¹ბს-943-917(კ-10) 20 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჩ-ა (მოსარჩელე)
მოპასუხე სარჩელზე – ქ. თბილისის მერია
მესამე პირი _ ს. ჩ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.02.10 წ. განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ჩ-ამ 17.06.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც ზიანის ანაზღაურება და ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვა. 30.12.02წ. განხცადებით ს. ჩ-ამ დამატებით ქ. თბილისის მთავრობის 16.05.02წ. ¹09.25.167 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დააზუსტა და ქ. თბილისში 1991-1992 წლებში დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. 11.09.08 წ. სხდომაზე ს. ჩ-ამ დააზუსტა სარჩელი, კერძოდ კომპენსაციის ანაზღაურება, ქ. თბილისის მერიის 16.05.02წ. ¹09.25.167 დადგენილების მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით ბათილად ცნობა და მისი ბინის სამშენებლო ნორმების შესაბამისად წესრიგში მოყვანა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.08 წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ს. ჩ-ას შუამდგომლობა, ცალკე წარმოებად გამოეყო მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის მიმართ, კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე და ამ დავაზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნენ მოსარჩელის დედა _ ნ. ბ-ა და ძმა _ ვ. ჩ-ა. საქმეში მესამე პირად ჩაერთო 1991-1992 წლებში დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.08წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. ჩ-ას განცხადება სარჩელის განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემის შესახებ. 31.10.08წ. გამართულ სხდომაზე ს. ჩ-ამ კვლავ დააზუსტა სარჩელი, კერძოდ 1991-1992 წლებში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელებზე გამოყოფილი თანხის ნაწილის – 24 000 აშშ დოლარის ქ. თბილისის მერიისათვის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.08წ. გადაწყვეტილებით ს. ჩ-ას სარჩელი ქ. თბილისში 1991-92 წლებში დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ანდერძისმიერი ან კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი კ. ჩ-ას სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც შეადგენს 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად კ. ჩ-ას განადგურებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელ საკომპენსაციო თანხას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.09 წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.08 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაპირველი მოსარჩელე – ს. ჩ-ა, სსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე სათანადო მოსარჩელით – ვ. ჩ-ათი უნდა შეცვლილიყო, დადგენას საჭიროებდა აგრეთვე დავის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის კომპენსაციის გასაცემი თანხის ოდენობა და თანხის გამცემი ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.06.09 წ. საოქმო განჩინებით შეიცვალა მესამე პირის ვ. ჩ-ას სტატუსი და იგი საქმეში ჩაერთო სათანადო მოსარჩელედ. 30.06.09 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ჩ-ამ, რომლითაც მოპასუხეებად მიუთითა ქ. თბილისის მერია და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მესამე პირებად _ 1991-1992 წლებში დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია, ს. ჩ-ა. მოსარჩელემ მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დავალება, რათა მათ დაასრულონ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულება და გადაიხადონ ამ უკანასკნელისათვის სამკვიდრო მოწმობაში მითითებული მისი ოჯახის საკომპენსაციო თანხა _ 24 693 აშშ დოლარი, მისი გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით _ 45 188,19 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.09 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვ. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 24 693 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, ხოლო სარჩელის მოთხოვნა თბილისის მერიისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ კ. ჩ-ასათვის 10.10.96წ. გაცემული ¹196 ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ჩ-ა შეყვანილი იყო 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის დაზარალებულ თბილისელთა მატერიალური ზარალის ანაზღაურების საერთო სიაში 196-ე ნომრად, მისთვის 01.10.96 წ. მდგომარეობით მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 52 193 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, ხოლო ცნობის მეორე გვერდზე დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით კ. ჩ-ას მატერიალური ზარალის დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 24 693 აშშ დოლარს. საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 22.09.09 წ. ¹372/2 ცნობის თანახმად, აწ გარდაცვლილი კ. ჩ-ას მატერიალური ზარალის საკომპენსაციო თანხა 22.09.09წ. მდგომარეობით შეადგენდა 24 693 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. ამასთან, 21.04.05 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 08.03.92წ. გარდაცვლილი კ. ლ.-ძე ჩ-ას სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც შეადგენდა 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად კ. ჩ-ას განადგურებული ქონების მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელ საკომპენსაციო თანხას - 24 693 აშშ დოლარს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტში შეადგენდა 45 188,19 ლარს, მემკვიდრედ ცნობილი იყო შვილი _ ვ. ჩ-ა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 31.03.94 წ. ¹336 დადგენილების მე-9 პუნქტით ქალაქის მერიას, ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროსთან ერთად, დაევალა დაზარალებული მოქალაქეებისათვის განადგურებულ საოჯახო ქონების შესაძენად საჭირო სახსრების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ წინადადებების შემუშავება და წარდგენა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ შესრულებული იყო ზარალის აღმოფხვრის მიზნით გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96 წ. ¹197 ბრძანებულებით და საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96 წ. ¹180 განკარგულებით დაკისრებული ვალდებულებები როგორც საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, ასევე დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით, მათთვის