Facebook Twitter

¹ბს-766-741(2კ-10) 20 ივლისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – რ. კ-ი, ნ. ს-ა, ი. მ-ა, ნ. კ-ე

დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.10წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მა, ი. მ-ამ, ნ. კ-ემ და ნ. ს-ამ 07.11.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, მ. კ-ის სასარგებლოდ 16053 აშშ დოლარის, ი. მ-ას სასარგებლოდ 22345 აშშ დოლარის, ნ. კ-ის სასარგებლოდ 2033 აშშ დოლარისა და ნ. ს-ას სასარგებლოდ 3213 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების შედეგად დაზარალდნენ მათი საცხოვრებელი ბინებისა და პირადი ქონების განადგურებით. აღნიშნული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რის შესახებაც მიღებულ იქნა მთელი რიგი ნორმატიული აქტები, შეიქმნა 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალოებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია, რომელმაც თითოეული მოსარჩელის მიმართ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის შესახებ გასცა ცნობა. აღნიშნული ცნობებისა და ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილებით დამტკიცებული დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური (ქონებრივი) ზარალის კომპენსაციის ცხრილის მიხედვით მ. კ-ისათვის ასანაზრაურებელი თანხა შეადგენს _ 16053 აშშ დოლარს, ი. მ-ასათვის – 22345 აშშ დოლარს, ნ. კ-ისათვის – 20333 აშშ დოლარს, ზ. ს-ას მემკვიდრე ნ. ს-ასათვის _ 3213 აშშ დოლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.07წ. განჩინებით საქმეზე მოსარჩელედ მითითებულ იქნა მ. კ-ის უფლებამონაცვლე რ. კ-ი.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.09წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ის, ი. მ-ას, ნ. კ-ისა და ნ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ რ. კ-ის სასარგებლოდ 16053 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ი. მ-ას სასარგებლოდ 22345 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ნ. კ-ის სასარგებლოდ 20333 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და ნ. ს-ას სასარგებლოდ 2954 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.10წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.09წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებით «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კონპენსაციის შესახებ» განისაზღვრა და დაკონკრეტდა იმ პირთა წრე, რომლებსაც პასუხი უნდა ეგოთ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. მითითებული ნორმების თანახმად, ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასიხისმგებლობა დაეკისრათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას. საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ აღიარებული იქნა ვალდებულება 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის 8 000 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებდა მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეებისთვის ზიანის საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება ეტაპობრივად ხდებოდა და რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მათ მიმართ დავალიანება ისევ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქ. თბილისის მერიამ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ დავაში სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სასამართლოს ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლებიდან. არ არსებობს კანონი და არც ხელშეკრულება, რომლითაც ქ. თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს დაეკისრებოდა სოლიდარული ვალდებულება. თბილისის მერიამ ყველა დაზარალებულის და მათ შორის მოსარჩელეების მიმართაც შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რაც გამოიხატა მათთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ ჩაბარებაში. კასატორის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნა ნ. ს-ას ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე, 137-ე და 141-ე მუხლების საფუძველზე ხანდაზმულია, რადგან ნ. ს-ას სასარგებლოდ თანხის გადახდა მოხდა 2000 წელს, ხოლო სარჩელი 2005 წელს არის აღძრული, რის გამოც მისი მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა ვალდებულება დაზარალებული მოსახლეობის ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარი გაეთვალისწინებინა სახელმწიფოს 1996-97 წლების ბიუჯეტების პროექტებში. აღნიშნული ვალდებულების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრების მიუხედავად თანხები ბიუჯეტის კანონებში უნდა დაემტკიცებინა პარლამენტს, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ვერ გაითვალისწინა აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები და არ გამოიყენა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და 83-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით შეიქმნა თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია, რომელსაც, ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, დაევალა ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალქეების საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის პროგრამის შემუშავება, მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ეტაპობრივი ანაზღაურების პროგრამის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა. «ქ. თბილისში 1991 წლის დეკემბერ-1992 წლის იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებისა და ,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულების საფუძველზე 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაღაურებისა და საცხოვრებლი სახლების მშენებლობის შესახებ სახელწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერილაური ზიანის ანაზღაურებისა და სახლების მშენებლობაში. ქ. თბილისის მთავრობის 31.05.07წ. ¹11.02.315 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული თბილისელი მოქალაქეების მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ქ. თბილისის ბიუჯეტში ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საკომპენსაციო თანხების განაწილების განსახორციელებლად, ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისა და 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა კომისიას შორის გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტით, სამსახურმა გადაიბარა შესაბამისი დოკუმენტაციები, რის საფუძველზე ქ. თბილისის მთავრობის 20.07.07წ. ¹15.04.401 დადგენილებით დამტკიცდა დაზარალებულ მოქალაქეებზე ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დარჩენილი გასაცემი საკომპენსაციო თანხები თითოეულ დაზარალებულ მოქალაქეზე აშშ დოლარებში, დანართი 1-ის შესაბამისად. დანართის თანახმად, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებზე, კერძოდ, მ. კ-ზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 16 053 აშშ დოლარს, ნ. გ-ეზე (ნ. კ-ე) – 20 333 აშშ დოლარს, ი. მ-აზე – 22 345 აშშ დოლარს, ზ. ს-აზე – 2 954 აშშ დოლარს.

სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებაზე და 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 10.10.96წ. მოსარჩელეთა მიმართ გაცემული ¹85, ¹82, ¹187, ¹10 ცნობების შესაბამისად მიღებული «ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად შესაბამისი სიების დამტკიცებისა და ქალაქის ბიუჯეტიდან თანხების შემდგომი გაცემის შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 20.07.07წ. ¹15.04.401 დადგენილებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 09.06.11წ. ¹09/06/02 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა განკარგულების მე-4 და მე-8 პუნქტები, რომლითაც მატერიალური ზარალი 8,0 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით იყო განსაზღვრული და ქ. თბილისის მერიას დავალებული ჰქონდა პროგრამის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მერიის ის დადგენილებები (12.09.96წ. ¹14.04.901, 06.03.97წ. ¹06.03.260, 05.07.01წ. ¹10.12.231), რომლებითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი კონტროლის კომისია და დამტკიცდა მისი წესდება, აღნიშნული კომისიის უფლებამონაცვლედ შეიქმნა 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისიის წევრთა მიერ 31.05.11წ. სხდომაზე განხილულ იქნა გაუქმებული კომისიის მიერ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობის თაობაზე გაცემული ცნობების კანონიერება, კომისიამ მიიჩნია, რომ დაზარალებულ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობები დადგინდა 1992 წლის დეკლარაციებით, სადაც თანხები მანეთებით განისაზღვრა, ვალუტის გადაანგარიშება მოხდა არა არსებული კურსის შესაბამისად – გაურკვეველი სამართლებრივ საფუძველზე, ვალუტის გადაანგარიშების ნორმატიული მექანიზმის მითითების გარეშე, არ დგინდება თანხების გადაანგარიშების კრიტერიუმები და მისი სამართლებრივი საფუძვლები. კომისიის 31.05.11წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა «1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის» მიერ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 14.06.11წ. ¹15.02.578 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა «1991-92წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილება, რომელიც დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულებას შეეხებოდა. რაც შეეხება დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე ,,ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილებას, ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა_მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 და ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებებს, აღნიშნული აქტები და საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც სახელმწიფომ აღიარა დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება, არ გაუქმებულა და სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა აქვთ. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ისე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. ამდენად, არსებობს მოპასუხეთა ვალდებულების დამდგენი, ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელეებს, მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1996 წელს, რა დროსაც, მითითებული ნორმატიული აქტებით, მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს მოსარჩელეთა მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობების გაუქმება, რომლებშიც მითითებული იყო მიყენებული ზიანის მოცულობა, ვერ მიიჩნევა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. ამასთანავე სადღეისოდ დადგენას საჭიროებს თითოეული მათგანისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების წარმომადგენელთა შესაგებელში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კომისიის ცნობა არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა მიმართ მოსარჩელეებს კანონიერი ნდობა გააჩნიათ, რაც გამორიცხავდა მათ გაუქმებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გაცემული ცნობები წარმოადგენენ ასანაზღაურებელი თანხის დასადგენად შედგენილ შუალედურ, ინფორმაციული ხასიათის აქტებს, ცნობების გამცემი კომისია თავად არ ახდენდა ზიანის ანაზღაურებას, ზიანის თანხის ანაზღაურების გაცემის დაპირებას, სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლი კომისიის 10.10.96წ. ¹10, ¹82, ¹85, ¹187 ცნობები გაცემულია საქართველოს პრეზიდენტის 26.06.96წ. ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, რომელიც გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 09.06.11წ. ¹09/06/02 განკარგულებით, შესაბამისად უმართებულოა მითითება, სზაკ-ის 9.1, 60.4 მუხლებზე, კომისიის მიერ გაცემული ცნობების მიმართ კანონიერი ნდობის არსებობაზე. საკასაციო პალატა პროცესუალური კანონმდებლობის თანახმად მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით გაუქმებული 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმისა და ახლადშექმნილი 1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისიისაგან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების _ თითოეული დაზარალებული მოსარჩელის მიმართ უკვე ანაზღაურებული და ასანაზღაურებელი დავალიანების თანხის ოდენობის დადგენით, მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევით, შესაძლებელი იქნება საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.10წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.