Facebook Twitter

¹ბს-51-50(კ-11) 7 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ რ. მ-ელი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 28 იანვარს რ. მ-ელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით ... წლებში სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა ტიპის საჯარო ხომალდების მეთაურის თანამდებობაზე. აქვს საერთო საფრენისო გამომუშავების სტაჟი 20568 საათი. წარჩინებული მუშაობისათვის, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 ნოემბრის ¹612 ბრძანებულებით რ. მ-ელი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით. ასევე, აქვს სხვა სახელმწიფო ჯილდოები. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ცენტრალური ბიუროს 2005 წლის 18 მაისის დასკვნით რ. მ-ელს დაუდგინდა პროფესიული ხასიათის დაავადება, სმენის ორმხრივი დაქვეითებით, უვადოდ, პროფესიული შრომის უნარიანობის 40%-ის დაქვეითებით.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მიჩნეულია ლიკვიდირებული სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლედ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ სარჩოს დანიშვის თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნის წარმოშობის მომენტისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის ,,ბ” პუნქტის საფუძველზე, რაზეც უარი ეთქვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის _ 32773.48 ლარის (2005 წლის 18 მაისიდან 2010 წლის იანვრამდე 56 თვეზე) და შემდგომ ყოველთვიურად 565.06 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. მ-ელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-ელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ-ელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. მ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რ. მ-ელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2005 წლის 18 მაისიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით, ამასთან, ზიანის ასანაზღაურებელი თანხა ყოველთვიურად განისაზღვრა იმავე ან იგივე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც როსტომ მერტრეველს დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტების, ასევე 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რ. მ-ელი ... წლებში მუშაობდა სამოქალაქო ავიაციის სისტემაში. ამ პერიოდში იფრინა 20565 საათი. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ცენტრალური ბიუროს 2005 წლის 18 მაისის დასკვნით, რ. მ-ელს დაუდგინდა პროფესიული სახის დაავადება, სმენის ორმხრივი დაქვეითებით, უვადოდ, პროფესიული შრომის უნარიანობის დაკარგვით 40%. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2006 წელს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მესამე პირების – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ყოველთვიურად ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2005 წლის 18 მაისიდან უვადოდ 418.55 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით რ. მ-ელის სარჩელი დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. რ. მ-ელმა ახალი სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ იმავე მოთხოვნით სასამართლოში აღძრა 2010 წლის 28 იანვარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენადაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვალდებული უზრუნველყოს მოსარჩელისათვის პროფესიული დაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. აღნიშნული განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ლიკვიდაციის პროცესში დაეფარა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებები და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებული თანხები, ხოლო ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ, უზრუნველეყო ამ პირთათვის ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა ფაქტობრივად დაასრულა 2006 წლის 30 მაისს, იმავე დღეს შედგა ¹16 სხდომის ოქმი, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად 2006 წლის 21 აგვისტოს გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. 2006 წლის 13 დეკემბრის ¹1 მიღება-ჩაბარების აქტით სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენლის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჩაბარებული იქნა სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა პირადი საქმე.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პროფესიული დაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოება და ჩათვალა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენს აღნიშნულის ანაზღაურებაზე ვალდებულ ორგანოს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტევით, «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის ¹1012-რს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ¹10 ბრძანების შესაბამისად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, რომლის დებულების პირველი პუნქტის თანახმად, ახლად შექმნილი ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულების შესაბამისად, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის _ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს.

«ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლებამოსილება მიენიჭა მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს. გარდა მითითებულისა, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა სალიკვიდაციო კომისია, მე-14 პუნქტმა კი განსაზღვრა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლე _ ინფრასტრუტურისა და განვითარების სამინისტრო. აღნიშნულ კანონში 2004 წლის 24 ივნისის ¹195-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, მისი უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

«საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 22 ივნისს გამოსცა ¹80 განკარგულება «საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ». შესაბამისად, კანონში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია და არც შეუცვლია «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებები, რაც პალატის მოსაზრებით, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ისევ ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს, ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის დასრულებამდე უდავოდ ეკისრება მოსარჩელისათვის პროფესიული დაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით 2007 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. ამასთან, საქართველოს მთავრობას დაევალა აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად ნორმატიული აქტის მიღების უზრუნველყოფა. აღნიშნული ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ «შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, წყდება დანიშნული «ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს» გაცემის ვალდებულება, ხოლო დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სსიპ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ძველი წესით დანიშნულ სარჩოზე არსებული დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებაზე, რომლითაც შეიქმნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა «საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით. ამდენად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა 2006 წლის 30 მაისს, მაგრამ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ იურიდიულად ფუნქციონირება შეწყვიტა მხოლოდ «საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რ. მ-ელის მიერ თავდაპირველად სასამართლოში მიმართვის დროისათვის მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის 50-ე პუნქტის თანახმად, დაზარალებულებს ზიანის ანაზღაურება გადაეხდებათ იმ დღიდან, როდესაც მათ სრულად ან ნაწილობრივ დაკარგეს შრომის უნარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების გამოცემისას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის პროცესი იურიდიულად დასრულებული არ იყო, მოსარჩელეს პროფესიული დაავადებით გამოწვეული ზიანი უნდა აუნაზღაურდეს 2005 წლის 18 მაისიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე _ იურიდიულად სალიკვიდაციო კომისიის მიერ, ფუნქციონირების შეწყვეტამდე. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე 2010 წლის იანვრამდე და შემდგომ ყოველთვიურად 565.06 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. საქართველოს მთავრობას დაევალა 2007 წლის 1 მარტამდე შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება. ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება - «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ», რომელმაც ცალკეულ საკითხთა მიმართ დაადგინა პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებისაგან განსხვავებული წესი. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით მიეთითა, რომ დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდებოდა დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება. ამასთან, «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” პირველის მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2007 წლის 1 მარტის შემდეგ აღარ შეიძლება დაწესდეს ახალი გასაცემლები «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებემონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში.

ამასთან, კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით მოსარჩელეს მინიჭებული არ ჰქონია სარჩოს მიღების სამისდღეშიო უფლება, ვინაიდან, რ. მ-ელის მიმართ ყოველთვიური სარჩოს გაცემაზე ვალდებულება არ წარმოშობილა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის ¹53 დადგენილების შესაბამისად და ახალი გასაცემლების დაწესების ვალდებულება დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული არ არის.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ რ. მ-ელს არ ჰქონია დანიშნული სარჩო და გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების უგულებელყოფით.

2010 წლის 12 ოქტომბერს რ. მ-ელმა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 15536.62 ლარის (2005 წლის 18 მაისიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე) დაკისრება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით რ. მ-ელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რ. მ-ელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურება დაეკისრა 2005 წლის 18 მაისიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით, ამასთან, ზიანის ასანაზღაურებელი თანხა ყოველთვიურად განისაზღვრა 565 ლარით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 2 ივნისს 12:30 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამასთან, 2011 წლის 7 ივლისს რ. მ-ელმა სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე უარი თქვა სარჩელზე მოთხოვნილ 565.06 ლარსა და 418.55 ლარს შორის სხვაობის – 146.51 ლარის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის რ. მ-ელის სასარგებლოდ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად 418.55 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, 2005 წლის 18 მაისიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, წარმოდგენილი შუამდგომლობის გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მისთვის რ. მ-ელის სასარგებლოდ 418.55 ლარის დაკისრებაზე უარი თქმის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რ. მ-ელის შუამდგომლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის რ. მ-ელის სასარგებლოდ მოთხოვნილ 565.06 ლარსა და 418.55 ლარს შორის სხვაობის – 146.51 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე რ. მ-ელი ... წლებში მუშაობდა სამოქალაქო ავიაციის სისტემაში. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ცენტრალური ბიუროს 2005 წლის 18 მაისის დასკვნით, რ. მ-ელს დაუდგინდა პროფესიული სახის დაავადება, სმენის ორმხრივი დაქვეითებით, უვადოდ, პროფესიული შრომის უნარიანობის 40%-ის დაქვეითებით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 13 იანვრის ¹21/5893/5-9 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით 2007 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, 2007 წლის 1 მარტის შემდეგ აღარ შეიძლება დაწესდეს ახალი გასაცემლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2006 წელს რ. მ-ელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მესამე პირების – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ყოველთვიურად ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა 2005 წლის 18 მაისიდან უვადოდ 418.55 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით რ. მ-ელის სარჩელი დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. 2010 წლის 28 იანვარს რ. მ-ელმა იმავე სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 7 ივლისს რ. მ-ელმა სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე უარი თქვა სარჩელზე მოთხოვნილ 565.06 ლარსა და 418.55 ლარს შორის სხვაობის – 146.51 ლარის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის რ. მ-ელის სასარგებლოდ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად 418.55 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, 2005 წლის 18 მაისიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე რ. მ-ელმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის რ. მ-ელის სასარგებლოდ 565.06 ლარსა და 418.55 ლარს შორის სხვაობის – 146.51 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, იურიდიული (ფიზიკური) პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს რ. მ-ელის შუამდგომლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის რ. მ-ელის სასარგებლოდ მოთხოვნილ 565.06 ლარსა და 418.55 ლარს შორის სხვაობის – 146.51 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელზე უარის თქმის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რა ნაწილითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რ. მ-ელის სასარგებლოდ 418.55 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, რამდენადაა საქართველოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებული უზრუნველყოს რ. მ-ელისათვის პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. ხსენებული განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ლიკვიდაციის პროცესში დაეფარა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებები და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებული თანხები, ხოლო ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ უზრუნველეყო ამ პირთათვის ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა ფაქტობრივად დაასრულა 2006 წლის 30 მაისს, იმავე დღეს შედგა ¹16 სხდომის ოქმი, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად 2006 წლის 21 აგვისტოს გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. 2006 წლის 13 დეკემბრის ¹1 მიღება-ჩაბარების აქტით სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენლის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჩაბარებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა პირადი საქმე.

საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობას და თვლის, რომ კასატორის მხრიდან წარმოდგენილი მოტივაცია ცალსახად არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მასალებიდან, რა მიზნითაც, საკასაციო სასამართლო, კასატორის ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის ¹1012-რს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ¹10 ბრძანების შესაბამისად შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, რომლის დებულების პირველი პუნქტის თანახმად, ახლად შექმნილი ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულების შესაბამისად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს.

«ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. ამასთან, ზემოხსენებული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე, მათი გაუქმების უფლებამოსილება მიენიჭა მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს. გარდა აღნიშნულისა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა სალიკვიდაციო კომისია, მე-14 პუნქტმა კი განსაზღვრა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლე _ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. აღნიშნულ კანონში 2004 წლის 24 ივნისის ¹195-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, მისი უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 22 ივნისს გამოსცა ¹80 განკარგულება «საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ». შესაბამისად, კანონში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია და არც შეუცვლია «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებები, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ისევ ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს, ამ უკანსაკნელის ლიკვიდაციის დასრულებამდე, ეკისრება რ. მ-ელისათვის პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით 2007 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. ამასთან, საქართველოს მთავრობას დაევალა აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად ნორმატიული აქტის მიღების უზრუნველყოფა. აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ «შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, წყდება დანიშნული «ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს» გაცემის ვალდებულება, ხოლო ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სსიპ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ძველი წესით დანიშნულ სარჩოზე არსებული დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მიუთითოს შემდეგ მოსაზრებებზე: «საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულება, რომლითაც შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა «საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით. ამდენად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა 2006 წლის 30 მაისს, მაგრამ საგულისხმოა, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ იურიდიულად ფუნქციონირება შეწყვიტა მხოლოდ «საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების გამოცემისას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის პროცესი იურიდიულად დასრულებული არ იყო, რ. მ-ელს პროფდაავადებით დამოწვეული ზიანი ცალსახად უნდა აუნაზღაურდეს 2007 წლის 01 სექტემბრამდე ანუ იურიდიულად სალიკვიდაციო კომისიის მიერ ფუნქციონირების შეწყვეტამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მისთვის რ. მ-ელის სასარგებლოდ 418.55 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის რ. მ-ელის სასარგებლოდ 418.55 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის რ. მ-ელის სასარგებლოდ 146.51 ლარის დაკისრების ნაწილში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება რ. მ-ელის სასარგებლოდ 146.51 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, მოსარჩელის მიერ აღნიშნულ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მისთვის რ. მ-ელის სასარგებლოდ 418.55 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის რ. მ-ელის სასარგებლოდ 418.55 ლარის დაკისრების ნაწილში;

3. რ. მ-ელის შუამდგომლობა 565.06 ლარსა და 418.55 ლარს შორის სხვაობის – 146.51 ლარის ნაწილში სარჩელზე უარი თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელე - რ. მ-ელსა და მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 146.51 ლარის ნაწილში დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება;

5. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის რ. მ-ელის სასარგებლოდ 146.51 ლარის დაკისრების ნაწილში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება რ. მ-ელის სასარგებლოდ 146.51 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში;

6. მხარეებს განემარტოთ, რომ აღნიშნულ ნაწილში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.