთ-ერთი კუთხე იყო ღია, შემინული იყო არაბრონირებული შუშით (ბრძანება ¹127), 2. მოსარჩელის _ ინდ. საწარმო ,,ა. ხ-იანი ...’’-ის სათამაშო აპარატების სალონში ვიდეომეთვალყურეობის კამერები ვერ მოიცავდა სათამაშო დარბაზის მთელ სივრცეს (ბრძანება ¹128), 3. მოსარჩელის _ ინდ. საწარმო ,,ა. ხ-იანი ...’’-ის სათამაშო აპარატების სალონში სალარო არ იყო აღჭურვილი ცალკე ვიდეომეთვალყურეობის კამერით, რომლითაც შესაძლებელი იქნება სალაროსთან მდგომი პირის კონკრეტულად დანახვა და იდენტიფიცირება (ბრძანება ¹129).
თბილისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მომსახურების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების 2010 წლის 16 თებერვლის ¹6207/02-10 წერილით დგინდება, რომ ინდ/მეწარმე ,,ა. ხ-იანი ...’’-ს 2009 წლის I კვარტლისთვის თბილისის რეგიონული ცენტრიდან გატანილი აქვს 17 ცალი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშანი, 2009 წლის II კვარტალში _ 18 ცალი ნიშანი, ხოლო 2009 წლის III კვარტალში _ 18 ცალი ნიშანი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, როდესაც მოსარჩელემ დაიწყო თავისი სამეწარმეო საქმიანობა, მის მიერვე ორგანიზებულ სათამაშო აპარატების სალონში განათავსა 11 ცალი სათამაშო აპარატი. 2009 წლის 30 სექტემბრის (გადამოწმების დღეს) მდგომარეობით აღმოჩნდა, რომ მას სათამაშო აპარატების სალონში ნაცვლად 11 აპარატისა, დადგმული ჰქონდა 18 ცალი აპარატი, მაშინ, როდესაც ინდ/მეწარმე ,,ა. ხ-იანი ...’’-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არ უცნობებია სათამაშო აპარატების სალონში დადგმული აპარატების რიცხოვნების 11-დან 18-მდე გაზრდის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, «აზარტულ და მომგებიან თამაშობებში ცვლილებების შეტანის (რომელიც არ გამოიწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას) შემთხვევაში, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშებამდე ორი კვირით ადრე, თანხმობის მიღების მიზნით, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მიმართვა არ განიხილება. ერთი კონკრეტული ციკლის (ტირაჟის) დასრულებამდე წამახალისებელ გათამაშებაში ცვლილებები არ დაიშვება». ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, სათამაშო აპარატების სალონის ორგანიზებისათვის ნებართვის მისაღებად, «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, იურიდიულმა (ფიზიკურმა) პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: გ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის მითითებით; დ) სათამაშო აპარატების თამაშების მოკლე აღწერილობები, თითოეულ აპარატზე მაქსიმალური ფსონისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით». მითითებული ნორმების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სათამაშო აპარატების სალონში აპარატების რიცხოვნების 11-დან 18-მდე გაზრდა წარმოადგენს ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში ცვლილების შეტანას, რა შემთხვევაშიც აუცილებელი იყო ორგანიზატორს (მოსარჩელეს) მოსალოდნელი ცვლილების შესახებ წინასწარ ეცნობებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის. მხოლოდ ამ უკანასკნელისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში იქნებოდა მოსარჩელე უფლებამოსილი განეხორციელებინა აღნიშნული სახის ცვლილება, ანუ გაეზარდა სათამაშო აპარატების რაოდენობა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, იმ მოსაზრების მართებულობას, რომ სათამაშო აპარატების სალონში აპარატების რიცხოვნების გაზრდა მომგებიან თამაშობებში ცვლილების შეტანას ნიშნავს, ადასტურებს ასევე ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების დებულებანი. კერძოდ, თუკი ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირისთვის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის აუცილებელია, რომ ნებართვის გაცემის მომენტში მან ზედმიწევნით ზუსტად იცოდეს სათამაშო აპარატების სალონში დასადგმელი აპარატების ყველა ძირითადი მახასიათებელი (სახელწოდება, მოდიფიკაცია, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, თამაშობის მოკლე აღწერა, მაქსიმალური ფსონი, მოგების მაქსიმალური ოდენობა), ბუნებრივია, რომ საქმიანობის შემდგომ ეტაპზე თუკი ორგანიზატორი გადაწყვეტს, რომ გაზარდოს სათამაშო აპარატების რაოდენობა, მან ამ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ასევე უნდა აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყველა იმ დეტალზე მითითებით, რაც გათვალისწინებულია ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სათამაშო აპარატების სალონში დადგმულ ახალ სათამაშო აპარატებზე თბილისის რეგიონული ცენტრიდან მიიღო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშანები (18 ცალი ნიშანი), მას მაინც არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, დაიცვას ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა (წინასწარი შეტყობინების პროცედურა). თუმცა, თბილისის რეგიონული ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში Dშემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ სუბიექტებიდან თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი ფუნქციები, მიზნები და ამოცანები; ლატარიების, აზარტულ და სხვა მომგებიან თამაშობებთან მიმართებაში თბილისის რეგიონული ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) წარმოადგენს გადასახადების (ამ შემთხვევაში _ მოსაკრებლის) ადმინისტრირებაზე (ანუ გადასახადების გამოანგარიშებაზე და გადახდაზე) პასუხისმგებელ პირს, მის ფუნქციებში არ შედის საკითხის გადაწყვეტა იმის შესახებ, მიანიჭოს თუ არა, ან/და რა კონკრეტული პირობებით მიანიჭოს დაინტერესებულ პირს (პირებს) ლატარიების, აზარტულ და სხვა მომგებიან თამაშობების ორგანიზების უფლება. ეს ფუნქცია, ანუ ნებართვის გაცემის ფუნქცია და ამ ნებართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების კომპეტენცია მიკუთვნებული აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ მოსარჩელის მიერ თბილისის რეგიონული ცენტრიდან (საგადასახადო ინსპექციიდან) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების მიღება გაიგივდეს მომგებიან თამაშობებში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის შეტყობინებასთან.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით მასზე დაკისრებული მოვალეობები. იმავე კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს პასუხისმგებლობას «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტით დადგენილია, რომ ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ 1000 ლარს. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. იმავე 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონი ნებართვის მფლობელს ავალდებულებს სანებართვო პირობების დაცვას. ამ კანონის 33-ე მუხლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ თუ როგორ სრულდება სანებართვო პირობები, აკონტროლებს ნებართვის გამცემი, რომელიც კონტროლს ახორციელებს სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით. იმავე კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონით დადგენილი წესით. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის «ე» პუნქტით ნებართვა დეფინიცირებულია, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას...» იმავე მუხლის «ფ» პუნქტით სანებართვო პირობები არის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემისაგან განსაზღვრული ჰქონდა გარკვეული ვადა კონკრეტული დარღვევის გამოსასწორებლად, არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია არ აკმაყოფილებდეს იმ დანარჩენ სანებართვო პირობებს, რომელთათვისას ვადა არ განსაზღვრია. საქალაქო სასამართლო თვლიდა, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა, მეწარმეს ავალდებულებს ამ კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას, ვიდრე ის ამ კანონით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს. თვითონ ის გარემოებაც, რომ ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით და არა სრული მოცულობით, ამ გარემოებაზე უსვამს ხაზს. საქალაქო სასამართლო მიუთითებდა, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს ზოგადად სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის და მისი მიზანია ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაცვის უზრუნველყოფა სანქციების მეშვეობით, სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის კი კანონი ამკაცრებს პასუხისმგებლობას. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სანებართვო პირობების შეუსრულებლობაში არ შეიძლება მოაზრებული იყოს მხოლოდ ის სანებართვო პირობები, რომელთათვისაც წინა შემოწმებისას ნებართვის მფლობელს განესაზღვრა გარკვეული ვადა. ზემოაღნიშნული კანონის 34-ე მუხლი ნებართვის მფლობელს ავალდებულებს დადგენილ ვადაში არა მარტო კონკრეტული დარღვევის გამოსწორებას და მის სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანას, არამედ იმის პრევენციული ღონისძიებაც არის, რომ იგი, როგორც ამ კანონით განსაზღვრული ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი, ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ კანონით დადგენილ სანებართვო მოთხოვნებს სრულად, ვიდრე ახორციელებს ამ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, განესაზღვრა თუ არა რაიმე ვადა ამა თუ იმ კონკრეტული სანებართვო პირობის შესრულებისათვის.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «ა. ხ-იანი ...» დირექტორმა- ა. ხ-იანმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინებითY ი/მ «ა. ხ-იანი ...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «ა. ხ-იანი ...».
