¹ბს-970-943(2კ-10) 20 ივლისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები –ქ. თბილისის მერია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე –ვ. კ-ი;
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინება;
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 14 ივლისს, ვ. კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების- ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად 78 899 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს _ ქ. თბილისის მერიას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ თანხის _ 78 899 (სამოცდათვრამეტი ათას რვაასოთხმოცდაცხრამეტი) ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელე _ ვ. კ-ის სასარგებლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: მოსარჩელე ვ. კ-ი წარმოადგენს ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირს; 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2009 წლის 05 ივნისის ¹349/1 ცნობის თანახმად, ვ. კ-ის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი ზარალის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 78 899,00 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტ ლარს.
სასამართლომ მიუთითა «ქ.თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულებაზე, რომლის მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროთა დასკვნების საფუძველზე, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 8,0 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა.
,,ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წ. 31 მაისის ¹336 დადგენილებით, ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა_მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1996 წ. ¹197 ბრძანებულებით, ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წ. ¹704 ბრძანებულებით, 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ, სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ისე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხეთა ვალდებულების დამდგენი ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელეს, მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1996 წელს, რა დროსაც, მითითებული ნორმატიული აქტებით, მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ. ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1996 წ. ¹197 ბრძანებულების მე-2 პუნქტით, სამთავრობო კომისიას ასევე დაევალა, დაზარალებულთა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით პროგრამის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
სასამართლომ განმარტა, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად, დაზარალდა მოქალაქე ვ. კ-ი, რომელიც ცნობილი იქნა 1991-92 წლების თბილისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირად და რომლისადმი მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 88 234 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში, საიდანაც, 1992 წლის იანვრიდან 2003 წლის 29 სექტემბრამდე დროის შუალედში, მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახით ანაზღაურებული იქნა 9 335 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა, ხოლო ასანაზღაურებელი დარჩა 78 899 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა.
სასამართლომ, დასახელებული სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც ქ. თბილისის მერიას, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. შესაბამისად ქ. თბილისის მერია და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებითYქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
ქ. თბილისის მერიამ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ დავაში სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სასამართლოს ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლებიდან. არ არსებობს კანონი და არც ხელშეკრულება, რომლითაც ქ. თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს დაეკისრებოდა სოლიდარული ვალდებულება. თბილისის მერიამ ყველა დაზარალებულის და მათ შორის მოსარჩელის მიმართაც შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რაც გამოიხატა მათთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ ჩაბარებაში. კასატორის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე და 137-ე მუხლების საფუძველზე ხანდაზმულია, რადგან ვ. კ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა ბოლოს მოხდა 2003 წელს, ხოლო სარჩელი 2009 წელს იქნა აღძრული, რის გამოც მისი მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა ვალდებულება დაზარალებული მოსახლეობის ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარი გაეთვალისწინებინა სახელმწიფოს 1996-97 წლების ბიუჯეტების პროექტებში. «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე მითითებით, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ იქნება პასუხისმგებელი მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე, რადგან სამინისტროს დაევალა არა საკომპენსაციო თანხის გაცემის უზრუნველყოფა, არამედ შესაბამისი წინადადების შემუშავება, მისი პარლამენტში წარდგენის მიზნით. კასატორის აზრით, საკომპენსაციო თანხების გაცემის ვალდებულება იარსებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხა კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, აისახებოდა «საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით შეიქმნა თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია, რომელსაც, ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, დაევალა ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალქეების საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის პროგრამის შემუშავება, ამავე ვადაში მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ეტაპობრივი ანაზღაურების პროგრამის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა. «ქ. თბილისში 1991 წლის დეკემბერ-1992 წლის იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებისა და ,,თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულების საფუძველზე 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებლი სახლების მშენებლობის შესახებ სახელწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერილაური ზიანის ანაზღაურებისა და სახლების მშენებლობაში. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მისი განადგურებული ქონების მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს მიერ 1992 წლის იანვარში გაცემული დეკლარაციისა და 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 1996 წლის 10 ოქტომბრის ¹188 ცნობის თანახმად ვ. კ-ისათვის მიყენებულმა მატარიალურმა ზარალმა (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 88234 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. 1992 წლის იანვრიდან მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახით ანაზღაურებულია 689 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა. მატარიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა 1996 წლის 1 ოქტომბრისათვის შეადგენს 87 545 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. კ-ზე გასაცემი მატერიალური ზარალის ასანაზრაურებელი თანხა პერიოდულად იფარებოდა და დავალიანება 2003 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით შემცირდა. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილესელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2009 წლის 5 ივნისის ¹349/1 ცნობის თანახმად 2009 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით მატერიალური ზარალის საკომპენსაციო თანხამ შეადგინა 78899 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (ტ1.სფ.37).
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებაზე და 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 2009 წლის 5 ივნისის ¹349/1 ცნობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 09.06.11წ. ¹09/06/02 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა განკარგულების მე-4 და მე-8 პუნქტები, რომლითაც მატერიალური ზარალი განსაზღვრული იყო 8,0 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით და ქ. თბილისის მერიას ევალებოდა პროგრამის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მერიის ის დადგენილებები (12.09.96წ. ¹14.04.901, 06.03.97წ. ¹06.03.260, 05.07.01წ. ¹10.12.231), რომლებითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი კონტროლის კომისია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული კომისიის უფლებამონაცვლის სახით შეიქმნა 1991/92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისიის წევრთა მიერ 31.05.11წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა «1991/92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის» მიერ მოქალაქეთათვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები. ამასთანავე, ქ. თბილისის მთავრობის 14.06.11წ. ¹15.02.578 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა «1991-92წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე ,,ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილება, ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა_მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 და ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულება, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც სახელმწიფომ აღიარა დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება, არ გაუქმებულა და შესაბამისად არ დაუკარგავს იურიდიული ძალა. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ისე ფინანსთა სამინისტროს, თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. ამდენად, არსებობს მოპასუხეთა ვალდებულების დამდგენი ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელეებს, მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1996 წელს, რა დროსაც, მითითებული ნორმატიული აქტებით, მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, მიუხედავად მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველის არსებობისა, სადღეისოდ დადგენას საჭიროებს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბელიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობების გაუქმება, რომლებშიც მითითებული იყო მიყენებული ზიანის მოცულობა, საკასაციო სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას დაადგინოს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის მე-4 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი მტკიცებულებებისა და ინფორმაციის წარმოსადგენად დავის საგნის ოდენობის განსაზღვრისათვის, ხოლო საკასაციო პალატა საპროცესო კანონმდებლობის თანახმად მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მთავრობის 30.05.11წ. ¹13.07.506 დადგენილებით გაუქმებული 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების კონტროლის კომისიის უფლებამონაცვლის ჩაბმისა და ჩართული უფლებამონაცვლისაგან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების _ დაზარალებული მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების თანხის ოდენობის დადგენის მიზნით საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.