აშენებული და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზაციიდან შესული თანხების დაზარალებულთა მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში. რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დანარჩენი თანხის შეტანასა და 1997 წლის ბიუჯეტიდან ანაზღაურებას ითვალისწინებდა, ის არ შესრულებულა სამინისტროს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის მითითებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე 1991-1992 წლების მოვლენების გამო ვ. ჩ-ასათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება უნდა დაკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.10 წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.09 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც განჩინების გაუქმება და სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 22.09.09 წ. ¹372/2 ცნობით გათვალისწინებული ვ. ჩ-აზე გასაცემი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა 28.02.96 წ. ¹197 ბრძანებულების და 26.07.96 წ. ¹180 განკარგულების საფუძველზე. კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული განკარგულებით დაევალა არა საკომპენსაციო თანხების გაცემის უზრუნველყოფა, არამედ შესაბამისი წინადადებების შემუშავება პარლამენტში წარდგენის მიზნით. ამასთან, «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, ბიუჯეტის საბოლოო ფორმირება დამოკიდებულია კანონით დადგენილი პროცედურების გავლაზე და საკომპენსაციო თანხების გაცემის ვალდებულება იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონით დადგენილი წესით პროცედურების გავლის შემდეგ აისახებოდა საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 144-ე და 1008-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ას სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან საკომპენსაციო თანხების გაცემა შეუწყდა 2002 წლიდან, ხოლო სარჩელი მის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2009 წელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.10 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით მოცემული საქმიდან ს. ჩ-ას სასარჩელო მოთხოვნებზე ცალკე გამოყოფილ დავებზე, რომლებიც შეეხებოდა ქალაქ თბილისის მთავრობის 16.05.02წ. ¹09.25.167 დადგენილების ბათილად ცნობასა და ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანას, ს. ჩ-ას საკასაციო საჩივრები მიჩენეულ იქნა დაუშვებლად, რითაც კანონიერ ძალაში შევიდა მოცემულ საქმეებზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.09წ. და 18.05.09წ. გადაწყვეტილებები ს. ჩ-ას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ პასუხობს სსკ-ის 249-ე მუხლის მოთხოვნებს, განჩინება არ შეიცავს სააპელაციო საჩივრის უარყოფის რაიმე არგუმენტაციას, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს, აღნიშნული თავის მხრივ სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. სააპელაციო პალატამ ისე თქვა უარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ საერთოდ არ უმსჯელია სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციაზე. პალატა შემოიფარგლა მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი დასკვნების გაზიარების შესახებ, რაც არ წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთებას, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს 16.10.08წ. გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას ძირითად არგუმენტებზე, რომელსაც მოპასუხე აყენებდა ყველა ინსტანციის სასამართლოში – სამინისტროს მიერ საბიუჯეტო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის გაშვებაზე, ამდენად გაუგებარია თუ რა გაიზიარა სააპელაციო პალატამ, ამასთანავე სასამართლოს არ უმსჯელია სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო ხარჯების განაწილებაზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით შეიქმნა თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია, რომელსაც, ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, დაევალა ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალქეების საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის პროგრამის შემუშავება, ამავე ვადაში მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ეტაპობრივი ანაზღაურების პროგრამის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა. «ქ. თბილისში 1991 წლის დეკემბერ-1992 წლის იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებისა და ,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულების საფუძველზე 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებლი სახლების მშენებლობის შესახებ სახელწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და სახლების მშენებლობაში. 10.09.98 წ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ მიღებული იქნა ¹17.05.377 დადგენილება, რომლითაც შექმნილმა კომისიამ განსაზღვრა ქ. თბილისის ბიუჯეტში შექმნილი ფონდიდან დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპენსაციის მიზნით სახსრების გადარიცხვის განხორციელების წესი. მითითებული აქტების საფუძველზე, როგორც თბილისის მერიას, ასვე ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობა უნდა მიეღოთ მთლიანი ვალდებულების შესრულებაში - მოსახლეობისთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურებაში. ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური (ქონებრივი) ზარალის კომპენსაციის ამსახველი ცხრილით, 2000 წლის ნოემბრის მდგომარეობით, რიგითი ნომრით 196, დაზარალებულად რეგისტრირებულ იქნა კ. ჩ-ა. საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ კ. ჩ-ას მიმართ გაცემული 10.10.96 წ. ¹196 ცნობის თანახმად, 1996 წლის 1 ოქტომბრისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 52 193 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, აღნიშნული თანხით კ. ჩ-ა შეყვანილი იყო 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის დაზარალებულ თბილისელთა მატერიალური ზარალის ანაზღაურების საერთო სიაში. ცნობის მეორე გვერდზე აღნიშნული მონაცემების მიხედვით კ. ჩ-ას მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 24 693 აშშ დოლარს. საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 22.09.09 წ. ¹372/2 ცნობის თანახმად, აწ გარდაცვლილი კ. ჩ-ას მატერიალური ზარალის საკომპენსაციო თანხა 2009 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენდა 24 693 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში.
