¹ბს-381-378(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _დ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _სსიპ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”
გასაჩივრებული განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
დავის საგანი _ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. თ-მა მოპასუხის - სსიპ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა “თსუ”-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისიის 2010 წლის 14 მაისის დასკვნისა და იურიდიული დეპარტამენტის 2010 წლის 12 ივლისის დასკვნის ბათილად ცნობას, “თსუ”-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კრედიტების აღიარების კომისიისათვის დასკვნის გამოცემის დავალდებულებას მოსარჩელისათვის 55 კრედიტის აღიარების შესახებ და მოპასუხისათვის სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. თ-ი წარმოადგენს დიპლომირებულ სპეციალისტს, 2008 წელს მას “თსუ”-მ მიანიჭა კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის კვალიფიკაცია; იმავე წელს დ. თ-მა ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხა “თსუ”-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2009 წლის 12 ნოემბერს მან განცხადებით მიმართა კრედიტების აღიარების კომისიას და მოითხოვა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გავლილ საგნებში დაგროვილი 55 კრედიტის აღიარება. კრედიტების აღიარების კომისიის დასკვნით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუU იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის აღიარების საკითხს არეგულირებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ¹10/ნ ბრძანება “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ.” აღნიშნული წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის, გარდა დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების ბაკალავრიატის პროგრამის მიზნებისთვის აღიარებისა. ვინაიდან სახეზე არ იყო მითითებული საგამონაკლისო შემთხვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ არსებითად სწორი და კანონიერია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც დაავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. თ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის. აღნიშნული ნორმა ადგენს იმპერატიულ დანაწესს, რის საფუძველზეც სხვა პროგრამის ფარგლებში დაგროვილი კრედიტების აღიარება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის კომპეტენციის სფეროს.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება სადავო სამართალურთიერთობაზე განცხადების შეტანის დროს მოქმედი აქტების გავრცელებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტას სწორად დაედო საფუძვლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება, ვინაიდან როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ძალაში იყო შესული აღნიშნული სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ “თსუ”-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღირების კომისიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამავე ფაკულტეტის სტუდენტის მ. მ-ისათვის 55 კრედიტის აღიარების თაობაზე მიღებულ იქნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127-ე ბრძანების საფუძველზე. ხოლო დ. თ-ის მიმართ კრედიტების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება. შესაბამისად არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი.
თბილისის სააპელაციო სასამრთლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული დ. თ-ის მიმართ პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის ფაქტი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას და აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. თ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ ის იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტი და არა მობილობით გადმოსული. ამდენად, კრედიტების აღიარების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანების 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. განცხადების წარდგენის მომენტისთვის მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს აღნიშნული ნორმა. ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ¹10/ნ ბრძანების მე-8 მუხლის მე-6 ნაწილი.
კასატორი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი ითვალისწინებს თანასწორობის პრინციპს და ადგენს, რომ იდენტური საქმეების არსებობის შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია. “თსუ”-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღირების კომისიამ მ. მ-ს, რომელსაც ასევე ჰქონდა იმავე უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, უღიარა 55 კრედიტი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანების 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, აღიაროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტების მიერ იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვილი კრედიტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს იდენტურ საქმეებზე მიღებული აქვს დადებითი გადაწყვეტილება, კასატორის აზრით, აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულებას.
კასატორმა მიუთითა საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს განახორციელოს კანონმდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ქმედება. ხოლო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების პერიოდში კანონის მოქმედების საკითხს განსაზღვრავს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. კასატორი მიიჩნევდა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით გაუარესდა მისი მდგომარეობა, ვინაიდან განხორციელებული ცვლილებებით მან დაკარგა შესაძლებლობა დაესრულებინა სწავლა 1 წლით ადრე, მაშინ, როდესაც სხვა სტუდენტებს მიეცათ ამის საშუალება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კასატორ დ. თ-ს 2008 წელს ,,თსუ-მ” მიანიჭა კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის კვალიფიკაცია და გასცა შესაბამისი დიპლომი.
იმავე წელს დ. თ-მა ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხა ,,თსუ” სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
2008-2009 სასწავლო წლის პირველ და მე-2 სასწავლო სემესტრში ,,თსუ” სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა დ. თ-ს უღიარა ჯამში 30 კრედიტი.
2009 წლის 12 ნოემბერს დ. თ-მა განცხადებით მიმართა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და მოითხოვა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გავლილ საგნებში 55 კრედიტის აღიარება. 2010 წლის 14 მაისს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისიის დასკვნით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; უარი მოტივირებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 04 თებერვლის ¹10/ნ ბრძანებით.
აღნიშნული დასკვნა დ. თ-მა გაასაჩივრა ,,თსუ-ის” რექტორთან, რომელიც არ დაკმაყოფილდა იმავე მოტივით და აქვე მიეთითა გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე.
წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს.
იმისათვის, რომ აქტი მიჩნეულ იქნას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ზემოაღნიშნული დეფინიციის საფუძველზე ის უნდა შეიცავდეს 4 სავალდებულო ელემენტს: გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ და აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს და ადასტურებდეს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას.
