Facebook Twitter

¹ბს-507-502(კ-11) 13 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შ. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს მთავრობა

დავის საგანი – უძრავი ქონების რესტიტუცია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.10წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შ. ნ-ძემ 11.06.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს მთავრობის მიმართ, რომლითაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაკარგული საცხოვრებელი სახლისა და სხვა უძრავი ქონების რესტიტუცია მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მომხდარი 2008 წლის კონფლიქტის შედეგად განადგურდა მისი საცხოვრებელი სახლი და ქონება. სახელმწიფოსაგან დროებით საცხოვრებელ სადგომად მიიღო მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე ოროთახიანი კოტეჯი, სადაც ოთხსულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ასევე იღებს ყოველთვიურ დახმარებას პროდუქტების, ელექტროენერგიისა და გაზის სახით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ,,ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირისათვის გარანტირებულია მისი ქონების რესტიტუციის უფლება, რაც გულისხმობს დაზარალებულის უფლებას მიიღოს უძრავი ქონება, ან თუ მისი საცხოვრებელის ან სხვა უძრავი ქონების დაბრუნება შეუძლებელია, მიიღოს იმავე ღირებულების ადეკვატური საცხოვრებელი, ხოლო, თუ ამავე ღირებულების ადეკვატური საცხოვრებელის გადაცემა შეუძლებელია, მიიღოს ქონებრივი ზიანის კომპენსაცია. მოსარჩელის განმარტებით, ის არის ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მომხდარი კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი, რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი სახლი და სხვა უძრავი ქონება. შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა ზემოაღნიშნული კანონი და მას უნდა აუნაზღაურდეს დაკარგული ქონების სანაცვლოდ ადეკვატური ქონება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.10წ. გადაწყვეტილებით შ. ნ-ძის სარჩელი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაკარგული საცხოვრებელისა და სხვა უძრავი ქონების დაბრუნების, შესაბამისი ღირებულების ქონების გადაცემის ან დაკარგული ქონების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ’’ კანონის პრეამბულის თანახმად, «საქართველოს სახელმწიფო აცნობიერებს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1989-1992 წლების კონფლიქტის მძიმე შედეგებს, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა და საკუთარი საცხოვრებლიდან იძულებით გადაადგილება გამოიწვია და იღებს პასუხისმგებლობას, აღადგინოს და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სტანდარტებს მიუსადაგოს 1989-1992 წლებში კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა». შესაბამისად, კანონი პირდაპირ აკეთებდა მინიშნებას ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1989-1992 წლებში წარმოშობილ კონფლიქტზე და ამ დროს ან ამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე. სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, «კონფლიქტი არის 1989-1992 წლებში და მის შემდგომ პერიოდში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტი ან/და საქართველოს სხვა რეგიონებში ქართველ და ოს მოსახლეობას შორის დაპირისპირება». აღნიშნულიდან გამომდინარე მითითებული კანონი უზრუნველყოფდა მხოლოდ ქართველებსა და ოს მოსახლეობას შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და ქონების რესტიტუციის ვალდებულებას და არ ვრცელდებოდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქონების რესტიტუციაზე.

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საომარი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე და განმარტა, რომ ზიანი უნაზღაურდებოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც ზიანი განიცადეს სახელმწიფოს მხრიდან გამოწვეული საომარი მოქმედებებით ან საომარი მოქმედებების ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებისას. შესაბამისად, ზიანი წარმოშობილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს ბრალეული ქმედებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შ. ნ-ძეს ზიანი მიადგა არა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ბრალეული ქმედებით, არამედ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციის დროს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ნ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.10წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ნ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.10წ. განჩინებით შ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შ. ნ-ძის საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით განსაზღვრულია საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის შეზღუდვის იერარქიული პირობა – საქმის განმხილველი მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე საქმის განხილვაში ზემდგომ ან ქვემდგომ სასამართლო ინსტანციაში და არა იმავე ინსტანციის სასამართლოში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ.

დადგენილია, რომ შ. ნ-ძის სასარჩელო განცხადება პირველი ინსტანციის წესით განიხილა და საქმეზე 21.09.10წ. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე მ. ლ-ძემ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ნ-ძემ. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით. სააპელაციო სასამართლომ პირველ ინსტანციაში საქმის განმხილველი მოსამართლის – მ. ლ-ძის მონაწილეობით სააპელაციო წესით 01.12.10წ. სასამართლო სხდომაზე განიხილა და გადაწყვიტა შ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება – პირველ და სააპელაციო ინსტანციებში ერთი და იმავე მოსამართლის მონაწილეობით საქმის განხილვა, წარმოადგენს სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ზემოთ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.10წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 394-ე, 399-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.10წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.