¹ბს-299-236-კ-05 21 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ა. ხ-შვილის უფლებამონაცვლე დ. ხ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს ,,...»; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა; მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 27 აგვისტოს ა. ხ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ სს ,,...» და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1994 წელს მოსარჩელესა და ,,...» ადმინისტრაციას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. ხ-შვილმა ,,...» მიაქირავა ეზოს ნაწილი, კერძოდ, 19 კვ.მ ელექტრო-გამანაწილებელი ჯიხურისათვის. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,...» ა. ხ-შვილის სასარგებლოდ, ქირის გადახდა დაეკისრა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელესა და სს ,,...» შორის 12 თვის ვადით დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, ამ ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ ითხოვა ხელშეკრულების გაგრძელება და აღნიშნული მოთხოვნით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს. სასამართლო პროცესზე მან შეიტყო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სს ,,...» საკუთრებას და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სს ,,...» სახელზე. მოსარჩელისათვის აღნიშნული ფაქტი გაუგებარი იყო, ვინაიდან, მთელი ეზო, რომელშიც სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა, მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, რასაც ადასტურებდა 1993 წლის 28 დეკემბერს გაცემული ,,კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა”, რომელიც 1993 წლის 30 დეკემბერს რეგისტრირებული იყო თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 2002 წლის 17 იანვარს საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ... ქ. ¹2-ში მდებარე 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის სს ,,...» საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის გაუქმება და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ა. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრში 2002 წლის 17 იანვარს განხორციელებული რეგისტრაცია ¹1/16/4/28/2, რომლითაც ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ის მოპირდაპირედ 19 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა სს ,,...» სახელზე; ქ. თბილისში, ... ქ. ¹30-ში საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით მდებარე 52.5 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთში შემავალი 19 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა ა. ხ-შვილის საკუთრებად.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ხ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1998 წლის 6 მაისის ¹1-9/188 ბრძანებისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მ. ს-ს შორის 1998 წლის 21 დეკემბერს დადებული სს ,,...» აქციების 75%-ის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ... ქ. ¹1-ის მოპირდაპირედ მდებარე 19 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო სს ,,...». ამასთან, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1998 წლის 6 მაისის ¹1-9/188 ბრძანება ა. ხ-შვილს სადავოდ არ გაუხდია.
საოლქო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდებოდა იმ მიწის ნაკვეთან ერთად, რომლზედაც ის არსებული წესით იყო დამაგრებული.
საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საშუალო ძაბვის სატრანსპორტო ქვესადგურის პასპორტის თანახმად, ... ქ. ¹30-ში საშუალო ძაბვის ქვესადგური აშენებული იყო 1930 წელს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2002 წლის 17 იანვარს საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ... ქ. ¹2-ში მდებარე 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის სს ,,...» საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის გაუქმებისა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან, ამავე კანონის მე-2 მუხლით ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. კასატორმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის შესაბამისად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან კასატორი გახდა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, შესაბამისად, 1998 წლის 28 ოქტომბერს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე სახელმწიფო არ ყოფილა.
Kკასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1998 წლის 6 მაისის ¹1-9/188 ბრძანება და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მ. ს-ს შორის 1998 წლის 21 დეკემბერს დადებული სს ,,...» აქციების 75%-ის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ისე, რომ აღნიშნული ბრძანება და ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა და საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან, კასატორის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მიწის ნაკვეთი და არა სატრანსფორმატორო ჯიხური.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2005 წლის 20 მაისს, 10.00 საათზე.
2005 წლის 4 ივლისს სს ,,...» განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა, სს ,,...» სარჩელზე მოპასუხეების _ ა. ხ-შვილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, ქ. თბილისში, ... ქ. ¹30-ში არსებული 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. ხ-შვილისათვის მიკუთვნების კანონიერების შესახებ ადმინისტრაციული საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სს ,,...» შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარზე საკასაციო წარმოება სს ,,...» სარჩელზე, მოპასუხეების _ ა. ხ-შვილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, ქ. თბილისში, ... ქ. ¹30-ში არსებული 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. ხ-შვილისათვის მიკუთვნების კანონიერების შესახებ ადმინისტრაციული საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ ა. ხ-შვილის შვილმა დ. ხ-შვილმა წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებების ასლები. ამასთან, მხარემ განაცხადა, რომ აღარ არსებობდა ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა, როგორც სს ,,...», ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით ა. ხ-შვილის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი დ. ხ-შვილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1930 წლის 19 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით (აქტის ქაღალდი) მოსარჩელის ა. ხ-შვილის მამამ გ. ხ-შვილმა შეიძინა ერთსართულიანი სახლი და სარგებლობაში მიიღო 328.24 მეტრი მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 4). 1993 წლის 28 დეკემბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ა. ხ-შვილს მემკვიდრეობით გადაეცა მამის _ გ. ხ-შვილის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის ... ქ. ¹30-ში მდებარე სახლი და 525 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 5). ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 1994 წლის 24 თებერვლის საინვენტარიზაციო გეგმით დასტურდება, რომ ... ქ. ¹30-ში მდებარე მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო ა. ხ-შვილის სახელზე (ს.ფ. 6). 1994 წელს 11 იანვარს მოსარჩელესა და ,,...» ადმინისტრაციას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. ხ-შვილმა ,,...» მიაქირავა ეზოს ნაწილი, კერძოდ, 18.7 კვ.მ მიწის ნაკვეთი ელექტრო-გამანაწილებელი ჯიხურისათვის. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს ,,...» ა. ხ-შვილის სასარგებლოდ, 1994 წლის იანვრიდან 1999 წლის იანვრამდე გადაუხდელი დავალიანების ანაზღაურება დაეკისრა (ს.ფ. 10). 2001 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელესა და სს ,,...» შორის 12 თვის ვადით დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 7-9). 2002 წლის 17 იანვარს ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ის მოპირდაპირედ მდებარე 19 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სს ,,...» სახელზე (ს.ფ. 22-23). საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო ,,ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1998 წლის 6 მაისის ¹1-9/188 ბრძანება, 1998 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ,,...» შორის დადებული სს ,,...» აქციების 75%-ის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 თებერვლის დადგენილება და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 9 აგვისტოს ¹11-713/7-0 მიწერილობა (ს.ფ. 22-23). მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში, ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ს მოპირდაპირედ მდებარე 19 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ელექტრო სადგური ¹6060 მესაკუთრედ მითითებული არის სს ,,...» (ს.ფ. 36).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2001 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელესა და სს ,,...» შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით ა. ხ-შვილმა სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ. 79-81). დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ხ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა სს ,,...» მასთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების ან წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტრო-გამანაწილებელი ჯიხურის ნაკვეთიდან გატანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 79-81). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინებებით (ს.ფ. 82-85). ა. ხ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ როგორც სადავო მიწის ნაკვეთის, ისე მასზე მდებარე ¹6060 ელექტრო-გამანაწილებელი ჯიხურის მესაკუთრეს სს ,,...» წარმოადგენდა და იგი ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ 2002 წლის 17 იანვრიდან იყო მითითებული (ს.ფ. 79-85).
საკასაციო სასამართლო ყურაღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სს ,,...» შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარზე საკასაციო წარმოება სს ,,...» სარჩელზე, მოპასუხეების _ ა. ხ-შვილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, ქ. თბილისში, ... ქ. ¹30-ში არსებული 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. ხ-შვილისათვის მიკუთვნების კანონიერების შესახებ ადმინისტრაციული საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
2011 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ ა. ხ-შვილის უფლებამონაცვლემ დ. ხ-შვილმა სასამართლოს წარმოუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის განჩინებით სს ,,...» სარჩელი ... ქ. ¹30-ში მდებარე 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ელ. ჯიხურის შეძენის შესახებ 1998 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსა და ,,...» შორის დადებული ხელშეკრულების ნადვილობის აღიარების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში სს ,,...» სახელზე არსებული ჩანაწერის ნადვილობის დადგენის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში მოცემულ საქმეზე შეწყდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება; სს ,,...» სარჩელი ა. ხ-შვილის სახელზე 1993 წლის 28 დეკემბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით სს ,,...» შუამდგომლობა ა. ხ-შვილის სახელზე 1993 წლის 28 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის გახმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და სს ,,...» სარჩელი, მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვიტარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის სააგენტოსა და ა. ხ-შვილის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით სს ,,...» კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალაში დარჩა ა. ხ-შვილის სახელზე გაცემული 1993 წლის 28 დეკემბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის თანახმადაც, ა. ხ-შვილს მემკვიდრეობით გადაეცა მამის _ გ. ხ-შვილის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის ... ქ. ¹30-ში მდებარე სახლი და 525 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განჩინებების საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ხ-შვილის უფლებამონაცვლის _ დ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ-შვილის უფლებამონაცვლის _ დ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.