¹ბს-755-749(კ-11) 12 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე რ. ხ-შვილის სარჩელის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ახალციხის რეგიონალური ცენტრის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2010 წლის 21 ივლისს რ. ხ-შვილმა სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ახალციხის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2010 წლის 18 თებერვლის ¹7 საგადასახადო მოთხოვნის, ¹1185 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 17 მარტის ¹1330 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 28 ივნისის ¹575/2/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 3-6; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (იხ. ს.ფ. 115-116; ტ.I).
რ. ხ-შვილის სარჩელი არ ცნო მოპასუხე შემოსავლების სამსახურმა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 66-75; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტელად ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 18 თებერვლის ¹1185 ბრძანება, 2010 წლის 18 თებერვლის ¹7 საგადასახადო მოთხოვნა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 17 მარტის ¹1330 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2010 წლის 28 ივნისის ¹575/2/10 გადაწყვეტილება; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურ ცენტრს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ი/მ «რ. ხ-შვილის» მიმართ (იხ. ს.ფ. 249-256; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ახლაციხის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი/მ «რ. ხ-შვილის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 265-275; 281-290 ტ.I).
სააპელაციო საჩივრები არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – რ. ხ-შვილმა (იხ. ს.ფ. 26-32; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ახლაციხის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო სააჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 51-61; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 72-79; 87-95; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილისა და 5 მაისის განჩინებებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 83-84; 100-101; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.