საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-776-770 (კ-11) 29 ივლისი, 2011წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. კ-ულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის; მესამე პირების – ლ. მ-შვილისა და თ. მ-შვილის მიმართ.
2010 წლის 13 აგვისტოს ა. კ-ულმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის ¹882010659486-07 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. მ-შვილის (ლ. ლ-ურის) განცხადება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. მცხეთაში, ... ქუჩა ¹13-ში მდებარე უძრავი ნივთის 1/2 წილზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1963 წლის 11 იანვრის ¹88 სამკვიდრო მოწმობა არ ითვალისწინებდა ზემოთ ხსენებულ 1/2 წილს. აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2009 წლის 29 ივლისის ცნობაში მითითებული იყო, რომ ლ. ლ-ურზე 1/2 წილი აღრიცხული იყო უფლებადამდგენი დოკუმენტის გარეშე, ე.ი ზეპირად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის ¹882010659486-07 გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 20 ივლისის ¹882010699107-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2010 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან ერთად, ლ. და თ. მ-შვილებისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. და თ. მ-შვილები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ა. კ-ულის სასარჩელო განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
დაუშვებლობით საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ა. კ-ულის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების ლ. და თ. მ-შვილების მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად და ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოება შეწყდა ნაწილობრივ.
მცხეთის რაონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ულის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ულმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით ა. კ-ულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ულმა. კასატორმა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 6 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ ა. კ-ულის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და საკასაციო საჩივარი არ იყო ხელმოწერილი.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით ა. კ-ულს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების – 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი და მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი ა. კ-ულის მეუღლეს ა. ლ-ელს 2011 წლის 6 ივნისს ჩაბარდა. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2011 წლის 16 ივნისს 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე ხუთშაბათი. ა. კ-ულმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 6 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ა. კ-ულის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.