¹ბს-483-480(კ-11) 21 ივლისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; წარმომადგენელი _ გ. ჩ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ბ-შვილი
მესამე პირი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია; წარმომადგენელი _ გ.გ-უა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 23 თებერვალს ლ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სარწყავი სისტემების (სიონის წყალსაცავი) სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1998 წლის 1 ივლისიდან 2006 წლის 24 იანვრამდე მუშაობდა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოში და აწარმოებდა წყლის რეგულირებას. მუშაობის პერიოდში მას არ ჰქონია მიღებული რაიმე სახის დისციპლინური სასჯელი. 2006 წლის 24 იანვარს იგი განთავისუფლდა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფროსის ¹7 ბრძანებით, რაც მოსარჩელეს მიაჩნდა უკანონოდ და თვლიდა, რომ ბრძანებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და ეყრდნობოდა არარსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს უფროსის 2006 წლის 24 იანვრის ¹7 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფროსის 2006 წლის 24 იანვრის ¹7 ბრძანება ლ. ბ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს საქართველოს შრომის კოდექსისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლის დადგენამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/3335-06 განახლდა საქმის წარმოება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თავდაპირველი მოპასუხის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის წყალსაცავი სისტემის სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ამავე საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს 2005 წლის 17 ნოემბრის ¹43 ბრძანების თანახმად, მიუხედავად არა ერთგზის სიტყვიერი შენიშვნისა და გაფრთხილებისა 2005 წლის 17 ნოემბრიდან წყალსაცავის სიონის მექანიკოსს ლ. ბ-შვილს შეუჩერდა სამსახურეობრივი ურთიერთობა და აღნიშნული საკითხი შესასწავლად გადაეცა სამმართველოს წყალსამეურნეო მართვის მენეჯერს. დუშეთის რაიონული პროკურატურის (2006 წლის 08 იანვრის ¹3) წერილით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ ა/წლის 22 ნოემბერს თიანეთის შ/ს რაიგანყოფილებაში მათ მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე, 9 დეკემბერს ამავე განყოფილების სსს ქ/განყოფილებაში დაიწყო წინასაწარი გამოძიება სისხლის სამართლის ¹037050081 საქმეზე ნ. და ლ. ბ-შვილების მიერ სიონის წყალსაცავის საქმიან ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის კარების თვითნებურად შემტვრევის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით არ დადასტურდა ნ. და ლ. ბ-შვილების მიერ თვითნებობისა და სხვისი ნივთების ქონების დაზიანებისა და განადგურების ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, რის გამოც დუშეთის რაიონული პროკურატურის 2005 წლის დეკემბრის დადგენილებით სს ¹037050081 საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება, ხოლო ნ. და ლ. ბ-შვილების მიმართ არ აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს 2006 წლის 24 იანვრის ¹7 ბრძანებით ლ. ბ-შვილი გათავისუფლდა ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს წყალსაცავის (სიონი) მექანიკოსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს სიონი წყალსაცავის თანამშრომელთა კრების ოქმის (უნომრო, უთარიღო) ასლის თანახმად, სიონის წყალსაცავის მთელი კოლექტივი წინააღმდეგი იყო ლ. ბ-შვილის სამსახურში დაბრუნებაზე. კრების ოქმი ,,დაწერილი” იყო 2006 წლის 24 იანვარს. ოქმს ხელს აწერდა რვა (8) ფიზიკური პირი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირს, რომელსაც უფლება ჰქონდა გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეეძლო დისციპლინური წარმოებისას მოხელე ჩამოეშორებინა სამსახურისათვის. ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მოხელე შეიძლება გაენთავისუფლებინათ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევა სამსახურეობრივ მოვალეობებს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნორმები არ ითვალისწინებდნენ მოხელის განთავისუფლებას შრომითი კოლექტივის საერთო კრების ოქმის საფუძველზე, აგრეთვე არ იყო განსაზღვრული სამსახურეობრივ ურთიერთობის შეჩერების მოხსნისა და შრომითი ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში, შრომითი კოლექტივის თანხმობის (,,დაბრუნებაზე“) არსებობის ვალდებულება. ამასთანავე საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო აპელანტის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისათვის, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში, მოსარჩელე ლ. ბ-შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამსახურეობრივ მოვალეობის უხეშ დაარღვევას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება, მათ შორის გამოეცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით (2006 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მოხელის განთავისუფლებისათვის, დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საკითხზე მსჯელობა სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლედ არასწორად იქნა ჩაბმული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
