Facebook Twitter

¹ბს-770-764(კ-11) 26 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა კ. ზ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005 წლის 15 სექტემბერს ნ. დ-ოვმა და კ. ზ-იანმა სარჩელი აღძრეს ნინოწმინდის რაიონულ სასამართლოში თ. ა-იანისა და არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის დავალდებულება გარაჟთან მისასვლელი გზის გათავისუფლების, მაზუთის წვის აკრძალვის, მშენებლობის უკანონოდ ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 3-5; ტ.I).

მოპასუხე თ. ა-იანმა შეგებებული სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, არ ცნო სარჩელი და მოითხოვა უკანონოდ მოწყობილი ტამბურის აღებისა და კარის ამოქოლვის შესახებ მოსარჩელე კ. ზ-იანის დავალდებულება (იხ. ს.ფ. 27-28; ტ.I).

მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ 2009 წლის გადაწყვეტილების, შენობის პასპორტისა და არქიტექტორის მიერ გაცემული ცნობის ბათილად ცნობა, სავაჭრო ცენტრსა და მოსარჩელის კუთვნილ ფართს შორის არსებული მიწის ნაკვეთის შუაზე გაყოფა (იხ. ს.ფ. 38-40; ტ.I).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ნინოწმინდის საკრებულო (იხ. ს.ფ. 50; ტ.I).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ოვასა და კ. ზ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე თ. ა-იანს დაევალა თავისი სახსრებით, იძულებითი წესით უკანონოდ აშენებული მაღაზიისა და მეორე სართულზე განლაგებული ობიექტის, ასევე მეორე სართულზე ასასვლელი გარე განთავსების რკინაბეტონის კიბის დანგრევა; ასევე 0,8 კვ.მ სიგრძის მანძილზე სავაჭრო ცენტრსა და მოსარჩელეების ავტოფარეხის შენობის კედლებს შორის მოსარჩელის მიერ აშენებული ქვის გალავანის დანგრევა; თ. ა-იანს დაეკისრა მისი მიწის ნაკვეთის მოსარჩელეების მიერ გამოყენების თმენის ვალდებულება საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი ავტოფარეხისა და სამეურნეო ნაგებობის კედლების გასწვრივ გასვლისა და კედლებთან მიმდებარე ტერიტორიის 0,8 მეტრის გაწმენდა-გასუფთავებისა და შეკეთება-შერემონტების მიზნით; ნინოწმინდის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-იანისათვის გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 14 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოიყო ორივე მხარის საერთო სარგებლობისათვის; ბათილად იქნა ცნობილი შპს «...» მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი ტექნიკური პასპორტი; ამოირიცხა სარეგისტრაციო ჩანაწერი ¹65/12/25/033; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თ. ა-იანის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ. ზ-იანს დაევალა საკუთარი ხარჯით იძულებითი წესით მისი სტომატოლოგიური კაბინეტის შესასვლელ კარებთან თვითნებურად მოწყობილი ტამბურის დანგრევა, ხოლო შეგებებული სარჩელი თვითნებურად მოწყობილი შესასვლელის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 120-131; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. დ-ოვამ და კ. ზ-იანმა, რომლებმაც მოითხოვეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. ს.ფ. 137-138; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ასევე თ. ა-იანმა (იხ. ს.ფ. 140-141; ტ.I).

თ. ა-იანმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (იხ. ს.ფ. 146-155; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით თ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხოლო თ. ა-იანის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 156-159; ტ.I).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-იანმა, ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში კერძო საჩივარი წარადგინა (იხ. ს.ფ. 170-174; 187-189; ტ.I).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით თ. ა-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება (იხ. ს.ფ. 201-209; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შპს «...» მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის, ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერის ¹65/12/25/033 მესაკუთრის განყოფილებიდან ჩანაწერის ამორიცხვისა და ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით თ. ა-იანის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად, ხოლო სააპელაციო საჩივრის წარმოება დანარჩენ ნაწილში და შეგებებულ სარჩელზე წარმოება გამოიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად და შეჩერდა მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ. ს.ფ. 19-23; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინებით თ. ა-იანის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის სასარგებლოს 14 კვ.მ მიწის ნავკეთის საერთო სარგებლობაში გამოყოფის ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა განსჯად – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ამ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა თ. ა-იანის საპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ. ს.ფ. 58-62; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით თ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების, შპს «...» მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 148-154; ტ.II).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ შპს «...» და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახური (იხ. ს.ფ. 177-179; ტ.II).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინებით დადგინდა ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის ნაწილში დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა (იხ. ს.ფ. 84; ტ.IV).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ოვასა და კ. ზ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 99-105; ტ.IV).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. ზ-იანმა და ნ. დ-ოვმა, რომლებმაც მოითხოვეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 109-117; ტ.IV).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ნ. დ-ოვასა და კ. ზ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 274-285; ტ.IV).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ზ-იანმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 291-298; ტ.IV).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული კ. ზ-იანის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 336-337; ტ.IV).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და კ. ზ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ კ. ზ-იანის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ კ. ზ-იანის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კ. ზ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ კ. ზ-იანის წარმომადგენელს – ბ. ბ-შვილს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ზ-იანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორის _ კ. ზ-იანის წარმომადგენელს – ბ. ბ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.