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლი. K კასატორი მიუთითებდა, რომ სასამართლოებმა მარტოოდენ სანებართვო პირობების განმეორებითი დარღვევა მიიჩნიეს სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმის გასამმაგების საფუძვლად მაშინ, როდესაც მისი აზრით, ზემოაღნიშნული მუხლის ნორმები შეეხებიან ისეთ შემთხვევებს, როცა ნებართვის გამცემის მიერ სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად ნებართვის მფლობელისათვის განსაზღვრული გონივრული ვადის მიცემის შემდეგ ნებართვის მფლობელი კვლავ არ შეასრულებს სანებართვო პირობებს.
კასატორი თვლიდა, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას, კასატორი მიუთითებდა, რომ მოპასუხემ სასამართლოში ვერ წარადგინა მტკიცებულება იმისა, რომ იგი სანებართვო პირობების გამოსასწორებლად გაფრთხილებულია და ამის გამოსასწორებლად განსაზღვრული ჰქონდა გონივრული ვადა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ «ა. ხ.იანი ...» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს განჩინების გაუქმების საფუძველს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 3 ოქტომბრის ¹2453 ბრძანების საფუძველზე გაიცა ¹19-06/2927 ნებართვა, რომლის საფუძველზეც ი/მ «ა. ხ-იანი-მანი+%-ს» მიეცა უფლება ქ. თბილისში, ნუცუბუძის ქ. ¹179-181 კორპუსებს შორის ¹21/004 ნაკვეთზე არსებულ ორსართულიანი შენობის 1 სართულზე, ფართი ¹1, კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით მოეწყო სათამაშო აპარატების სალონი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს_ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს 2008 წლის 24 დეკემბრის ¹127, ¹128 დაც ¹129 ბრძანებების თანახმად, შემოწმდა რა ი/მ «ა. ხ-იანი-...» სათამაშო აპარატების სალონი, დადგენილ იქნა, რომ ი/მ «ა. ხ-იანი-...ს» მიერ დაირღვა «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რა დროსაც იგი დაჯარიმდა ცალკ-ცალკე 1000-1000 ლარით ანუ თითოეული ბრძანებით მას დაეკისრა 1000 ლარი, სულ 3000 ლარის ოდენობით (სფ. 93-98).
2009 წლის 30 სექტემბერს გადამოწმებულ იქნა ინდივიდუალური საწარმო ,,ა. ხ-იანი ....» მიერ სანებართვო პირობების შესრულება, რა დროსაც კვლავ გამოვლინდა «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტები, კერძოდ ი/მ «ა. ხ-იანი-...» სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ¹19-06/2927 ნებართვით ორგანიზებული საქმიანობა დაიწყო 11 ცალი სათამაშო აპარატის გამოყენებით, დაუდგენელ დროს მეწარმემ აზარტულ თამაშობაში შეიტანა ცვლილება და შემოწმების დროს 2009 წლის 30 სექტემბერს საქმიანობას ეწეოდა 18 ცალი აპარატის გამოყენებით, რის შესახებაც არ აცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ასევე მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათამაშო აპარატების ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერები, გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა არ იყო დამონტაჟებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/ და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანებით დადგენილია, რომ ი/მ «ა. ხ-იანი-...» მიერ დარღვეულია «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, 24-ე მუხლის მეოთხე პუნტით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის «კ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ინდ. საწარმო «ა. ხ-იანი ...» «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონის 371-ე მუხლის საფუძველზე კანონით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისათვის დაჯარიმდა 3000 ლარით.
ინდ/ საწარმო «ა. ხ-იანი ...» შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, რომლის 2009 წლის 17 დეკემბრის ¹851 ბრძანებით მიჩნეულ იქნა, რომ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმება არ შედიოდა შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაში, თუმცა ქმედების განმეორებითი ხასიათის გამო ჯარიმა დარჩა უცვლელი, შესაბამისად საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
«ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზების და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს. Aამ კანონის მიზანია საქართველოში ლატარიების, სამორინეების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად. ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (ძველი რედაქცია) თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში რეგისტრაციას «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელთა დაჯარიმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ –შემოსავლების სამსახურმა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანებით, მოსარჩელეს დააკისრა გასამმაგებული ჯარიმა 3000 ლარი ანუ საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხემ გამოიყენა «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34.2 მუხლის დებულებანი, რასაც საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:
«ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონის 37.2 მუხლით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. ამავე კანონის 371-ე მუხლის «გ» ქვეპუნტით განისაზღვრა, რომ ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს: სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ-1000 ლარს.
«ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34.1 მუხლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის.
