Facebook Twitter
¹ბს-764-758(კ-10) 20 ივლისი, 2011 წ

¹ბს-764-758(კ-10) 20 ივლისი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

კასატორი –ბ. გ-ძე;

მოწინააღმდეგე მხარი – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 23 მარტს ბ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 2 მარტის ¹96 პ/შ ბრძანებისა და 2009 წლის 24 თებერვლის ¹317 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველოს ზონალური მუშაობის ჯგუფის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა და 2009 წლის 24 თებერვლიდან იძულებითი განაცდურის – 1 092 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით, ბ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე – ბ. გ-ძის მიმართ. ბ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა - იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ბ. გ-ძისათვის აენაზღაურებინა იძულებითი განაცდური ხელფასი განთავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. მოსარჩელე ბ. გ-ძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის - სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტავდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო მეორე პუნქტში კი მითითებულია, რომ დასკვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: თანამშრომლის სახელი და გვარი, თანამდებობა, სახელმწიფო სპეციალური წოდება, შინაგან საქმეთა ორგანოებში და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დასკვნის შედგენის თარიღი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხის მე-6 მუხლის თანახმად, სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 69-ე პუნქტის თანახმად, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლისათვის უღირსი საქციელი, დათხოვნილ უნდა იქნენ რიგითი და ოფიცერთა დისკრედიტაციისათვის.

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილი 2009 წლის 11 თებერვლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მან არ განახორციელა დაკისრებული მოვალეობა უმცროსი ინსპექტორების მიმართ კონტროლის განხორციელების თაობაზე, დასკვნაში მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის _ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის საფუძვლად მითითებულია ზემოაღნიშნული წესდების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა1” და ,,ე” ქვეპუნქტები.

აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეა სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, ხოლო ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე მისი გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი. ამ ნორმის თანახმად, პოლიციელი შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს პოლიციელისათვის შეუფერებელი საქმიანობისათვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცმისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 96-ე მუხლის მეორე ნაწილი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მოცემული ნორმიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს კვლავ განიხილოს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით გამოიკვლიოს და შეაფასოს ბ. გ-ძის სამსახურიდან დათხოვნის საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის სამუშაოზე აღდგენის დაკმაყოფილების ნაწილში.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავდა, რომ ,,საჯარო სამსახურის” შესახებ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავსუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ბ. გ-ძეს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ_სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ-ძემ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ-ძემ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და ბ. გ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 08 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 11 თებერვალს, სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთ. სამმართველოს ინსპექტორებისა და მონიტორინგის განყოფილების ინსპექტორების მიერ შემოწმდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომელთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინა, რის შედეგადაც დაფიქსირდა დისციპლინური დარღვევის რამოდენიმე ფაქტი. თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დარღვევის ფაქტზე ჩატარებული შემოწმების თაობაზე შედგა დასკვნა. 2009 წლის 13 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოში გამოძახებულ იქნა ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს ზონალური მუშაობის ჯგუფის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ბ. გ-ძე, რომელმაც უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე და თვითნებურად მიატოვა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შენობა. დასკვნის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველოს ზონალური მუშაობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ – ბ. ჯ. ძე გ-ძეს შეფარდებოდა დისციპლინური სახდელი შს ორგანოებიდან დათხოვნა. აღნიშნული დასკვნა საფუძვლად დაედო შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 24.02.09წ. ¹317 ბრძანებას, ბ. გ-ძის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, ხოლო საქართევლოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 2 მარტის ¹962 პ/შ ბრძანებით ბ. გ-ძე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შს ორგანოებიდან 2009 წლის 24 თებერვლიდან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ 2009 წლის 11 თებერვლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მან არ განახორციელა დაკისრებული მოვალეობა უმცროსი ინსპექტორების მიმართ კონტროლის განხორციელების თაობაზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოში გამოძახებულ იქნა ბ. გ-ძე, რომელმაც უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე და თვითნებურად მიატოვა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შენობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეა სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, ხოლო ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამავე წესდების მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დისციპლინური სახდელის დადებამდე თანამშრომელს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.

სააპელაციო პალატამ, მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, ჩადენილი გადაცდომის ხასიათის და სიმძიმის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ბ. გ-ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენას, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სწორედ დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა შს ორგანოებიდან დათხოვნის სახით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებასთან დაკავშირებით სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები - იგი არ ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად არ არსებობს ბ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილიბის საფუძველზე განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. პალატის მოსაზრებით, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე 2009 წლის 2 მარტის ¹962 პ/შ ბრძანების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ განსახილველ საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს ბ. გ-ძეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კასატორი გარდა მატერიალური სამართლის ნორმებისა, კასაციაში მიუთითებდა სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევაზე და თვლიდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის ის პროცესუალური ნიუანსი, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი, კერძოდ, არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს სახელმწიფო სოციალური დაცვის სფეროდან, რომელზეც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის თანახმად მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 2 მარტის ¹96 პ/შ ბრძანებისა და 2009 წლის 24 თებერვლის ¹317 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ბ. გ-ძისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაუბრუნდება მის მიერ სააპელაციო საჩივარზე არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-150 ლარი.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 2 მარტის ¹96 პ/შ ბრძანებისა და 2009 წლის 24 თებერვლის ¹317 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო საკასაციო საჩივარი ბ. გ-ძისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ბ. გ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოწესრიგებულია ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 _ მე-11 მუხლებით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება, როგორც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმები ასევე ამავე საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

საერთო სასამართლოებში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან კანონისმიერი განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი. სსსკ-ს 46-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს კონკრეტული კატეგორიის დავების სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე განხილვის ვალდებულებას.

წინამდებარე დავის შინაარსიდან გამომდინარე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მოთხოვნათა გათვალიწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. დავა შეეხება სოციალურ საკითხს_სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება_რაც ავალდებულებს ყველა ინსტანციის სასამართლოს საქმე დაუშვას და განიხოლოს სახელმწიფო ბაჟის მოთხოვნის გარეშე.

საკასაციო სასამართლო თვლის, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა დავის საგნიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე არასწორად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, იგი ექვემდებარება უკან დაბრუნებას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი დაბრუნება ევალება მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. გ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ბ. გ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის დაკისრების ნაწილში და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაშვებულ- სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში -დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება ბ. გ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-150 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგი ანგარიშიდან: საბიუჯეტი შემოსავლის სახაზინო კოდი – 300773150, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი) ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222);

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.