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 28.01.96წ. ¹197,01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებები, 26.07.96წ. ¹180 განკარგულება, 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 10.10.96წ. ¹196 და 22.09.09წ. ¹372/2 ცნობები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 09.06.11წ. ¹09.06.02 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა განკარგულების მე-4 და მე-8 პუნქტები, რომლითაც მატერიალური ზარალი 8,0 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით იყო განსაზღვრული და ქ. თბილისის მერიას დავალებული ჰქონდა პროგრამის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. ქ. თბილისის მთავრობის 14.06.11წ. ¹15.02.578 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „1991-92წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილება, რომელიც დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულებას შეეხებოდა. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის ის დადგენილებები (მუნიციპალიტეტის კაბინეტის 12.09.96წ. ¹14.04.901, 06.03.97წ. ¹06.03.260, მთავრობის 05.07.01წ. ¹10.12.231 დადგენილებები), რომლებითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი კონტროლის კომისია და დამტკიცდა მისი წესდება, აღნიშნული კომისიის უფლებამონაცვლედ შეიქმნა 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისიის წევრთა მიერ 31.05.11წ. სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა «1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის» მიერ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები. კომისიამ აღნიშნა, რომ 1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობები განისაზღვრა 1992 წლის დეკლარაციებით, სადაც თანხები მანეთებით იყო დაფიქსირებული, რომელთა გადაანგარიშებაც მოგვიანებით აშშ დოლარებში (ეკვივალენტი ლარში) განხორციელდა, ვალუტის გადაანგარიშება მოხდა არა არსებული კურსის შესაბამისად, არამედ გაურკვეველ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, ვალუტის ხსენებული ფორმით გადაანგარიშების მექანიზმი საქმეში მითითებული არ არის. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობების, მათ შორის 10.10.96წ. ¹196 და 22.09.09წ. ¹372/2 ცნობების გაუქმება, რომლებიც თავისი არსით წარმოადგენენ არა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, არამედ მიყენებული ზიანის ოდენობის ამსახველი ინფორმაციული ხასიათის შუალედურ აქტებს, ქმნის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის დადგენის საჭიროებას. რაც შეეხება დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 და ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებებს, აღნიშნული აქტები და საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც სახელმწიფომ აღიარა დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება, არ გაუქმებულა და სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა აქვთ. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ისე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. ამდენად, არსებობს ვალდებულების დამდგენი ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელე _ ვ. ჩ-ას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1996 წელს, რა დროსაც, მითითებული ნორმატიული აქტებით, მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ამასთანავე სადღეისოდ დადგენას საჭიროებს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობების გაუქმება, რომლებშიც მითითებული იყო მიყენებული ზიანის მოცულობა, ვერ მიიჩნევა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი მტკიცებულებებისა და ინფორმაციის წარმოსადგენად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად საკასაციო პალატა მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით გაუქმებული 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების კონტროლის კომისიის უფლებამონაცვლის ჩაბმისა და სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში ჩართული უფლებამონაცვლისაგან ახლადშექმნილი 1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისიისაგან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების _ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების თანხის ოდენობის დადგენის მიზნით საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.10წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.