¹ბს-498-493(3კ-11) 20 ივლისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები (მოპასუხეები)– თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერია; თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს. ზ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი – შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ზ-მა 2009 წლის 23 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიისა და თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ, რომლითაც თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 6 აპრილის ¹328 «კ» ბრძანებისა და თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის ¹229 განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 6 აპრილის ¹328 «კ» ბრძანება, ქ. ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის ¹229 განკარგულება; ქ. ქუთაისის მერს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ზ-ის მერიის ... საქალაქო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისის მერიამ და ქ. ქუთაისის საკრებულომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისის მერიისა და საკრებულოს სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ს. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ს. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლის 20 აპრილიდან 2009 წლის 6 აპრილამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და შესაბამისად ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 6 აპრილის ¹328 «კ» ბრძანების და თვითმმართველი ქალაქის ქ. ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის ¹229 განკარგულების იმ ნაწილში ბათილად ცნობაზე, რომლითაც ს. ზ-ი 2007 წლის 20 აპრილიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან. საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, სადავო აქტების – ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 6 აპრილის ¹328 «კ» ბრძანებისა და თვითმმართველი ქალაქის- ქ. ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის ¹229 განკარგულების დანარჩენ ნაწილებში ბათილად ცნობაზე, ს. ზ-ის ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ქ. ქუთაისის მერისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქ.ქუთაისის მერიისა და საკრებულოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერის 2009 წლის 6 აპრილის ¹328 «კ» ბრძანება და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 იანვრის ¹229 განკარგულება ს. ზ-ის თანამდებობიდან 2007 წლის 20 აპრილიდან გათავისუფლების შესახებ და ქალაქ ქუთაისის მერიას დაეკისრა ს. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2007 წლის 20 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება_ს. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მერის 2009 წლის 6 აპრილის ¹328 «კ» ბრძანება და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 იანვრის ¹229 განკარგულება ს. ზ-ის თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... თანამდებობიდან 2007 წლის 20 აპრილიდან გათავისუფლების ნაწილში; ს. ზ-ი ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვალა 2009 წლის 6 აპრილიდან; ს. ზ-ს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, თვეში_228,80 ლარის ოდენობით 2007 წლის 20 აპრილიდან-2009 წლის 6 აპრილამდე პერიოდზე გაანგარიშებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ზ-ი, არის საშუალო სპეციალური განათლების მქონე, ... სპეციალობით, ს. ზ-ი 1978-2007 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურში. ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 26 იანვრის ¹30 ბრძანებით ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი «თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების (მერიის აპარატისა და საქალაქო სამსახურის) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ» ქ. ქუთაისის მერის 2006 წლის 29 დეკემბრის ¹623 ბრძანების ¹11 დანართში. ამასთანავე, ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 18 აპრილის ¹351 ბრძანებით დამტკიცდა თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების (მერიის აპარატისა და საქალაქო სამსახურის) საშტატო განრიგი და ქ. ქუთაისის მერის 2006 წლის 29 დეკემბრის ¹623 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა 6 ერთეულით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 20 აპრილის ¹838 «კ» ბრძანება, რომელიც გახდა ს. ზ-ისათვის სამსახურიდან გათავისუფლებისა და შესაბამისად, ხელფასის შეწყვეტის საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მერიას დაევალა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ს. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზრაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 20 აპრილის ¹838 «კ» ბრძანება არ წარმოადგენს ს. ზ-ის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად, შრომითი გასამრჯელოს გაუცემლობის პირობას, ვინაიდან, ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება და შესაბამისი ბრძანება, აღნიშნული კი სასამართლო გადაწყვეტილებით უკანონოდ (ბათილად) არის ცნობილი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას, ამასთანავე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე. კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით ს. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ს. