Facebook Twitter
¹ბს-347-344(კ-11) 5 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-347-344(კ-11) 5 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელეები) _ ვ. ჩ-ავა, გ. პ-ავა, რ. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო

დავის საგანი _ კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 17 აგვისტოს ვლადიმერ ჩ-ავამ, ვ. კ-იამ, გ. პ-ავამ და რ. ქ-ძემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს მათ სასარგებლოდ მოპასუხისათვის გაუცემელი დავალიანების ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ, ვ. ჩ-ავასათვის – 886,95 ლარის, ვ. K-იასათვის – 1666,87 ლარის, რ. ქ-ძისათვის – 864,30 ლარისა და გ. პ-ავასათვის – 1488,16 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელეთა მითითებით, ისინი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პენსიის მიღების ულფებით. გათავისუფლების შემდეგ არ მიუღიათ გაუცემელი, 1998, 1999, 2003 წლების დარიცხული შრომის ანაზღაურება. აღნიშნული დავალიანება აღიარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მაგრამ თანხის გაუცემლობის მიზეზად ადმინისტრაციული ორგანო უთითებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავალიანებების დასაფარად საჭირო დამატებითი ასიგნებების არ გამოყოფას.

მოსარჩეებმა სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითეს საქართველოს კონსტიტუციაზე, «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონზე, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულებაზე და შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლზე (იხ. ს.ფ. 1-12).

სარჩელი არ ცნო მოპასუხე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 79-86).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს ვ. ჩ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა გაუცემელი ხელფასის _ 289,64 ლარის, გ. პ-ავას სასარგებლოდ _ 587,12 ლარის, რ. ქ-ძის სასარგებლოდ – 328,40 ლარის გადახდა, კვების ულუფის კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის გამო დანამატის ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე, 1341-ე სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთათვის ანაზღაურებას ექვემდებარება «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული თანხები – თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი სარგო, ხოლო სხვა თანხები – კვების ულუფის კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატიის შესახებ მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია ხანდაზმულად (იხ. ს.ფ. 98-100).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ჩ-ავამ, გ. პ-ავამ და რ. ქ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამდენადაც მოსარჩელეებმა წინა წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით და ადმინისტრაციული ორგანოები პირდებოდნენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების გამოყოფის შემდეგ მოახდენდა დავალიანებების დაფარვას. ამდენად, აპელანტების მოსაზრებით მოთხოვნა კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული.

აპელანტების მითითებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა «პოლიციის შესახებ» კანონის 31-ე მუხლი, რამდენადაც ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, რაც იგულისხმება კუთვნილ თანხებში, რომელთა ანგარიშსწორების წესი განისაზღვრა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 1341-ე მუხლში. შესაბამისად, აპელანტებმა მიიჩნიეს, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა.

გარდა აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა «საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმად, განმარტებულია ხელფასი და მისი შემადგენელი კომპონენტები. კანონით დადგენილ დანამატებში იგულისხმება ხელფასზე ყოველთვიური დანამატები და სასურსათო ულუფა (იხ. ს.ფ. 106-117).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ვ. ჩ-ავას, გ. პ-ავასა და რ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, შესაბამისად, მათ მიმართ ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასურსათო ულუფა წარმოადგენს მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან – სასურსათო ულუფისაგან და ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს როგორც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით, ისე «პოლიციის შესახებ» კანონით განსაზღვრულ შრომითი გასამრჯელოს შემადგენელ ნაწილს. ამასთან, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის (დანამატი) სახეს, ხანდაზმულობის გამომრიცხავი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები აღნიშნლ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება, რადგან სასურსათო ულუფის ან მისი შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეებს არა აქვთ მიღებული 1998-1999-2000 და 2003 წლების კვების კომპენსაცია და ვინაიდან სასარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ამ ნაწილში სარელი არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. ს.ფ. 148-153).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ჩ-ავამ, გ. პ-ავამ და რ. ქ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამდენადაც მოსარჩელეებმა წინა წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით და ადმინისტრაციული ორგანოები პირდებოდნენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების გამოყოფის შემდეგ მოახდენდა დავალიანებების დაფარვას. ამდენად, აპელანტების მოსაზრებით მოთხოვნა კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული.

