Facebook Twitter

¹ბს-784-778(კ-11) 13 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს «...» მოპასუხეების–საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 6 ივლისის ¹12/358 ბრძანების, 2009 წლის 5 ივლისის ¹12/358 «საგადასახადო მოთხოვნის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 15 სექტემბრის ¹2868 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

2009 წლის 4 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 6 ივლისის ¹12/358 ბრძანების, 2009 წლის 5 ივლისის ¹12/358 «საგადასახადო მოთხოვნის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 15 სექტემბრის ¹2868 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დავალდებულება მოეხდინა შპს «...» მიმართ უკანონოდ გაუქმებული დღგ-ს ჩათვლის 19 666, 37 ლარის აღდგენა პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ამავე სხდომის საოქმო განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს «...».

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 6 ივლისის ¹12/358 ბრძანება, 2009 წლის 5 ივლისის ¹12/358 «საგადასახადო მოთხოვნა», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 15 სექტემბრის ¹2868 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება; აღდგენილ იქნა შპს «...» მიმართ უკანონოდ გაუქმებული დღგ-ს ჩათვლა- 19 666, 37 ლარის ოდენობით პირადი აღრიცხვის ბარათზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,, ...’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 06 ივლისის ¹12/358 ბრძანება, 2009 წლის 05 ივლისის ¹12/358 «საგადასახადო მოთხოვნა», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 15 სექტემბრის ¹2868 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულ ცენტრს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის (იხ. განჩინებები საქმე ბს-456-437 2კ-10); ბს-238-229 (კ-10)).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.