კასატორის განმარტებით, უფლებამოსილი არ იყო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ემსჯელა ლიკვიდირებული დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენის საკითხზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა 2011 წლის 23 ივნისს 12.30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს 2005 წლის 17 ნოემბრის ¹43 ბრძანების თანახმად, მიუხედავად არა ერთგზის სიტყვიერი შენიშვნისა და გაფრთხილებისა 2005 წლის 17 ნოემბრიდან წყალსაცავის სიონის მექანიკოსს ლ. ბ-შვილს შეუჩერდა სამსახურეობრივი ურთიერთობა და აღნიშნული საკითხი შესასწავლად გადაეცა სამმართველოს წყალსამეურნეო მართვის მენეჯერს (ტ. I, ს.ფ. 11). დუშეთის რაიონული პროკურატურის (2006 წლის 08 იანვრის ¹3) წერილით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ ა/წლის 22 ნოემბერს თიანეთის შ/ს რაიგანყოფილებაში მათ მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე, 9 დეკემბერს ამავე განყოფილების სსს ქ/განყოფილებაში დაიწყო წინასაწარი გამოძიება სისხლის სამართლის ¹037050081 საქმეზე ნ. და ლ. ბ-შვილების მიერ სიონის წყალსაცავის საქმიან ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის კარის თვითნებურად შემტვრევის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით არ დადასტურდა ნ. და ლ. ბ-შვილების მიერ თვითნებობისა და სხვისი ნივთის ქონების დაზიანებისა და განადგურების ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, რის გამოც დუშეთის რაიონული პროკურატურის 2005 წლის დეკემბრის დადგენილებით სს ¹037050081 საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება, ხოლო ნ. და ლ. ბ-შვილების მიმართ არ აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. (ტ. I, ს.ფ. 61). საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს 2006 წლის 24 იანვრის ¹7 ბრძანებით ლ. ბ-შვილი გათავისუფლდა ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს წყალსაცავის (სიონი) მექანიკოსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებაში, ლ. ბ-შვილის განთავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო წყალსაცავის (სიონი) თანამშრომელთა 2006 წლის 24 იანვრის კრემის ოქმი (ტ. I, ს.ფ. 29). ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს სიონი წყალსაცავის თანამშრომელთა კრების ოქმის (უნომრო, უთარიღო) ასლის თანახმად, სიონის წყალსაცავის მთელი კოლექტივი წინააღმდეგი იყო ლ. ბ-შვილის სამსახურში დაბრუნებაზე. კრების ოქმი დაწერილი იყო 2006 წლის 24 იანვარს. ოქმს ხელს აწერდა რვა ფიზიკური პირი. (ტ. I, ს.ფ. 13). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს ლიკვიდაციის გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება (ტ. I, ს.ფ. 137-139). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/3335-06 განახლდა საქმის წარმოება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია (ტ. I, ს.ფ. 164-166).
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თავდაპირველი მოპასუხის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის წყალსაცავი სისტემის სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ამავე საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია (ტ. II, ს.ფ. 15-16).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს დაევალა ყურადღება მიექცია იმ გარემოებაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლე, რამდენად იყო უფლებამოსილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოეცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ემსჯელა სამსახურში აღდგენა/გათავისუფლების საკითხებზე (ტ. I, ს.ფ. 218-226).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისე სცნო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის წყალსაცავი სისტემის სამმართველოს უფლებამონაცვლედ, რომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რამდენად გააჩნდა მას ლიკვიდირებული სამმართველოს უფლებამოსილებანი და შეეძლო თუ არა მას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, ემსჯელა ლ. ბ-შვილის სამსახურში აღდგენა/გათავისუფლების საკითხზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის ¹26 დადგენილება სრულყოფილად განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს უშუალო ფუნქციას მიწების მელიორაციის სფეროში სამელიორაციო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორცილების კონტროლი, უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტით მელიორაციის დარგში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის წარდგენილი პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება წარმოადგენს. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ სამელიორაციო სისტემების მართვისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულების შესაბამისად კი, ლიკვიდირებული სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უშუალოდ ფუნქციას და საქმიანობის ძირითად სფეროს სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წლის მოხმარების ლიმიტების განსაზღვრა, განაწილება და მართვა-რეგულირება, მელიორირებული მიწების დამლაშებაზე, ბიცობიანობაზე, მჟავიანობაზე, დაჭაობებაზე, გრუნტის წყლების დინამიკაზე და სხვა ჰიდროტექნიკურ-სამელიორაციო მახასიათებლებზე რეჟიმული დაკვირვებების ჩატარება წარმოადგენდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს ¹151 დადგენილების მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 1 დეკემბრამდე სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების საფუძველზე, სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით ოთხი სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება დაევალა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 2010 წლის 27 ივლისის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ _ ლ. ბ-შვილმა აღნიშნა, რომ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით ჩამოყალიბდა ოთხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ამჟამად მის სამუშაო ადგილზე ფუნქციონირებს შპს ,,...” (ტ. II, ს.ფ. 8-9).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს თუ ვის გადაეცა ლიკვიდირებული სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის წყალსაცავი სისტემის სამმართველოს უფლებამოსილება და ქონება და შესაბამისად, ვინ წარმოადგენს მის საპროცესო უფლებამონაცვლეს ადმინისტრაციული ორგანო თუ სახელმწიფოს 100-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს უფლებამონაცლეობის საკითხზე, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.