Facebook Twitter
¹ბს-442-439(კ-11) 26 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-442-439(კ-11) 26 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ფ-ძე

დავის საგანი _ კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თ. ფ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების 2233,20 ლარისა და აღნიშნული თანხის დაყოვნებისათვის ყოველი გადაცილებული დღისათვის მითითებული თანხის 0.07%-ის – 6246,12 ლარის, სულ – 8479,32 ლარის ანაზღაურება (იხ.ს.ფ. 1-9).

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს ფინანსათა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 1998 წლიდან 2003 წლამდე არ მიუღია ხელფასი, რომლის საერთო რაოდენობამაც შეადგინა 2233,20 ლარი. მოსარჩელემ სახელფასო დავალინების ანაღაურების მოთხოვნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მაგრამ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოპასუხის მიერ არ განხორციელდა, ვინაიდან ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» და ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონების შესაბამისად, მიმდინარე წლის ასიგნებები ფინანსთა სამინისტროს არ ალევდა საშუალებას ნებაყოფლობით აენაზღაურებინა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელე ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლისს 8 იანვრის ¹2 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულებისა და საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი (იხ. ს.ფ. 26-34).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე – სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის – თ. ფ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე ასაღები ხელფასის _ 978,51 ლარის, 1999 წლის ხელზე ასაღები ხელფასის _ 471,82 ლარის, 2000 წლის ხელზე ასაღები ხელფასის 158,23 ლარისა და 2003 წლის ხელზე ასაღები ხელფასის _ 52,80 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე თ. ფ-ძე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე - ადმინისტრაციულ ორგანოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი და განმარტა, რომ მითითებული კანონის 37.1 მუხლის მიხედვით, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ამავე კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებობდა საბიუჯეტო დავალიანებები და კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული მუხლით რეგლამეტირებული იყო საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს ხანდაზმულობის ვადები, ვინაიდან, სქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. სასამართლოს განმარტებით, შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკის მიერ კანონით დადგენილი გასამრჯელოს მიღება დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა. საქრთველოს კანონმდებლობა აღიარებს მოსამსახურის უფლებას მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

ხოლო სასარჩელო მოთხოვნას კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება და მიუთითა, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან მითითებული დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, სასამართლოს განმარტებით, წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი კი, ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ულუფის (კვების) კომპენსაცია ხელფასის თანხისა და დანამატისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341 მუხლის მოქმედების ფარგლებში.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - ხელფასის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე, უკანონო იყო და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლიში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა, განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის 0,07 %-ის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შრომის კოდექსის 31.3 მუხლის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში შრომის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრისას კანონმდებელმა დაადგინა ფულად ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი _ ასანაზღაურებელი გასამრჯელოს დაყოვნებული თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის 0.07 %. კონკრეტულ შემთხვევაში, კი სასამართლოს მითითებით, სადავოა არა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში კანონით გათვალისწინებული ფულად-ვალდებულებითი ურთიერთობა, რა დოსაც მხარეებს შორის არც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის და არც შეწყვეტის მომენტში შრომის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამგვარ ფულად-ვალდებულებით ურთიერთობას (იხ. ს.ფ. 37-43).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

«საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა ხელისუფლების ვალდებულებათა შესრულების მიზნით მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტია. «ბიუჯეტის შესახებ» კანონის თანახმად, ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომელიც ხმარდება ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებას, ბიუჯეტით გათვალისწინებულია ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკააციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული ასიგნებათა მოცულობით. მითითებული კანონის თანახმად ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას.

«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, კი, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამჯელო. «მოსამსახურის შრომითი გასამჯელო(ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურეობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს».

აპელანტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 იანვარის ¹2 ბრძანებით დამტკიცებულ «საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის დაბულების და საქართველოს საბაჟო სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ» დებულების 1-ლი მუხლის თანახმად «ეს დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს საბაჟო ორგანოების სისტემაში მომუშავე სახელმწიფო მოხელეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს, მოვალეობებსა და სამართლებრივ საფუძველბს.» ამავე დებულების 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად «საბაჟო ორგანოების თანამშრომელი იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, დანამატს ნამსახურები წლებისათვის, სასურსათო ულუფის ღირებულებას(თუ იგი ნატურით არ ეძლევათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს», მითითებული დებულებიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა სასამართლოს მიერ უნდა განხილულიყო, როგორც ხელფასის შემადგენელი ნაწილი.

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა, შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა სარჩელი დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის 0.07%-ის ოდენობით დაკისრების შესახებ, ვინაიდნ, მითითებული მუხლიდან გამომიდნარე, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%. (იხ. ს.ფ. 46-55).