კასატორთა მითითებით, მოცემულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო ვ. კ-იას საქმე სამოქალაქო წესით განსახილველად, რომლის სარჩელი დაკმაყოფილდა ასევე ნაწილობრივ, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და მოსარჩელეს მიაკუთვნა კვებისა და წელთა ნამსახურობის თანხები.

კასატორთა მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა «პოლიციის შესახებ» კანონის 31-ე მუხლი, რამდენადაც ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, რაც იგულისხმება კუთვნილ თანხებში, რომელთა ანგარიშსწორების წესი განისაზღვრა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 1341-ე მუხლში.

გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ არ გამოიყენა «საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულება, რომლის 55-ე მუხლის თანახმად, განმარტებულია ხელფასი და მისი შემადგენელი კომპონენტები. კანონით დადგენილ სხვა დანამატებში, რომლებიც ექვემდებარება ხანდაზმულობას, არ შედის ხელფასზე ყოველთვიური დანამატები და სასურსათო ულუფა (იხ. ს.ფ. 164-173).

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით ვ. ჩ-ავას, გ. პ-ავასა და რ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი 1998-2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო 2003 წლის კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების ნაწილში დაუშვებად (იხ. ს.ფ. 210-214).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ავას, გ. პ-ავასა და რ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება 1998, 1999, 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ვ. ჩ-ავას, გ. პ-ავასა და რ. ქ-ძის სარჩელი 1998, 1999, 2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს; მოპასუხე საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვ. ჩ-ავას სასარგებლოდ დაეკისროს 1998, 1999 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება 513,18 ლარის ოდენობით, გ. პ-ავას სასარგებლოდ _ 1998, 1999, 2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება 818,51 ლარის ოდენობით, რ. ქ-ძის სასარგებლოდ _ 1998, 1999, 2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება 540,28 ლარის ოდენობით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით ვ. ჩ-ავას, გ. პ-ავასა და რ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი 1998, 1999, 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების ნაწილში იქნა დასაშვებად მიჩნეული, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეთათვის მხოლოდ 1998, 1999, 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ამონაწერით დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურების უწყისებიდან დგინდება, რომ ვ. ჩ-ავასასათვის ასანაზღაურებელი 1998, 1999 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის თანხა შეადგენს 513,18 ლარს; გ. პ-ავასათვის ასანაზღაურებელი 1998, 1999, 2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის თანხა შეადგენს - 818,51 ლარს, ხოლო რ. ქ-ძისათვის გადასახდელი 1998, 1999, 2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის თანხა შეადგენს 818,51 ლარს (იხ. ს.ფ. 87-89).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენენ საჯარო მოხელელეებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციის, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, ისევე როგორც «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების» შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ _ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვა. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა წინაშე სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1998, 1999, 2000 წლებში და დღეისათვის მოსარჩელეები დავობენ სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. 1998, 1999, 2000 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში, რომლის დროსაც ხელფასში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, არამედ _ ნამსახურობის დანამატი, სასურსათო ულუფის ღირებულება და სხვა, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, აგრეთვე «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი ნორმები (იმ რედაქციის სამართლებრივი ნორმები), რომელთა მოქმედების დროსაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, დადგენილია და შესაბამისად აღიარებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემა (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღირებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, მოსარჩელეთა მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების, რომელშიც 2000 წლის 28 ივნისამდე გათვალისწინებული იყო კვების (ულუფის) კომპენსაცია და წელთა ნამსახურობის დანამატი, ანაზღაურებაზე უარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1998, 1999 და 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ვ. ჩ-ავას, გ. პ-ავასა და რ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება 1998, 1999, 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. ჩ-ავას, გ. პ-ავასა და რ. ქ-ძის სარჩელი 1998, 1999, 2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხე საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვ. ჩ-ავას სასარგებლოდ დაეკისროს 1998, 1999 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება 513,18 ლარის ოდენობით, გ. პ-ავას სასარგებლოდ _ 1998, 1999, 2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება 818,51 ლარის ოდენობით, რ. ქ-ძის სასარგებლოდ _ 1998, 1999, 2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება 540,28 ლარის ოდენობით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.