საკასაციო სასამართლო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, იმისათვის, რომ უფლებამოსილმა პირმა ვალდებულ პირს დააკისროს გასამმაგებული ჯარიმა, პირველ რიგში უნდა გამოარკვიოს თუ რა სახის სანებართვო პირობების დარღვევას ჰქონდა ადგილი პირველი დაჯარიმების დროს და აღნიშნული დაჯარიმების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადაში მოხდა თუ არა დარღვეული სანებართვო პირობების გამოსწორება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია ინდ/საწარმო «ა. ხ-იანი ...» მიმართ შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანების გამოცემას წინ უსწრებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს_ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს 2008 წლის 24 დეკემბრის ¹127, ¹128 და ¹129 ბრძანებები, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება არასაკმარისია იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნას «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34.2 მუხლის დებულებანი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განმეორებითობისათვის გადამწყვეტია დროის განსაზღვრულ პერიოდში ერთი და იმავე გადაცდომის ჩადენისა და გამოუსწორებლობის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს_ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს 2008 წლის 24 დეკემბრის ¹127, ¹128 დაც ¹129 ბრძანებების გამოცემას საფუძვლად დაედო «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევა, კერძოდ, შემოწმების პერიოდში 2008 წლის 23 დეკემბერს ინდ/ საწარმო «ა. ხ-იანი ...» სათამაშო აპარატების სალონში სალარო არ იყო აღჭურვილი სათანადო დაცვით, მისი ერთ-ერთი კუთხე იყო ღია და შემინული არ იყო ბრონირებული შუშით, ვიდეომეთვალყურეობის კამერები ვერ მოიცავდა სათამაშო დარბაზის მთელ სივრცეს და დარბაზში არ იყო დამონტაჟებული კონკრეტულად მთავარ და სათადარიგო შემოსასვლელზე ორიენტირებული ვიდეომეთვალყურეობის კამერა, სალარო არ არის აღჭურვილი ცალკ-ცალკე ვიდეომეთვალყურეობის კამერით, რომლითაც შესაძლებელი იქნება სალაროში მდგომი პირის კონკრეტულად დანახვა და იდენტიფიცირება. 2009 წლის 30 სექტემბერს კი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა სრულიად სხვა სახის გადაცდომა, კერძოდ სახეზე იყო «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა: მეწარმე 2009 წლის 30 სექტემბერს ნაცვლად 11 ცალი სათამაშო აპარატისა, სათამაშო ბიზნესს აწარმოებდა 18 ცალი აპარატის გამოყენებით, რის შესახებაც არ აცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას გადაცდომის განმეორებითი ხასიათის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად აზარტულ და მომგებიან თამაშობებში ცვლილებების შეტანის (რომელიც არ გამოიწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას) შემთხვევაში, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშებამდე ორი კვირით ადრე, თანხმობის მიღების მიზნით, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შემოსავლების სამსახურმა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდო ისეთი სახის სანებართვო პირობების დარღვევა, რომელზედაც არ იყო მითითებული ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს 2008 წლის 24 დეკემბრის ბრძანებებში და მანამდე გამოცემული არცერთი ადმინისტრაციული აქტით არ ყოფილა განსაზღვრული ვადა სწორედ ამ სახის დარღვევის აღმოსაფხვრელად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის საფუძველზე ნებართვის მფლობელისათვის დაკისრებული ერთმაგი, სამმაგი და სამმაგი ჯარიმის კიდევ გასსამაგებული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოადგენს კანონისმიერ ვალდებულებას, რომელიც უნდა შესრულდეს, თუმცა ამავე საკანონმდებლო აქტის 34-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ჯარიმის დაკისრების, ერთმაგი ჯარიმის გასამმაგების, გასამმაგებული ჯარიმის კვლავ გასამმაგების და ბოლოს –ნებართვის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს თავდაპირველი სანებართვო პირობის (პირობების) დარღვევა-შეუსრულებლობა, ხოლო მომდევნო ეტაპებზე-დაჯარიმებების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ ამ კონკრეტული სანებართვო პირობების გამოუსწორებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში მოპასუხეს-შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის- ინდ/ საწარმო «ა. ხ-იანი ...» მიმართ, 2009 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელის კუთვნილ სათამაშო აპარატების სალონში გამოვლენილი დარღვევის გამო პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ საკითხის გადასაწყვეტად ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-10, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53.1-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი/მ «ა.ხ-იანი ...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი/მ «ა.ხ-იანი ...» სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹3781 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 17 დეკემბრის ¹851 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის _ ი/მ «ა.ხ-იანი ...» მიმართ 2009 წლის 30 სექტემბერს სათამაშო აპარატების სალონში გამოვლენილი დარღვევის გამო პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება);
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს ი/მ «ა.ხ-იანი ...» სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.