Facebook Twitter

¹ბს-719-713(კ-11) 13 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,, ...” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 11 ივნისს შ.პ.ს. ,, ...’’ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა გორის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 24 მარტის ¹ 3221 ბრძანების, 2010 წლის 26 მარტის ¹769 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 24 მარტის ¹ 3221 ბრძანება, 2010 წლის 26 მარტის ¹ 769 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება შპს ,, ...” საშემოსავლო გადასახადის სახით 250 250,13 ლარის დარიცხვის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა, კანონმდებლობის საფუძველზე, გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს გამოსაქვითი ხარჯების ოდენობასა და შესაბამის მტკიცებულებებს და ამ გარემოებების მიხედვით შემოწმდეს შპს ,, ...” საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის სისწორე და შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა; შპს ,, ...” სარჩელს მითითებული აქტების დღგ-ს გადასახადის _ 225 991,42 ლარისა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში სრულად ბათილად ცნობის შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,, ...” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 3 000 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ.პ.ს. ,, ...»; საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონულმა ცენტრმა.

აპელანტები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრი სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

Aაპელანტი - შ.პ.ს. ,, ...» სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; შ.პ.ს. ,, ... ‘‘ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება შ.პ.ს. ,, ... ‘‘ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ.პ.ს ,, ... ‘‘ უარი ეთქვა გორის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 24 მარტის ¹ 3221 ბრძანების, 2010 წლის 26 მარტის ¹ 769 საგადასახადო მოთხოვნის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. ,, ...».

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შპს ,, ...’’ საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით შპს ,, ...” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა მასზე ხელისმომწერი პირის – გ. ფ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობა სანოტარო წესით დამოწმებული და სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით მიეცა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2011 წლის 3 მაისს.

2011 წლის 13 მაისს შპს ,, ...” წარმომადგენელმა – გ. ფ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება და მოითხოვა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის გადახდისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ კასატორი განიცდის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით შპს ,, ...” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის ქვითარი.

აღნიშნული განჩინება კასატორსა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ 2011 წლის 23 მაისს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურებიდან ირკვევა, რომ შპს ,, ...” ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 2 ივნისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,, ...” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 2 ივნისს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2011 წლის 13 ივნისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ სასამართლოს მიერ მითითებულ 10 დღის ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს ,, ...” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,, ...” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.