გამომდინარე იქიდან, რომ სადავო აქტები აკმაყოფილებენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მათი კანონიერების შემოწმებას ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტები გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ფორმის დაცვით და სათანადო დასაბუთებით, რაც ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის კანონიერების ფორმალური წინაპირობების დაცვას.
რაც შეეხება სადავო აქტების კანონიერებას მატერიალური თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო გარკვეულწილად იზიარებს კასატორის პრეტენზიას აქტებთან მიმართებაში და თვლის, რომ აქტში არასწორადაა ასახული იმ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ ურთიერთობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემისას სადავო საკითხს არეგულირებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 04 თებერვლის ¹10/ნ ბრძანება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ”.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ნორმატიული ქტის სრუქტურას და განმარტავს, ნორმატიული აქტის პრეამბულაში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და ის პრინციპები, რომელიც მას უდევს საფუძვლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 04 თებერვლის ¹10/ნ ბრძანება შეიცავს ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესი არეგულირებს და განსაზვრავს სტუდენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესს.
დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ფაქტი იმის თაობაზე, რომ კასატორი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხულია ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დასრულების შემდგომ. ამდენად, კასატორი არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნირმატიული აქტით რეგულირებადი ურთიერთობის სუბიექტს, შესაბამისად მასზე მითითებული აქტი არ ვრცელდებოდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განვლილი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვილი კრედიტების აღიარების საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო ,,ერიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო უსაგნოდ მიიჩნევს მხარეთა მოტივირებას ნორმათა უპირატესობისა თუ ნორმის უკუძალის თაობაზე და თვლის, რომ არცერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევას ადგილი არ აქვს, რის გამოც არ არსებობს მითითებული არგუმენტაციის მოხმობის აუცილებლობა.
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იყო მიღებული; ბ) მიღებულია ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.
საკასაციო სასამართლომ გადაამოწმა ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანების, სადავო პერიოდში, მოქმედების საკითხი და აღნიშნავს, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ არცერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, ამდენად აქტი სადავო პერიოდისათვის ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 04 თებერვლის ბრძანებისა და მითითებული ბრძანების ნორმებს შორის არ არის კოლიზია, რაც გამორიცხავს ნორმათა უპირატესობის განსაზღვრის საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სადავო აქტის გამოცემისას უნდა გამოეყენებინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანება, როგორც სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმა.
ამასთან, აქტის მითითებული მოტივით ბათილად ცნობის გზით საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს კასატორის უფლებების აღდგენას, ვინაიდან კრედიტ ქულების აღიარება წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ დისკრეციას.
საკასაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებშიც კი, თუ ,,თსუ-ის” მიერ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის @¹127 ბრძანება, აღნიშნული არ წარმოადგენდა კრედიტების აღიარების უპირობო საფუძველს. ¹127 ბრძანების 22-ე მუხლის 21 პუნქტი შეიცავს ცალსახა მითითებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილებაზე და არა ვალდებულებაზე აღიაროს კრედიტები. კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტების შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტების მიერ იმავე ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვილი კრედიტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, აღნიშნულის შესახებ საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: გარდა უკვე აღნიშნული მითითებისა იმის თაობაზე, რომ კრედიტების აღიარება წარმოადგენს დაწესებულების უფლებას და არა ვალდებულებას, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დავის განხილვის პროცესში მოქმედი არცერთი აქტი არ ითვალისწინებს კრედიტების აღიარების პროცედურას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, ნებისმიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კანონის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია უფლებამოსილებას აქტი დააფუძნოს უკვე გაუქმებულ ან შეცვლილ ნორმებს. დავის პროცესში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები (გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა) გავლენას ვერ მოახდენს პირის იმ უფლებებზე, რომელიც წარმოიშვა ნორმის მოქმედების პერიოდში და რომელთა აღდგენა და დაცვა შესაძლებელია სასამართლო წარმოების გზით, რამეთუ სასამართო, ადმინისტრაციული ორგანოსაგან განსხვავებით, შეზღუდული არ არის ნორმათა მოქმედებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი შემთხვევა არ მიეკუთვნება ასეთი კატეგორიის საქმეებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული ორგანოს სრულ დისკრეციას და კრედიტების აღიარება არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას.
ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ უზრუნველყოფს აქტის გამოცემის დავალების გზით მოთხოვნილი უფლების რეალიზებას, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ,,თსუ” არ არის უფლებამოსილი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე გამოსცეს ახალი აქტი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ,,თსუ-ის” მხრიდან კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფის თაობაზე და თვლის, თავისთავად ის გარემოება, რომ კასატორს რამოდენიმეჯერ უღიარეს კრედიტების რაოდენობა, გამორიცხავს მითითებული მოსაზრებით აქტის არაკანონიერებაზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტს, მიუხედავად ფორმალური უზუსტობისა, არ გამოუწვევია კასატორის კანონით დაცული უფლებების ხელყოფა, სახეზე არ არის აქტით გამოწვეული ზიანი, რის გამოც არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. დ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება