Facebook Twitter

¹ბს-971-964(კ-11) 26 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე თ. გ-შვილის სარჩელისა გამო შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის – 1998 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის თვეების, 1999 წლის ნოემბრის, დეკემბრის თვეების, 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებისა და 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების, სულ – 1185,35 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ასევე მოითხოვა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2010 წლის 21 დეკემბრის ¹884642, შსს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს 2011 წლის 13 იანბრის ¹42404 და შს სამინისტროს 2011 წლის 31 იანვრის ¹15627 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-11).

მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოპასუხედ მიუთითა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო და მოითხოვა მხოლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ 20).

შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ შესაგებლით სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 27-34).

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით თ. გ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს თ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის – 1185 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 43-46).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება 1998, 1999, 2000 წლების გარკვეული თვეების კვების (ულუფის) კომპენსაცის 708 ლარისა და წელთა ნამსახურობის დანამატის 77,74 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 50-59).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ტ.2; ს.ფ. 16-19).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის 1998, 1999, 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის – 708 ლარისა და წელთა ნამსახურობის დანამატის 77,74 ლარის დაკისრების ნაწილში, დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 94-103).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 107-108).

შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, შემდეგი მოტივაციით:

კასატორის განმარტებით, კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა. ამდენად, პოლიციის თანამშრომელი სამსახურის პერიოდში ,,პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის – ულუფის სახით და წელთანამსახურობის დანამატს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლით რეგლამენტირებულია (2005 წლამდე გათავისუფლებულ) საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ კასატორის მოსაზრებით, იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან – კვების (ულუფის) კომპენსაციისაგან და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების (ულუფის) კომპენსაციის და წელთანამსხურობის დანამატის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა (იხ. ს.ფ. 113-14).

მოწინააღმდგე მხარემ – თ. გ-შვილმა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მისი დაუშველად ცნობა, ვინაიდან, იგი არ აკმაყოფილებს ასკ-ის 34.3 მუხლის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 116)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1659-1613(კ-08) საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრისა გამო ამირან ამირანაშვილის მიმართ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.