შემოსავლების სამსახურმა შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 68-75).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. F-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ფ-ძის სარჩელი _ ულუფის ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ფ-ძის სარჩელი _ ულუფის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახურს თ. F-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 წლის და 2003 წლის ხელზე ასაღები ულუფის კომპენსაციის _ 571.83 (519,92+51.92) ლარის ანაზღაურება; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 იანვრის ¹2 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების და საქართველოს საბაჟო სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ» დებულების 1-ლი მუხლის თანახმად ,,ეს დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს საბაჟო ორგანოების სისტემაში მომუშავე სახელმწიფო მოხელეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს, მოვალეობებსა და სამართლებრივ საფუძვლებს.» ამავე დებულების 39-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად ,,საბაჟო ორგანოების თანამშრომელი იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს და კომპენსაციებს.»

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 იანვრის ¹2 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების და საქართველოს საბაჟო სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ» დებულების 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სასურსათო ულუფის ღირებულება წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ ისეთ დანამატს, რომელზედაც მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ელ პუნქტში და რომელიც განიხილება საჯარო მოხელის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელ ნაწილად.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. ამავე კანონის გარდამავალი დებულებების 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან განთავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

რაც შეეხება მოთხოვნას, თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სააპელაციო პალატის განმარტებით, 2006 წლის 4 ივლისიდან ამოქმედებული საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლს არ გააჩნია უკუქცევითი ძალა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს. (იხ. ს.ფ. 77-85).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, იგი მიღებულია სამართლის ნორმების დარღვევით, აგრეთვე ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების გარეშე.

კასატორის მითითებით, დავალიანების წარმოქმნის პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168.1 მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს საჯარო მოხელეზე ვრცელდებოდა პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრული იყო «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით. 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოვეთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრვი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო. დანამატას დასევენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებას. ამასთან, ,,პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პოლიიცის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს. ამდენად, სასურსათო ულუფის თანხა 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციის ,,პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ამასთან, ულუფის თანხა არ წარმოადგენდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის კომპონენტს.

კასატორის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა დავალიანების თაობაზე კი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და იგი მოწმობს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგება მოსარჩელეს, რომელიც მას არ მიუღია, ხოლო ვალის აღიარების, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაპირებას შემოსავლების სამსახურის მიერ ადგილი არა აქვს (იხ. ს.ფ. 98-106).

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული 2011 წლის 3 მაისის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მოსარჩელესათვის 2003 წლის კვების კომპენსაციის - 51,92 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «ბ» მუხლის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/, ხოლო 2000 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დაუშვებლად (იხ. ს.ფ. 120-125).

მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება და წერილობითი შესაგებელი საკასაციო საჩივართან დაკავსირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაშვებულ 2003 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2003 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ფ-ძის სარჩელი 2003 წლის კვების კომპენსაციის - 51,92 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპაუხისათვის 2003 წლის კვების კომპენსაციის თ. ფ-ძის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში არასწორია, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის ცნობით დადგენილია, რომ თ. F-ძის ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენდა სულ 2233,20 ლარს, მათ შორის: 1998 წლის ხელფასი – 978,51 ლარს, 1999 წლის ხელფასი – 471,82 ლარს, 2000 წლის ხელფასი – 158,23 ლარს და ულუფა – 519,92 ლარს, 2003 წლის ხელფასი – 52,80 ლარსა და ულუფა – 51,92 ლარს (ს.ფ. 12).

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიუთითებს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ამასთან, «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით აღნიშნავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხა 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციის «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168.1. მუხლის მიხედვით კი საბაჟო ორგანოს საჯარო მოხელეებზე ვრცელდებოდა პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრული იყო პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კვების კომპენსაციის თანხა არ წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

იმის გათვალისწინებით, რომ თ. ფ-ძემ, სარჩელი აღძრა 2010 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო სადავოა 2003 წლის კვების ულუფის თანხა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა 2003 წლის კვების კომპენსაციის – 51.,92 ლარის ანაზღაურების ნაწილში აღძრულია მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გაშვებით, რაც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ხანდაზმულობის მოტივით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძველს.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2003 წლის კვების კომპენსაციის თანხის _ 51,92 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების დავალიანება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთათვის 2003 წლის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება 2003 წლის კვების კომპენსაციის თანხის _ 51,29 ლარის თ. ფ-ის სასარგებლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც 2003 წლის კვების კომპენსაციის თანხის _ 51,92 ლარის თ. ფ-ძის სასარგებლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 257-ე, 372-ე, 243.2, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

სსპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელე თ. ფ-ძისათვის 2003 წლის კვების ულუფის კომპენსაციის 51,92 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; თ. ფ-ძის სარჩელი 2003 წლის კვების ულუფის კომპენსაციის – 51,92 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.