საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-892-885(კ-11) 29 ივლისი, 2011წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
2010 წლის 8 ნოემბერს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 18 მარტს შპს “...” მოახდინა უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის) რეალიზაცია. თბილისის რეგიონული ცენტრის კონტროლის სამმართველოს მიერ ჩატარებული იქნა შპს “...” დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციასთან დაკავშირებული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის თაობაზეც 2010 წლის 20 აგვისტოს შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რის შედეგადაც მოსარჩელეს დაერიცხა 649 707.56 ლარი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების მიწოდებისას ოპერაციის შენობა-ნაგებობის მიწოდებად ჩათვლას, 2009 წლის 17 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში და აღნიშნულს არ შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა 2008 წლის მარტის თვეში განხორციელებულ ოპერაციაზე. გამომდინარე აქედან, მოსარჩელემ – შპს “...” მოპასუხის – სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ¹106 “საგადასახადო მოთხოვნა” სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა, ხოლო შემდეგ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 4 ოქტომბრის ¹1903 ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 18 ოქტომბრის ¹1515/2/10 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ¹106 “საგადასახადო მოთხოვნის”, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 4 ოქტომბრის ¹1903 ბრაძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 18 ოქტომბრის ¹1515/2/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”. კასატორმა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 25 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით შპს “...” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი შპს “...” დირექტორს ც. თ-ძეს 2011 წლის 10 ივნისს ჩაბარდა. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2011 წლის 20 ივნისს 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი. შპს “...” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 25 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს “...” საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.