Facebook Twitter

¹ბს-810-804(კ-11) 5 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ე. კ-კის სარჩელისა გამო საქართველის შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ე. კ-კმა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის - სახელფასო დავალიანების 1010,43 ლარის დაკისრება (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-9).

ე. კ-კის სარჩელი არ ცნო მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 21-28; ტ.I).

გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. კ-კის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს – შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს ე. კ-კის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის – 938,26 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2003 წლის ნოემბრის კვების ულუფის – 59 ლარისა და წელთა ნამსახუროს დანამატის – 13,17 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ტ.1; ს.ფ. 38-44).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება 1998, 1999, 2000 და 2003 წლების გარკვეული თვეების თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს 381,82 ლარის, კვების (ულუფის) კომპენსაციის 472 ლარის და წელთა ნამსახურების დანამატის 84,41 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოცემულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 49-59).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (იხ. ტ.2; ს.ფ. 15-19).

სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმება 1998, 1999, 2000 და 2003 წლების გარკვეული თვეების თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს 381,82 ლარის, კვების (ულუფის) კომპენსაციის 472 ლარის და წელთა ნამსახურების დანამატის 84,41 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოცემულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 24-32).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.2; ს.ფ. 36-37).

კასატორმა - შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, შემდეგი მოტივებით:

კასატორის განმარტებით, ე. კ-კის მოთხოვნა ხანდაზმულია თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341 მუხლისა, რომლის შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ე. კ-კი კი სამსახურიდან გათავისუფლდა 2005 წლის 20 დეკემბრიდან ანუ აღნიშნული მუხლის მიხედვით ე. კ-კის მოთხოვნაზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, კვების (ულუფის) კომპენსაციისა და წელთანამსახურობის დაკისრების ნაწილზე) მთლიანად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კასატორის განმარტებით, სასამართლო ასევე არასწორად უთითებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებზე, ასევე არასწორია სასამართლოს მითითება, საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლზე, ვინაიდან, აღნიშნული არ ითვალისწინებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კნონის 1341 მუხლს.

ამასთან, კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა. ამდენად, პოლიციის თანამშრომელი სამსახურის პერიოდში ,,პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის – ულუფის სახით და წელთა ნამსახურობის დანამატს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლით რეგლამენტირებულია (2005 წლამდე გათავისუფლებულ) საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან – კვების (ულუფის) კომპენსაციისაგან და წელთანამსახურობის დანამატისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების (ულუფის) კომპენსაციის და წელთანამსხურობის დანამატის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა (იხ. ტ.2; ს.ფ. 42-44).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1659-1613(კ-08) საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრისა გამო ა. ა-შვილის მიმართ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.