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 20 აპრილის ¹838 «კ» ბრძანების ბათილად ცნობა-წარმოშობს ადმინისტრაციის ვალდებულებას, აღადგინოს ხსენებული ბრძანების გამოცემამდე არსებული მდგომარეობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე და 37-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2009 წლის 6 აპრილის ¹328 «კ» ბრძანების გამოცემამდე პერიოდის, იძულებითი განაცდური ს. ზ-ს უნდა აუნაზღაურდეს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლის აღმჭურველი ნორმა არ განასხვავებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას იმისდა მიხედვით, აღდგენილი იქნება თუ არა მოხელე წინანდელ სამსახურში და არსებით მნიშვნელობას ანიჭებს სამსახურიდან მოხელის უკანონოდ გათავისუფლებას, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა მოხელის გათავისუფლების უკანონობა და ბათილად იქნა ცნობილი ამის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განაცდურის ანაზღაურებისათვის აღარ აქვს მნიშვნელობა, აღდგენილი იქნება თუ არა მოხელე წინანდელ სამსახურში, რადგან მისი სამსახურში იძულებითი არყოფნა გამოწვეული იყო სწორედ დაწესებულების ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებით და შესაბამისად, ამ შემთხვევაში არ არსებობდა ხელფასის გაუცემლობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როცა დადგენილია, რომ ს. ზ-ის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ახალი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე (მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების თარიღის მითითების მიზნით) პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რამდენადაც მისი აზრით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ საჭიროებდა საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევასა და საკითხი არ მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ზ-ი თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... თანამდებობიდან გათავისუფლებულად უნდა ჩაითვალოს ქ. ქუთაისის მერის მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე_2009 წლის 6 აპრილიდან და მას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური_ხელფასი (თანამდებობრივი სარგო), რაც შეადგენს ხელზე ასაღებ თანხას_228, 80 ლარს. იძულებით მოცდენის პერიოდი უნდა განისაზღვროს 2007 წლის 20 აპრილიდან_2009 წლის 6 მაისამდე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისის საკრებულომ, ქ. ქუთაისის მერიამ და ს. ზ-მა.
ს. ზ-მა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქუთაისის მერიისათვის ს. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2007 წლის 20 აპრილიდან 6 აპრილამდე პერიოდზე გაანგარიშებით და იმ თანამდებობრივი სარგოების ჯამური ოდენობის გაანგარიშებით, რომელსაც შეადგენდა ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... ხელფასი მითითებულ პერიოდში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით ს. ზ-ის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვა განსახილველად დაშვებაზე; ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
კასატორებმა- ქ. ქუთაისის საკრებულომ და ქ. ქუთაისის მერიამ საკასაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 20 აპრილის ¹338 «კ» ბრძანება, რომელიც გახდა ს. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა ქუთაისის მერიას ცალსახად არ დავალებია ს. ზ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მითითებული გადაწყვეტილებით მერია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ვალდებული აენაზღაურებინა მისთვის იძულებითი განაცდური, თუკი მოხდებოდა ამ უკანასკნელის სამსახურში აღდგენა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. ქუთაისის საკრებულომ და ქ. ქუთაისის მერიამ მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის ¹229 განკარგულების ბათილად ცნობისა (2007 წლის 20 აპრილიდან გათავისუფლების ნაწილში) და იძულებითი განაცდურის (2007 წლის 20 აპრილიდან 2009 წლის 6 აპრილამდე) ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ზ-ის სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 20 აპრილის ¹838 «კ» ბრძანება, რომელიც გახდა ს. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და შესაბამისად, ხელფასის შეწყვეტის საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მერიას დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ს. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
ზემოაღნიშნულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ 2009 წლის 6 აპრილს მიღებულ იქნა ¹328 «კ» ბრძანება, რომლითაც თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... ს. ზ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2007 წლის 20 აპრილიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოპასუხეს დაეკისრა ს. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თუმცა, აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისა და საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდგომ 5.05.11 წ. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე აღნიშნული კანონის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ხოლო ამავე კანონის 127-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
საგულისხმოა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე 5.05.11წ. ¹4650 კანონს, რომელმაც ახლებულად მოაწესრიგა იძულებითი განაცდური პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების საკითხი იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან განთავისუფლებაზე გაცემული ბრძანების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში აღდგენას, ამავე კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მიენიჭა უკუქცევითი ძალა და იგი გავრცელდა ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა სამართალურთიერთობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხელე აღდგენილ იქნა სამსახურში და მას მიეცა განაცდური ხელფასი.
«ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47.1 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სწორედ ასეთ შემთხვევას, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, კანონის მე-2 მუხლში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ ეს კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდა მანამდე წარმოშობილ ურთიერთობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იმ შემთხვევაში, თუ აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება.
აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს არსებულ ვითარებაში არ ავალებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია მატერიალურ და პროცესუალურ საფუძველს დააკმაყოფილოს მოთხოვნა იძულებითი ანაზღაურების გაცემის თაობაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გაუქმებისა და საქმეზე ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება ს. ზ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. ზ-ის სარჩელს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ეთქვას უარი;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.